საქართველოში მედიკამენტების გაძვირება კვლავ გრძელდება. ექიმები ადასტურებენ, რომ პაციენტები წამლებს ვეღარ ყიდულობენ. აქედან გამოსავალი კი მხოლოდ ჯენერიკ მედიკამენტებია, რომლის მიმართ ბოლო დროს ბევრი კითხვა და ეჭვი გაჩნდა საზოგადოებაში.
„იმედის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგი ირინა ქოროღლიშვილი ადასტურებს, რომ წამალზე ფასი თითქმის გაორმაგდა, რაც სრულიად მიუღებელია.
„შეიძლება ითქვას, რომ წამალზე ფასი გაორმაგდა. მოგეხსენებათ, პაციენტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს მედიკამენტოზური მკურნალობა. თუ პროცესი ასე გაგრძელდება, პაციენტების დიდი ნაწილი ვეღარ შეძლებს მკურნალობის კურსის გავლას და ექიმის მიერ გაწეული ძალისხმევა იქნება სრულიად უშედეგო. საკითხი აუცილებლად დასარეგულირებელია სახელმწიფოს მიერ“, - აცხადებს ქოროღლიშვილი.
შექმნილ ვითარებაში გამოსავალია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებასთან და ქვეყანაში ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება. ასეთ ვითარებაში ექიმების უმრავლესობა უარს იტყვის ძვირადღირებულ ბრენდულ მედიკამენტებზე და პაციენტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გამოუწერს ხარისხიან დაბალი ფასის მქონე ჯენერიკ მედიკამენტს.
ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მედეა აბრამია აცხადებს, რომ ჯენერიკები აუცილებელია იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს წარმატებულად განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის დანერგვა:
„მივესალმები, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას საკუთარ თავზე აიღებს. საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ადამიანს უნდა შეეძლოს საუკეთესო ხარისხის მედიკამენტით მკურნალობა. თუკი სახელმწიფო ამას თავის თავზე აიღებს, ეყოლება ჯანმრთელი საზოგადოება.
ჯენერიკებს მთელი მსოფლიო მოიხმარს. ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სადაც ჯენერიკ მედიკამენტების შემოწმება მაღალ დონეზე განხორციელდება. თუ ქვეყენაში იქნება ლაბორატორია, რომელსაც ვენდობი და წამლის შემოწმებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს არაეფექტიანი წამლის მოხმარებას“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას მედეა აბრამია.
ჯენერიკულ მედიკამენტების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზურა ფუტკარაძეც ამახვილებს ყურადღებას:
„ჯენერიკ მედიკამენტის შემადგენლობა ორიგინალი პრეპარატის იდენტურია. წამლის შექმნისას ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯება. რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მედიკამენტის წარმოების უფლება, მწარმოებლის გარდა, სხვა ფარმაცევტულ კომპანიას არ გააჩნია. პატენტის ვადის გასვლის შემდეგ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია იგივე შემადგენლობის პრეპარატის წარმოება და ამას ჰქვია უკვე ჯენერიკი. ჯენერიკი სახელწოდება შეცვლილი ეფექტური და სანდო მედიკამენტია“, - ამბობს ფუტკარაძე.
იგი მწარმოებელ ქვეყანას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა ხარისხის კონტროლის გამაკაცრების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ჯენერიკი ცუდია - ეს გამორიცხულია. ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს ნებისმიერი ფარმა კომპანიის მიერ გამოშვებული მედიკამენტი ყველა ქვეყანაში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე“, - აღნიშნა ფუტკარაძემ.