საწვავზე კონტროლი გაისად დაიწყება, მანქანებზე - 2 წლის შემდეგ

საწვავზე კონტროლი გაისად დაიწყება, მანქანებზე - 2 წლის შემდეგ

მომავალი წლიდან ნავთობპროდუქტების ხარისხზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდება. საწვავის ხარისხის კონტროლს ამ დროისთვის არც ერთი უწყება არ ახორციელებს და პროდუქციის შემოწმება თავად ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

2016 წლიდან საწვავის შესაბამისობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურში არსებული დეპარტამენტი განახორციელებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიები 8-დან 10 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გარემოს დაცვის სამინისტრომ მთავრობაში უკვე გადააგზავნა. სამინისტრო საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს შემოიღებს და ავტოგასამართი სადგურების ეკომარკირება გაყიდული საწვავის ხარისხის მიხედვით მოხდება.

„გარემოს დაცვის თანამშრომლები ნავთობგასამართ სადგურებიდან და ნავთობბაზებიდან სინჯებს აიღებენ. სინჯები გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, მიღებული შედეგები კი ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, თუ დარღვევა იქნება, შესაბამისი სანქციები გატარდება, თუმცა მთავარი მიზანი არ არის ბიზნესის შევიწროება, არამედ ის, რომ მოსახლეობას ჰქოდნეს რეალური ინფორმაცია და უკეთესად გაიგოს უფრო ეკოლოგიურად სუფთა საწვავის მოხმარების აუცილებლობა“, - ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2015 წელს 3-ჯერ შემცირდა გოგირდის შემცველობა ბენზინში და „ევრო-4“-ის სტანდარტს გაუთანაბრდა, 2016 წლიდან ბენზოლი და არომატული ნახშირწყალბადები უნდა გაუტოლდეს „ევრო-5“-ის სტანდარტს, 2017 წელს კი გოგირდი კვლავ 5-ჯერ უნდა შემცირდეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „ევრო-5“-ის სტანდარტთან. ასევე, დიზელის საწვავთან დაკავშირებით, 2016 წლიდან 50 ერთეულით უნდა შემცირდეს გოგირდის შემცველობა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ კონტროლის ამოქმედების და ხარისხის დაცვის ინიციატივა მათგან მოდის.

„ჩვენ მივმართეთ სახელმწიფოს, რათა საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული მექანიზმები შეიმუშაოს და განახორციელოს. ჩვენთან იყიდება როგორც ევროპული სტანდარტის საწვავი, რომელიც წარმოდგენილია „პრემიუმის“, „სუპერისა“ და „ევროდიზელის“ სახით, ასევე „რეგულარი“, რომელიც „ევრო-4“-ის სტანდარტისაა. იყიდება დიზელის საწვავიც, რომელიც ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია.

თუმცა არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავაჭრო ქსელში იყიდება პროდუქტი, რომელშიც გოგირდის შემცველობა დასაშვებზე მეტი მოცულობისაა და შესაბამისად, ეს არის არასტანდარტული, უხარისხო საწვავი, რომლის გავლენაც ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მკვეთრად უარყოფითია. სწორედ ამიტომ იგეგმება ისეთი ღონისძიებები, რომლითაც გაკონტროლდება უხარისხო პროდუქციის შემოდინება და გასაღება ადგილობრივ ბაზარზე.

გვაქვს ინფორმაცია, რომ უხარისხო პროდუქტი ქსელში ნამდვილად იყიდება, თუმცა აქვე დავძენ, რომ ამის მასშტაბები საგანგაშო არ არის. ამიტომაც უნდა მოვახერხოთ პრევენცია, რომ უხარისხო პროდუქტი ბაზარზე აღარ მოხვდეს. ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის. მით უმეტეს, ქვეყანაში ძალიან მოიმატა სატრანსპორტო საშუალებების რიცხვმა, საწვავის მოხმარებაც მატულობს, იმპორტიც და იქმნება საშიშროება, რომ უხარისხო საწვავის რაოდენობაც გაიზარდოს. ამიტომაც სასურველია, რომ ქართულ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტი მინიმალურ ნორმებს მაინც შეესაბამაბოდეს, რაც ჩვენი მთავრობის მიერ არის დადგენილი“, - აცხადებს ნავთობპროუდქტების იმპორტოირთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

საწვავის ხარისხთან ერთად, საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება და მოძველებული ავტოპარკი. საქართველოში საავტომობილო პარკის 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 3 ტონა სრული მასის ზევით ყველა ტრანსპორტი ექვემდებარება ტექნიკურ დათვალიერებას, მათ შორის არიან ავტობუსები, მიკროავტუბუსები, სატვირთოები. მსუბუქი ავტომობილები არ ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას, ასეთი ავტომობილები კი მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 85%-ს შეადგენს.

„120 ათასი ტრანსპორტია, რომელიც უნდა გადიოდეს ტესტირებას, მაგრამ გადის, მხოლოდ, დაახლოებით, 20 ათასი. ყველა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას ფირნიში უნდა ჰქონდეს მიკრული საქარე მინაზე, ვადაგადასული ფირნიშის შემთხვევაში პატრული უნდა აჩერებდეს და აჯარიმებდეს“, - ამბობს ტესტირების ცენტრების გაერთიანების თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება 2017 წლის დეკემბრიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან იგეგმება ძველი ავტოპარკის საკითხის დარეგულირება. როგორ და რა მეთოდით აპირებს მთავრობა ასაკოვან მანქანებზე შეზღუდვის დაწესებას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.