საქართველოს ხეირი რუსულ-თურქული ეკონომიკური ომისგან

საქართველოს ხეირი რუსულ-თურქული ეკონომიკური ომისგან

რუსეთ-თურქეთს შორის ეკონომიკური ომი დაიწყო. ჩვენს სამხრეთელ მეზობელს მოსკოვისგან ემბარგო არ ასცდება. რუსეთში თურქული პროდუქცია ვეღარ შევა. რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ ყველაფრიდან. კრემლში პირდაპირ ამბობენ, რომ თურქულ პროდუქტს სომხური, ქართული და ირანული ჩაანაცვლებს.

რუსულმა „როსსელხოზნადზორმა“ კბილები უმალ გამოაჩინა და თურქულ ხორცპროდუქტებზე შეზღუდვა უკვე დააწესა. აკრძალვა შეეხება უმსხვილესი თურქული კომპანიის მიერ წარმოებულ ქათმის ხორცს, სადაც, რუსული უწყების მტკიცებით, ლისტერიის ბაქტერია აღმოჩნდა. შეზღუდვა 2015 წლის 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.

ეს გადაწყვეტილება ჯაჭვურად გაგრძელდება და მოსკოვი სხვა თურქული საქონლზეც დააწესებს სანქციებს. როგორც გამოცემა „იზვესტია“ იტყობინება, ემბარგო შეეხება ბოსტნეულს, ხილს, ნიგოზს, ხორცს და ზღვის პროდუქტს, რძესა და რძის ნაწარმს, მათ შორის, ყველსა და ხაჭოს. ამ საქონლის ჩანაცვლებას რუსეთი აპირებს ადგილობრივი წარმოების გაფართოების ხარჯზე და საქართველოდან, სომხეთიდან და ირანიდან პროდუქციის იმპორტის გაზრდით.

„როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი ალექსეი ალექსეენკო ამბობს, რომ რუს მომხმარებელს ბოსტნეულისა და ხილის ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არ ექნება.

„რუსეთს არ აქვს იმდენად ძლიერი დამოკიდებულება მსგავს პროდუქციაზე, ვინაიდან თავად ქვეყანამ გაზარდა მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში. გარდა ამისა, ამ სიახლემ უდავოდ გაახარა ჩვენი მეზობლები: ამიერკავკასიის ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი. ძალზე პოზიტიურად შეხვდა ამას საქართველო და ირანიც მზადაა, მართლაც მაღალი ხარისხის პროდუქცია გაგზავნოს რუსულ ბაზარზე“, - განაცხადა ალექსეენკომ.

მისი თქმით, სომხეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაიკავოს ეს ნიშა და გაზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება უშუალოდ რუსულ ბაზარზე გათვლით.

თურქეთში რუსული სანქციების შესაძლო ზარალი 20 მილიარდ დოლარად შეაფასეს, ეს კი მშპ-ს 3%-ის ტოლი იქნება.

„თურქეთის მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ტურიზმის სფეროში კი - 7 მილიარდი. ორ ქვეყანას შორის კარგადაა განვითარებული ტანსაცმლით ვაჭრობა. თუ რუსეთთან ურთიერთობის კრიზისი გამწვავდა, თურქეთის დანაკარგმა, შესაძლოა, წელიწადში 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, რაც მშპ-ს 3%-ია“, - განაცხადა თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა ჩეთინ ოსმან ბუდაკმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ანტალიის პროვინცია დაკარგავს 6 მილიარდ დოლარს ტურისტულ სექტორში და 500 მილიონს სოფლის მეურნეობაში. ნოვოროსიისკის პორტში ამ ეტაპზე 750 კონტეინერია, რომელიც ანტალიაში მოწეული ხილითა და ბოსტნეულითაა დატვირთული. ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე ვერ ხვდება.

ქალაქის ყოფილი მერის მუსტაფა აქაიდინის განცხადებით, ხელისუფლებას შეუძლია არარეალიზებული ხილი და ბოსტნეული ღარიბებს დაურიგოს. რეგიონის სოფლის მეურნეობის მწარმოებლები მზად არიან რუსეთში ექსპორტი მესამე ქვეყნის გავლით განახორციელონ და გასაღების ახალი ბაზრები ეძებონ.

30 ნოემბერს რუსეთის ვიცეპრემიერმა იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ხილი და ბოსტნეული დაექვემდებარება.

რა მოუტანს საქართველოს რუსეთის მიერ თურქეთისთვის ემბარგოს დაწესება, რომელიც მხოლოდ დროის საკითხია და როგორც კრემლიდან იტყობინებიან, რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. ქართველი პოლიტიკოსები პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ და დიდ სიფრთხილეს იჩენენ.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კი აცხადებს, რუსეთში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით, მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. რუსეთ-თურქეთს შორის გაჩენილი დაძაბულობით არც ერთი ქვეყანა არ არის მოხარული.

„არ მგონია, რომ ამას ვინმემ ხელი შეუწყოს ან უხაროდეს აღნიშნული დაძაბულობა ამ ქვეყნებს შორის. ეს არის ორი ძლიერი ქვეყანა რეგიონში და მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის იყოს კარგი ურთიერთობა. ვფიქრობთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროზე მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. რაც შეეხება საქართველოს, არც ერთი ქვეყნის კეთილდღეობა არ უნდა იყოს აგებული რომელიღაც ქვეყნის გამოწვევებზე. ჩვენ არ გვქონია დამატებით კონსულტაცია რომელიმე ქვეყანასთან გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც ხდება რუსეთსა და თურქეთს შორის“, - განაცხადა დანელიამ.

თურქეთმა ყველაზე დიდი დარტყმა, შესაძლოა, სავალუტო მიმართულებით მიიღოს. ანალიტიკოსები 2016 წელს თურქული ვალუტის რეკორდულ ვარდნას პროგნოზირებენ. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, მომავალი წლის პირველ კვარტალში ლირას კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულ, 3,1 პუნქტამდე დაეშვება.

ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალის“ ანალიტიკოსის როქსანა ხულეას აზრით, თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულმა სიტუაციამ, შესაძლოა, ნეგატიური ეკონომიკური შედეგები გამოიღოს სანქციების გამო, რომლებიც მის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესმა სავაჭრო პარტნიორმა შემოიღო.

სექტემბერში, ლირა დოლართან მიმართებაში 3,07 პუნქტამდე დაეცა, თუმცა 20 ნოემბერს 8%-ით გამყარდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2016 წლის მარტის ბოლომდე ლირას საშუალო კურსი 3,02 პუნქტი იქნება, სექტემბრისთვის კი 3,08 პუნქტს მიაღწევს.