2016 წლის არჩევნების ორი სკანდალური სცენარი

2016 წლის არჩევნების ორი სკანდალური სცენარი

ვინ ჩაანაცვლა პაატა ბურჭულაძემ ქართულ პოლიტიკაში და რა შემთხვევაში ითანამშრომლებს მსოფლიო ბანი ბიძინა ივანიშვილთან
ახალი ძალის გამოჩენა ყოველთვის ახალ იმედებს და მოლოდინს უკავშირდება. თუ ამ ახალ ძალად, ამჯერად, პაატა ბურჭულაძეს მოვიაზრებთ, იგი გარდამტეხ როლს 2016 წლის არჩევნებში, ნებისმიერ შემთხვევაშიც შეასრულებს - შექმნის თუ არა პარტიას და იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი. ეს სწორედ ის სქემაა, რომლითაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა. რას და ვის შეცვლის ბურჭულაძის ფაქტორი, როგორ გადალაგდება სახელისუფლო თუ ოპოზიციური სპექტრი და ვინ იქნება ,,ქართული ოცნების'' მემკვიდრე - ამ თემებზე, ,,ვერსიასთან'', ექსპერტი გია ხუხაშვილი მსჯელობს.
- იმის მიუხედავად, გარდაიქმნება თუ არა პაატა ბურჭულაძის ფონდი პარტიად, ის უკვე პოლიტიკაშია. ეს სპეციფიკური რეალობაა, მაგრამ ასეა - არც ბიძინა ივანიშვილია პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული, მაგრამ საზოგადოებრივი მოძრაობებით, ,,20/30''-ისა და თუნდაც ,,მოქალაქის'' მეშვეობით, გავლენას მთელს პოლიტიკურ პროცესზე ახდენს და ამას არც უარყოფს. ბურჭულაძის ამ ფონდს კი, გარკვეულწილად, ამბიცია აქვს, ,,მოქალაქესთან'' კონკურენციაში შევიდეს. საუბარია ივანიშვილისა და ბურჭულაძის პიროვნულ კონკურენციაზე, რადგან ორივე მათგანის გაცხადებული მიზნები, თუნდაც სამოქალაქო სექტორიდან, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს უკვე პოლიტიკაა, იმისგან დამოუკიდებლად, შექმნის თუ არა ბურჭულაძე პარტიას. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის ფაქტორს: ახლა საქართველოს პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს. ამომრჩევლები პოლიტიკოსებისგან დისტანცირებულნი არიან, მათ უდიდეს ნაწილს, მოქმედ სპექტრში, არავინ მოსწონს, რასაც ყველა კვლევა აჩვენებს. ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალი ძალების გამოჩენისთვის. ფაქტობრივად, დღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდია და მისი ამღები არავინაა. იმ ადამიანთა შორის, ვისაც სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენის ამბიცია აქვს, ბურჭულაძეს ყველაზე სერიოზული პერსპექტივა გააჩნია, მისი ინდივიდუალური რეიტინგიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე. 
- მთელი ეს შეფასება იმაზე ავაგეთ, რომ პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის კონკურენტია. თუ გავიხსენებთ, რომ 4 წლის წინ ითქვა, ივანიშვილი ვიღაც ლიდერს ნიადაგს უსუფთავებსო, რატომ არ შეიძლება, ,,ახალი ბიძინა'' სწორედ პაატა ბურჭულაძე იყოს და ამ ხელისუფლების კონკურენტი კი არა, მემკვიდრე აღმოჩნდეს? 
- არაფერს გამოვრიცხავ. პირიქით, მეტსაც გეტყვით - შესაძლოა, არავითარი გარიგება და შეთანხმებული მოქმედების სქემა არ არსებობდეს, მაგრამ ბურჭულაძისა და ივანიშვილის ძალების რაღაც ფორმით გაერთიანება თავად რეალობამ მოიტანოს. არ არის გამორიცხული, პროცესმა თავად უბიძგოს ,,ოცნებას'' ბურჭულაძესთან კოორდინაციისკენ. სულ ორი ვარიანტი არსებობს: 
ან ,,ოცნებასა'' და ბურჭულაძეს შორის უკვე არსებობს შეთანხმება, რაც ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა. ბურჭულაძის განაცხადში ჯერ მხოლოდ ის იკითხება, რომ მისი და ,,ოცნების'' სეგმენტი ერთი და იგივეა და ისინი კონკურენტები არიან; მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ შესაძლოა, შეთანხმება არჩევნების შემდეგ შედგეს და პოსტსაარჩევნო კოალიცია გახდეს საჭირო. მეორე ვარიანტი იმაზეა დამოკიდებული, აიღებს თუ არა ივანიშვილი უმრავლესობას. დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ, ასეთი გარიგება არ იგეგმება. 
- არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ლევან ვასაძის პაატა ბურჭულაძით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თუკი აქამდე ვასაძეც იყო გარკვეული ფაქტორი, რომელიც რუსეთს უნდა გაეაქტიურებინა, მისი პერსონა გაცილებით რეიტინგული და მისაღები ბურჭულაძით ხომ არ შეიცვალა? 
- საკითხს ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, ბუნებრივია, ბურჭულაძე ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ვასაძე. ვასაძეს ბევრ საკითხზე ცალსახა, რადიკალური პოზიცია ჰქონდა და მისი დიაპაზონიც გაცილებით შეზღუდული იყო. გარდა ამისა, ძალიან მყარი იყო მისი ბმა რუსეთთან. ამ მხრივ, ბურჭულაძის დიაპაზონი ბევრად ფართოა, ხოლო მისთვის პრორუსულობის დაბრალება არცთუ მარტივი ამოცანაა. ამ მიმართულებით მის მიმართაც იქნება შემოტევები, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ დაამტკიცებენ. სხვათა შორის, ბურჭულაძემ ეს საფრთხეც გაითვალისწინა და თავის გარშემო ე.წ. ბუფერული ბეგრაუნდი კონკრეტული ადამიანების შემოკრებით. მისი მხრიდან ეს დაახლოებით იგივე ტექნოლოგიური სვლაა, რაც, თავის დროზე, ივანიშვილმა გააკეთა, როცა კოალიციაში თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს დაუძახა. 
- პოლიტიკური ოპონენტები, როგორც წესი, პროდასავლური იმიჯის გამო წინწამოწეულ ასეთ ძალებს, ,,ლეღვის ფოთლებს'' უწოდებენ. როგორ ფიქრობთ, ეს ის შემთხვევაა? 
- სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს პარტიები ლეღვის ფოთლები იყვნენ და ყველაფერი ,,ქართული ოცნების'' შენიღბვის მიზნით გაკეთდა. 2012 წელს ჩვენ ნამდვილად არ ვაყალიბებდით პრორუსულ ძალას, უბრალოდ, ეს იყო კონტრზომები და პრევენცია მოსალოდნელი პროპაგანდის წინააღმდეგ. არც ის მგონია, რომ პაატა ბურჭულაძე პრორუსია, მაგრამ როგორც წესი, ახალ პოლიტიკურ ფიგურებს სწორედ მსგავსი განცხადებებით უტევენ ხოლმე. ძალიანაც ლოგიკურია, ასეთ დროს ადამიანმა ზომებს მიმართოს და თავი ამ პოლიტტექნოლოგიით დაიცვას. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ბურჭულაძის გარშემო თავმოყრილი ადამიანები ,,ლეღვის ფოთლები'' არიან. 
- მეორეა, რამდენად იქნებიან ისინი სიაში. თუ ეს ხალხი მხოლოდ ბუფერს ქმნის პროდასავლური იმიჯისთვის და შემდეგ, საარჩევნო სიაში ვერ ვიხილავთ, ამაში იგულისხმება ,,ლეღვის ფოთლობაც''. 
- თუ ბურჭულაძის ფონდი პარტიად ჩამოყალიბდა, მასში პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობა იმის მიუხედავადაც გაჩნდება, იქნებიან თუ არა სიაში ეს ადამიანები. წინა პლანზე ახალი ხალხის წამოწევის საჭიროება უკვე ჩანს. რბილად რომ ვთქვათ, დღევანდელი შემადგენლობა არასაკმარისია სერიოზული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. შესაბამისად, მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს. 
- და ვინ იქნებიან ის ,,ახალი სახეები'', ვინც ბურჭულაძემ უნდა წამოწიოს: ალასანიას, რომელსაც უკვე ესაუბრა, ინაშვილი, ბურჯანაძე, ნათელაშვილი თუ სხვები? 
