ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, ხადური შესრულების პირობას დებს

ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა, ხადური შესრულების პირობას დებს

მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია. მთავრობა მიღებული გადაწყვეტილებით თავს იწონებს, ოპოზიცია კრიტიკას აგრძელებს, უმრავლესობა კი ამჯერად მთავრობას ეთანხმება.

„2016 წლის ბიუჯეტმა, ეკონომიკის განვითარების შედეგად, 10 მილიარდს გადააჭარბა. მომავალ წელს 8 მილიარდი ლარის გადასახადი იქნება მობილიზებული. ეს მიმდინარე წელზე ნახევარი მილიარდით მეტია და წინასწარ პროგნოზს 200 მილიონით აღემატება. ჩვენ შევეცადეთ ბიუჯეტი მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელმა 330 მილიონი ლარით - 8,555 მილიარ დოლარამდე მოიმატა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 200 მილიონი ლარით გაიზარდა და 7,980 მილიარდ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23,3%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ გაისად პენსია 20 ლარით იზრდება. ამისთვის საპენსიო ფონდს 90 მილიონი ლარი დაემატა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ პენსია გაიზარდა იმ მოცულობით, რისი შესაძლებლობაც აღნიშნულ ბიუჯეტს გააჩნდა და ეს გადაწყვეტილება პიარად არ უნდა ჩაითვალოს.

„ქვეყანაში იქნება პენსიის მორიგი მატება, რაც პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო. ეს საარჩევნო კამპანიად არ უნდა იყოს აღქმული. სურვილი უნდა იყოს თანხვედრაში იმ შესაძლებლობასთან, რაც ქვეყანას აქვს. სწორედ ამის გამო გაიზარდა პენსია 20 ლარით“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

პარალელურად, მთავრობამ სოფლის მეურნეობის ბიუჯეტიც 40 მილიონი ლარით გაზარდა და უფასო ხვნა-თესვის პროგრამა 2016 წლის ბოლომდე გააგრძელა. 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯიც, რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯის მატებით. წლევანდელი 470 მილიონი ლარის ნაცვლად, გაისად სახელმწიფო დაზღვევას 570 მლნ ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს იგივე და რჩება - 950,0 მლნ ლარი, აქედან ყველაზე დიდი თანხა - 526.6 მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურისთვისაა გამიზნული.

„როდესაც ჩვენ 2016 წლის ბიუჯეტზე ვმუშაობდით, ვითვალისწინებდით იმ რეალობას, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია საქართველოს ეკონომიკაში. ამავე დროს, ვითვალისწინებდით იმ რეალობას, რომელიც არის საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებთან, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში. პროგნოზი საკმაოდ კონსერვატულია. ჩვენ შევეცადეთ, რომ ბიუჯეტი მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო. გაისად ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყველა ხარჯი შესრულებული იქნება. საქართველოს მოსახლეობა, შესაბამისი კატეგორია მიიღებს ყველა იმ დანაპირებს, რომელიც მათ საქართველოს მთავრობამ მისცა.

ვიდრე შესაბამისი რესურსი არ გამოვძებნეთ, განცხადებები არ გაგვიკეთებია. როცა რესურსი გაჩნდა, გადაწყვეტილება მივიღეთ - პენსიები 180 ლარამდე გაიზრდება, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარს მიაღწევს და ყველა სოციალური და არა მხოლოდ სოციალური ხარჯი შესრულდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეკონომიკური ზრდა 2% იქნებოდა, მაგრამ 10 თვის საშუალო მაჩვენებელი უკვე 2,8 %-ია. მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ 3%-იანი ზრდა გვექნება“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

პარლამენტმა ბიუჯეტი 28 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე გამოაცხადა, რომ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.