შოკოლადის

შოკოლადის "მწარე" ფასები. მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა.

პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირების პარალელურად, მომხმარებელი შენიშნავდა, რომ სასურსათო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონდიტრო ნაწარმის, განსაკუთრებით კი შოკოლადის ფასი. 

სხვა ნედლეულის გაძვირებასთან ერთად, შოკოლადის ნაწარმზე ფასების ზრდას, მსოფლიო ბაზრებზე კაკაოს მარცვლის გაზრდილმა ფასმაც შეუწყო ხელი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კაკაოს მარცვლის ფასი ორჯერ და მეტად გაიზარდა. მაგალითად, 2006 წლის აპრილში ლონდონის ფიუჩერსების ბირჟაზე ერთი ტონა კაკაოს მარცვლები 896 გირვანქა სტერლინგი ღირდა, გასულ კვირას კი ფასმა ტონაზე 2000 გირვანქა შეადგინა. კაკაოს მარცვლების ყველზე დიდი იმპორტიორი მსოფლიოში კოტ დ’იუვუარია. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი გახდა კაკაოს მარცვალზე ფასების მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი. 

კაკაოს მარცვლები შოკოლადის წარმოებაში ძირითადი ნედლეულია, ამიტომ მისი ფასი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის ფასს. მსოფლიოს საკონდიტრო გიგანტები არ ჩქარობენ და ცდილობენ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე საცალო ფასები შეძლებისდაგვარად "დაიჭირონ", რათა მომხმარებელი არ დაკარგონ. მაგალითად, ამერიკულმა კომპანია Hershey's-მა, გასული წლის განმავლობაში ფასები თავის პროდუქციაზე მხოლოდ 10%-ით გაზარდა. შვეიცარიულმა Nestle-მ შეძლო, ფასების ზრდა 1,6%-მდე დაეყვანა. ბრიტანული Cadbury კი, წარმოებაში ეკონომიის პროგრამას ავითარებს, რაც საშუალებას აძლევს, საცალო ფასების ზრდისგან საერთოდ თავი შეიკავოს.

ასეთი პოლიტიკით შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები რეალიზაციის მოცულობის შენარჩუნებას ახერხებენ. გარდა ამისა, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით დგინდება, რომ კრიზისის მიუხედავად, მომხმარებელი ხშირად უარს ვერ ამბობს ამ ნუგბარით პირის ჩატკბარუნებაზე, ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში შოკოლადის სეზონური გაყიდვები 13%-ით გაიზრდება. ამის გამო, ანალიტიკოსები მომავალში არც ფასების ზრდას გამორიცხავენ.

პაატა კოღუაშვილი (ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში): "კოტ დ’იუვუარის მოქმედმა ხელისუფლებამ ემბარგო დაადო კაკაოს მარცვლებისა და ყავის მოსავალს, ამ პროდუქციის ნაციონალიზაცია გამოაცხადა და ქვეყნიდან მისი ექსპორტი აკრძალა. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მეამბოხეებისთვის სწორედ კაკაოს მარცვლებისა და ყავის მოსავლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური წყარო.

ამჟამად კოტ დ’იუვუარში დასაწყობებულია თითქმის 1,5 მილიონი ტონა კაკაოს მარცვლები და ყავა. ამან, რა თქმა უნდა, ამ პროდუქციის ფასებზეც იმოქმედა და ასეთი დიდი ზრდა ფასებისა, როგორიც ახლა დაფიქსირდა, ჯერ არ ყოფილა. ბოლო მონაცემებით, ტონა კაკაოს მარცვლის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე 2400 ევროსაც კი მიაღწია. ამას დაერთო ისიც, რომ კოტ დ’იუვუარში, რომელიც ყველაზე დიდი მწარმოებელია, კაკაოს მარცვლების მოსავალი საკმაოდ დაბალი იყო და დაძაბულობის გამო სათანადოდაც ვერ მოიწიეს. მიზეზთა შორის სახელდება ისიც, რომ ნედლეულის გაძვირება შესაბამისად იმოქმედებს საკონდიტრო ნაწარმის ფასზე.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მკვეთრი ზრდა, როგორიც ახლაა, კაკაოს მარცვლებსა და ყავაზე არ მომხდარა. ერთადერთი, რაც მწარმოებლებს მზა პროდუქციის საცალო ფასების მკვეთრი ზრდისგან გადაარჩენს, ის იქნება, თუ მკვეთრად გაიზრდება მოთხოვნა შოკოლადის ნაწარმზე და წარმოების ხარჯზე შეძლებენ ფასების დარეგულირებას.

სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო დროს ფასები თავის პროდუქციაზე კომპანია "ბარამბომაც" მნიშვნელოვნად, დაახლოებით 20-30%-ით გაზარდა. მთელი ნედლეული, რომელსაც ადგილობრივი კომპანია პროდუქტის წარმოებისთვის იყენებს, იმპორტით შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, შესაბამისად, ფასების ზრდას ვერც ისინი აცდებოდნენ. კაკაოს მარცვლებზე ფასების ზრდის გამო საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებლები უფრო მასობრივად დაიწყებენ ნედლეულის სახით სოიოს მარცვლების გამოყენებას.

მსოფლიოში ფასები სურსათზე კიდევ გაიზრდება, ეს გარდაუვალია. იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ტენდენცია უახლოეს წლებში დასრულდება. სურსათზე ფასების ზრდა პიკს 2015 წლისთვის მიაღწევს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ამგვარი ვითარებით ყველა ქვეყნის ფერმერი და სურსათის მწარმოებელი დარჩება მოგებული. უკეთეს პირობებში აღმოჩნდებიან ისევ განვითარებული ქვეყნების ფერმერები და არა ჩვენისთანა ქვეყნის გლეხები, რომლის ხელისუფლებას პრაქტიკულად სოფლის მეურნეობის არც პროგრამა, არც სტრატეგია და არც კონცეფცია არ გააჩნია".