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემაა ასევე, კოალიციური განვითარება და სხვა პარტიებთან გაერთიანებაც. დღევანდელი გადმოსახედიდან, ისეთი ძალები არ არიან, რომელიც ბურჭულაძეს აქტივის სახით შეემატებოდა. იგივე ირაკლი ალასანია მას ელექტორატს საკმაოდ შეუზღუდავს და ბურჭულაძე, მასთან გაერთიანებით, უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავს, ვიდრე შეიძენს. ერთადერთი, რამაც შეიძლება რომელიმე პარტიასთან დაჯგუფება აიძულოს, წმინდა ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საკითხია. მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიული ინფრასტრუქტურის აშენება საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია, დრო კი არც ისე ბევრი. ამიტომ შესაძლოა, ბურჭულაძემ კოალიცია კი არ გააკეთოს, რომელიმე ნომინალური პარტია შეისრუტოს და მისი სტრუქტურები გამოიყენოს. 
- ასე უკვე მოექცა ნინო ბურჯანაძე ქრისტიან-დემოკრატებს, მაგრამ ვინაა დღეს ისეთი, ვისაც პარტიული სტრუქტურა მოწესრიგებული აქვს, მაგრამ მაინც ნომინალური ძალაა? 
- ზუსტად ესაა პრობლემა - საერთოდ არის თუ არა დღევანდელ სპექტრში პარტია, ვისი შესრუტვაც აწყობს ბურჭულაძეს? შესაძლოა, ვიღაცას არ აქვს სტრუქტურები, მაგრამ აქვს მისი შექმნის ორგანიზაციული გამოცდილება და ეს გზა სწრაფად გაიარონ, თუ ბურჭულაძე ამ პარტიების ,,ერთ და ორკაციან'' ამბიციებს დააკმაყოფილებს. ამ სქემაში, ბურჯანაძისა და ქდმ-ს მაგალითზე უკეთ ზურაბ ჟვანია ჯდება, როცა არჩევნებში თავისი პარტიით ვერ შევიდოდა, სხვა ძალა შეისრუტა და ამ ტექნოლოგიამ იმუშავა. 
- მაშინ იმ სქემასაც აქვს არსებობის უფლება, რომ როგორც ძმები გაჩეჩილაძეების პერიოდში, ახლაც შეიკრიბოს გაერთიანებული ოპოზიცია და მათბურჭულაძე ჩაუდგეს სათავეში. ასეთი რამ რეალურია? 
- ასეთი ეკლექტური გაერთიანებები მხოლოდ მაშინ ამართლებს, როცა ყველა, ფასეულობებისა და პლატფორმების მიუხედავად, ერთის წინააღმდეგ ერთიანდება. ამის მაგალითი 2012 წელს ვნახეთ, როცა ,,ოცნება'' გაერთიანდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ,,ოცნებას'' კი დღეს ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ, რეჟიმობის გარდა. მგონია, 
წინასაარჩევნოდ, პარტიები უფრო თემატურად დაჯგუფდებიან და ერთი დიდი გაერთიანება არ შედგება. თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ,,შუა გაიკრიფოს'' და დანარჩენ ოპოზიციას ამ სცენარისკენ თავად უბიძგებს. ეს ძალიან სახიფათო თამაშია - რაც უნდა სუსტი იყოს ოპოზიცია, როცა მთელი პარტიული ელიტა, მემარცხენე-მემარჯვენეებიანად, შენს წინააღმდეგ ერთიანდება, ეს ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. მე უფრო იმ საშიშროებას ვხედავ, რომ ეს პარტიები წინასაარჩევნოდ კი არა, არჩევნების მერე დაჯგუფდებიან. 
- პროცესები, ალბათ, ქუჩაში გაგრძელდება და მას ნაციონალური მოძრაობა ჩაუდგება სათავეში? 
- ასეა, პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს და არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდება. ამიტომ, უფრო პოსტსაარჩევნო კრიზისს ველი, რომელიც არსებული ხელისუფლებისთვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს. ამ მოძრაობას სათავეში ნაციონალები ჩაუდგებიან თუ არა, სხვა საკითხია. მათ იციან, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ მიზნად არჩევნების მოგებას კი არა, ,,ოცნების'' წაგებას ისახავენ. 2016 წლის არჩევნებზე ნაციონალებს ნეგატიური მიზანი აქვთ - ,,ოცნების'' გაშვება სურთ და მერე, შესაძლოა, პარლამენტსშიგნით რაღაც კოალიციებზეც დაიწყონ საუბარი. ამას არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებითა და რევოლუციური პროცესების ინიცირებით შეძლებენ. გამოვრიცხავ, რომ ,,ოცნებას'' გაურიგდნენ, რადგან მათი მიზნები პოლიტიკურ ჩარჩოებში აღარ ეტევა - უკვე პიროვნული ვენდეტა სურთ ივანიშვილზე. თუმცა ნაციონალები, მიზნის მისაღწევად, შესაძლოა, თემატურ თანამშრომლობაზე პატრიოტთა ალიანსთანაც კი წავიდნენ, პოსტსაარჩევნო კრიზისის ფორმატში. 
