მაისში დევნილებზე ახალი, მასობრივი შეტევა იგეგმება

მაისში დევნილებზე ახალი, მასობრივი შეტევა იგეგმება

მაისმა კარი უკვე შემოაღო, მაგრამ იგი დევნილებისათვის სიხარულის მომტანი ნამდვილად ვერ იქნება. თუკი სხვები ვარდობისთვის დადგომას მოუთმენლად ელიან, დევნილები მის მოახლოებას შიშით შესცქერიან. საქმე ისაა, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაისში დევნილთა მორიგი და კიდევ უფრო მასშტაბური გამოსახლებაა დაგეგმილი.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ცნობით, მორიგი განსახლების პროცესი სტარტს მაისიდან აიღებს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი ციკოლია აცხადებს, სუბელიანის უწყება დევნილებს 180 ობიექტიდან გამოასახლებს. გამოდის, რომ ეს უფრო მასშტაბური შეტევა იქნება დევნილთა წინააღმდეგ, ვიდრე იანვარ-თებერვალში ხორციელდებოდა.

“საპროტესტო აქციები რომ იგეგმება, ამიტომაც დუმს სამინისტრო და არაფერს არ ამბობს იმის შესახებ, იქნება თუ არა დიდი გამოსახლების მორიგი სერია. მაგრამ გამოსასახლებელი ობიექტების სია არსებობს, მით უმეტეს, რომ დაკანონების პროცესი ისევ შეჩერებულია”, - აცხადებს ირაკლი ციკოლია.

იგი რამდენიმე გამოსასახლებელ ობიექტს უკვე ასახელებს: ვარკეთილის მეორე მიკრო-რაონში 204-ე ბაგა-ბაღი, ე.წ. აგურის სახლები ვარკეთილში, ნუცუბიძის მეოთხე მიკროში მე-8 კორპუსი, გახოკიძის N8...

ხალხის პარტიის ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე, რომელიც დევნილთა მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას ესწრებოდა, ადასტურებს, რომ მაისიდან დევნილთა გასახლება მართლაც იგეგმება და არა მხოლოდ დედაქალაქში.

“გორის რამდენიმე ჩასახლებაში მყოფ დევნილებს მაისის თვეში ემუქრებიან გამოსახლებით. საუბარია გორის საბავშვო ბაღებზე, ასევე სკრაზე და გორთან ახლომდებარე სხვა სოფლებზეც. რაც შეეხება თბილისს, ჩვენი ვარაუდით, თბილისს დევნილებისგან მაისში დაცლიან, რადგან ხელისუფლების გეგმაა - “უცხოელების წინაშე ვალდებულება ბოლომდე შეასრულოს” და დედაქალაქში არ დარჩეს არცერთი დევნილი”, - აცხადებს შალამბერიძე.

დღესდღეობით თბილისში 300-ზე მეტი ობიექტია დევნილთათვის დაუკანონებელი. სწორედ ეს აძლევს კონსერვატორ ლაშა ჩხარტიშვილს იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესს გაგრძელება აუცილებლად ექნება.

“ფაქტია, რომ თბილისში არსებული დევნილთა ჩასახლებებიდან 300-ზე მეტი ობიექტი დაუკანონებელია. შესაბამისად, ამ ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილი გამოსახლების რისკის ქვეშ არის. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ფართს არ უკანონებენ, გამოდის, რომ მათ თბილისის გარეთ გაასახლებენ. დამერწმუნეთი, ეს მართლაც რეალური საფუძველია.

დევნილები უნდა გააქტიურდნენ იმისთვის, რომ საკუთარი უფლებების დაცვას, საცხოვრისის დაკანონებას მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დევნილთა გამოსახლების მესამე სერია გარდაუვალია. გამოსახლებისას კი მათ ელით კომპენსაციისა და რეალური, ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენა”, - ამბობს ჩხარტიშვილი.