უკვე მომზადებული ანტიდემპინგური კანონპროექტი უახლოეს მომავალში ასოციაციებს მიეწოდება, რათა ამ თემაზე მსჯელობა დაიწყონ. ხელისფლება ძალიან ჩქარობს. ახალი კანონის პარლამეტში შეტანა და დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე უნდა მოესწროს, რათა 2016 წლიდან ამოქმედდეს კიდეც.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად სჭირდება.
„მინდა დავარწმუნო ყველა იმპორტიორი, რომ იმპორტი ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ეკონომიკისა. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ფასების სტაბილიაზაცია, პროდუქციის და მომსახურების მოწოდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამ კანონს ვიღებთ მხოლოდ იმისთვის, რომ გვქონდეს ყველა შესაბამისი კანონმდებლობა, რაც გვჭირდება და არა იმისთვის, რომ გამოვიყენოთ რაიმე სხვა მიზნებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული რაც კვლევა აჩვენებს, რომ ადგილი აქვს დემპინგურ ფასს.
ანტიდემპინგური კანონი იმპორტიორებს უკრძალავს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კომპანიების ჩაძირვაა.
კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 2014 წლის იანვარში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. ვიცე-პრემიერი აცხადებდა, რომ კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი ყოფილიყო.
კანონპროექტმა უკვე გამოიწვია ბევრი მითქმა-მოთქმა და მისი პარლამენტში წარდგენის მომენტში პოლემიკა კიდევ უფრო გამძაფრდება.
მაინც რატომ არის აუცილებელი ამ კანონის მიღება?
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონიმისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ ქვეყანა, რომელიც არ აწარმოებს პროდუქციას და მომსახურებას, არ გააჩნია კონკურენტული უპირატესობა ცალკეულ დარგებში და არის დამოკიდებული იმპორტზე, შესაბამისად მისი ეკონომიკის იმუნიტეტიც სუსტი იქნება საგარეო შოკის მიმართ, ადვილად მოექცევა რეგიონში არსებული კრიზისის ზეგავლენის ქვეშ და ასევე ადვილად სამართავი ხდება სხვადასხვა ჰეგემონი სახელმწიფოების მხრიდან.
„სწორედ ამიტომ, დროა, მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგას ადგილობრივი წარმოების გამოსაცოცხლებლად, რაც, პირველ რიგში, საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებით უნდა დაიწყოს. ამ კუთხით ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება დაგვიანებულიც კია. სამწუხაროდ, ჩვენ სათანადო პრობლემად არ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსი დაახლოებით 20%-80%–ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების სტიმულირების კუთხით, იყო ცალსახად უარყოფითი.
ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა ბიზნესისთვის ის გარემო, რაც სამართლიან წესებს დაამკვიდრებდა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფდა. დღეს ამ პრობლემის გადაჭრა გრძელვადიან პერიოდში უნდა განვჭვრიტოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ცალკეული სამთავრობო პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა ვიზრუნოთ კანონმდებლობის მოწესრიგებაზე, მათ შორის, ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე. იგი კი არ უკარნახებს ბაზარს ფასების დაწესებას, არამედ სამართლიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების საფუძველი იქნება“, - აცხადებს გულბანი.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის მოსაზრებით, სჯობს, სახელმწიფომ დროულად იზრუნოს წარმოების განვითარებაზე და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის გაზრდაზე.
„ერთჯერად აქტად თუ განვიხილავთ ყიდვა-გაყიდვის ფაქტს, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს, მომხმარებელმა იაფად იყიდოს პროდუქცია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმოება ეს არის კვლავწარმოებითი, განმეორებადი პროცესი და ჩვენ მარტო ერთჯერადი აქციით არ გვინდა მომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილება, მაშინ განსხვავებულ სურათს მივიღებთ. ჩვენი სურვილია, კონკრეტულმა მომხმარებელმა დამატებითი შემოსავლის მიღება შეძლოს, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ამ სამუშაო ადგილიდან მიღებული შემოსავლით მომხმარებელი მაღალგადახდისუნარიანი იყოს. ჩვენ სტრატეგიად რომ ავიღოთ დაბალი ფასები, ეს არის გზა ჩიხისაკენ, რომლისგანაც გამოსასვლელი არ არის. ამიტომ სჯობს, გვქონდეს მაღალი ფასები, მაგრამ მოსახლეობას ჰქონდეს კიდევ უფრო მაღალი შემოსავალი, რომ თავისი მაღალი შემოსავლით ვერ იგრძნოს ბაზარზე არსებული მაღალი ფასები“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
წესით და რიგით ანტიდემპინგური კანონპრექტის პარლამენტში შეტანა, განხილვა და მისი დამტკიცება წლის ბოლომდე უნდა მოესწროს.