ვფიქრობ, ეს სცენარი ყველაზე რეალურია. არჩევნებზე დაბალი აქტივობის პირობებში, როცა ხელისუფლება არ მიდის საარჩევნო კანონის ცვლილებაზე და მაჟორიტარებისა და ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით, დიდი ალბათობაა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა მის წინააღმდეგ გაერთიანდეს. მით უმეტეს, ხელისუფლება არჩევნების შედეგების დაწერას ტექნიკურად, პროფესიონალურად ვერ შეძლებს, ამ პროცესებს, ,,რუსთავი 2''-ის გარდა, სხვა არხებიც გააშუქებენ და ამგვარად, შესაძლოა, არჩევნების გაყალბების ძალიან დრამატული სურათი დაიდოს. ამას ის მოყვება, რომ ყველა კონსოლიდირებულად გააპროტესტებს შედეგებს. ბურჭულაძე კი მთელ ამ აპოკალიპტურ სცენარში, ერთადერთ ნათელ წერტილად დარჩება და ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების დიდ ნაწილს მიიზიდავს. მთელ ამ პროცესში, ბურჭულაძე პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ. თუმცა არც ისაა გამორიცხული, პროცესი ისე წავიდეს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული რადიკალიზმისკენ მასაც უბიძგოს. ყველა შემთხვევაში, მთავარი მოთამაშე მაინც ხალხია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არ აქვს და არც ის უნდა დაუშვას, სხვის პოლიტიკურ ინტერესსა და ,,ცხელ თავებს'' ქვეყანა გადაყვეს. სხვა ძალა, ვინც ამ ამოცანას შეასრულებს, უბრალოდ არ არსებობს. 
- არც ბიძინა ივანიშვილი? სხვათა შორის, მან განაცხადა, 2016 წელს არჩევნებში იმაზე აქტიურად ჩავერთვები, ვიდრე 2012-ში ვიყავიო. 
- ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ საქმე არც ისე კარგადაა და მიაჩნია, პროცესებს შემოაბრუნებს. მისი ჩართვის შემთხვევაში, ,,ოცნება'' საგრძნობლად გაძლიერდება, მისი ხელისუფლებიდან გასტუმრების საფრთხე კი შემცირდება. თანაც თუ კოალიციის შიგნით რაღაც პროცესები მიდის, ივანიშვილი მათ კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს და შიგნიდან გაამაგრებს. 
- დღეს რა ამაგრებს კოალიციას, თუ არა პრაგმატული აზრი, რომ ცალ-ცალკე ისინიც ნომინალურები გახდებიან და შეძლებს თუ არა ივანიშვილი ,,ოცნების'' გაცოცხლებას? 
დღეს კოალიციაში პარტიებს საკუთარი უსუსურების გრძნობა აერთიანებთ. პროცესში ივანიშვილის ჩართვა კი მისთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. ჯერ ერთი, ამით გაიზომება, მართლა აქვს თუ არა ,,ჭარბი ნდობა'' და არის თუ არა მისი ფაქტორი არჩევნების ბედის გადამწყვეტი. და მეორე, დღეს მას ბევრი ისეთი რამ ჩრდილში ყოფნის გამო ბრალდება, რაშიც არც მონაწილეობს. ამიტომ თუ ბიძინას ლეგალიზება მოხდება პოლიტიკაში, ყველასთვის კარგი იქნება. 
ივანიშვილს გარკვეული რესურსი ნამდვილად აქვს, ,,ოცნებას'' მიეხმაროს. თუმცა ვფიქრობ, ის კრიტიკული წერტილი, როცა შეეძლო, გადამწყვეტი როლი ეთამაშა, უკვე გავიარეთ. ჩემი აზრით, დღეს იგი საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს.