„პენსიების ზრდა მთავრობის გადაწყვეტილებაა და „ნაციონალებს“ არაფერი „გამოუღლეტიათ“

„პენსიების ზრდა მთავრობის გადაწყვეტილებაა და „ნაციონალებს“ არაფერი „გამოუღლეტიათ“

არჩევნების მოახლოებამ და პარლამენტის ზეწოლამ შედეგი გამოიღო და გაისისთვის პენსიების გაზრდა გადაწყდა. ასაკით პენსიონერები დამატებით 20 ლარს ივლისიდან მიიღებენ. ნომინალური პენსია კი 180 ლარს გაუტოლდება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2016 წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტი სამ მილიარდ ლარს გადააჭარბებს და დაახლოებით 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება.

„თუ ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელს 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წელს ის 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხარჯს ფარავს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დევნილებისთვისაც გათვალისწინებულია 85 მილიონ ლარამდე. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მომავალი წლის პირველი ივლისიდან პენსია იზრდება. პრემიერს ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და გადაწყდა, რომ პენსიები იყოს 180 ლარი. გარდა ამისა, მომავალი წლისთვის გაიზრდება როგორც პენსიები, ისე პედაგოგთა საბაზო ხელფასები.

„შევახსენებ ყველას, 2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ 64%-ით. ეს არის 600 მლნ ლარამდე მატება, თუ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით, ანუ 600 მლნ ლარით მეტს გავცემთ პენსიონერებისთვის. შევახსენებ ყველას, 2012 წლამდე პენსია იყო 110 და 125 ლარი, რადგან იგი დიფერენცირებული იყო. ამის შემდეგ გავათანაბრეთ პენსიები და მუდმივად ვზრდით. გაისად პენსია იქნება 180 ლარი. ასევე ვმუშაობთ ინტენსიურად საპენსიო რეფორმაზე, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირება უნდა იყოს არა პოპულისტური, არამედ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული. მთავრობა შეასრულებს იმ კანონს, რასაც დაამტკიცებს პარლამენტი. პენსიის 20 ლარით გაცემა ამ ეტაპზე სავსებით რეალურია.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, რაც 2016 წლის ბიუჯეტის კანონპროექტითაა გათვალისწინებული, სერგეენკო ამბობს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგივე პრაქტიკაა.

„საყოველთაო ჯანდაცვა იყო ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რაც გაკეთდა. ხაზი მინდა გავუსვა ორ პოსტულატს – არ არსებობს სახელმწიფოში უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ჯანდაცვაში დახარჯული ფული არ არის უბრალოდ დახარჯული, არამედ ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკაში. რაც შეეხება იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში გახდა საჭირო თანხის დამატება, ეს ბუნებრივია, რადგან მთელ მსოფლიოში ასე ხდება“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

დავით სერგეენკო აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში მოსახლეობის ნახევარი, ვინც ვერ ახერხებდა ექიმთან მისვლას, დღეს ამას აკეთებს სწორად და უარს ამბობს თვითმკურნალობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმა სწორია.

საერთო ჯამში, 2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაადასტურა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

„2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება. ეს არის ის პარამეტრი, რომელზეც ჩვენ უკვე ავაგეთ ბიუჯეტის პროექტი და წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური ხარჯების გაზრდა და ადამიანებზე ზრუნვა. მათ შორისაა ჯანდაცვის პროგრამაც.

„ჯანდაცვის პროგრამაზე ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ უვარგისია რატომღაც. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა თურმე არ უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პრემიერ-მინისტრის კითხვაზე, რამდენი იყო ბიუჯეტი 2012 წელს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 8 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობდა.

პენსიების 20-ლარიანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაწყებულ კამპანიას შეწყვეტს. ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტებით, პირიქით, ისინი კვლავ მოითხოვენ პენსიები 50 ლარით გაიზარდოს, ვინაიდან ბიუჯეტს ამის რესურსი აქვს.

„საკმარისი რესურსია და ეს ჩვენ დასაბუთებულადაც დავუდეთ მათ. მხოლოდ 20 ლარით მომატებას 84 მილიონი ლარი სჭირდება, როცა რესურსი გაცილებით დიდია. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას და ზეწოლას ხელისუფლებაზე. რომ არა ეს ზეწოლა, აღნიშნული 20 ლარიანი მატებაც არ იქნებოდა“, - აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის გიგი წერეთლის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, დადებითად ვერ შეფასდება, რადგან 2012 წლის შემდეგ, 450 მილიონით გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯების ფონზე, ეს არ არის საკმარისი.

„ხალხს უჭირს და პენსიონერების პენსია შემცირებულია ამ სამი წლის განმავლობაში, მსყიდველობითი უნარითაც და დოლარში მიმართებაშიც ლარის კურსის დაწევის გამო - თუ 2012 წელს ეს იყო დაახლოებით, 91 აშშ დოლარი, დღეს ეს არის 67 დოლარის ფარგლებში. სწორედ ამ ვითარებაში ჩინოვნიკებისთვის ახალ მანქანებს, ახალ ავეჯს ყიდულობდნენ და მოგზაურობებსა და სტუმრების მიღებაში ხარჯავდნენ ფულს, ბიუჯეტის თანხები იხარჯებოდა პროექტებში, რომლებიც გაურკვეველი სათაურებით იყო მხოლოდ მითითებული ქაღალდზე, სამაგიეროდ იზრდებოდა პრემიები და სახელფასო დანამატები.

პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს, სამწუხაროდ, რომელთა ერთადერთი შემოსავალი შეიძლება იყოს პენსია და სოციალური დახმარება, დევალვაციის და ლარის კურსის დაცემის, მაღალი ინფლაციის გამო, დღეს უწევთ მრავალი პრობლემის გადალახვა, მათ შორის საკვების თუ მედიკამენტების მიღების მხრივაც“, - აცხადებს წერეთელი For.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ იმ კამპანიის ფონზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა, შეიძლება ითქვას, რომ მათ პენსიონერებისთვის მთავრობას 20 ლარი „გამოღლიტეს“, განსაკუთრებით თბილისის მერის დავით ნარმანიას და ფინანასთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებების ფონზე.

„ნარმანია აცხადებდა, რომ არ აპირებს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, კაკაურიძე აჟღერებდა ჩვეულებრივ დაპირებას - ჩვენ ვიმუშავებთ, თუმცა ბიუჯეტის პროექტში პენსიების გაზრდა არ იყო მითითებული.

ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტიური კამპანიის ფონზე და რეალური და არა პოპულისტური ციფრების და გათვლების მოსახლეობისთვის გაცნობის შემდეგ, მთავრობა იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მთავრობასაც შევახსენეთ მათი წინასაარჩევნო დაპირებას პენსიის 220 ლარამდე გაზრდის შესახებ“, - განაცხადა წერეთელმა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის თეიმურაზ ჭკუასელის განცხადებით, ის თვითონ იყო პოლიტსაბჭოს წევრი და იმ სხდომის უშუალო მონაწილე, სადაც სწორედ პენსიების ზრდის საკითხი განიხილებოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არავითარ „გამოღლეტვას“ ადგილი არ ჰქონია, მთავრობის გადაწყვეტილებაც მათი დამსახურება არ არის.

„ფინანასთა მინისტრთან ერთად ჩვენ გავიარეთ ყველა საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ პენსიები გაზრდილიყო 1 ივლისიდან 20 ლარით.

აქვე მინდა აღვნიშნო ერთი საკითხი - პენსიების გაზრდა, ბუნებრივია, შეიძლებოდა, თუ ჩვენ სახელმწიფო დაზღვევის დაფინანსებას არ გავზრდიდით. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოსახლოებას ეს პროგრამა აუცილებლად სჭირდება, ისინი ბევრად უფრო დაცულნი არიან ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ. ამ პროგრამის დამსახურებაა ისიც, რომ გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობაც საქართველოში.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც ადამიანები სახლებს აგირავებდნენ, ყველაფერს ყიდდენ იმისთვის, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მიეღოთ.

გიგი წერეთელს და ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მინდა შევახსენო, რომ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ვინ უშლიდა ხელს ამაში? მაგრამ მათ არც თავისი მოსახლეობა და პენსიონერები აინტერესებდათ. უხერხულიც კია, რომ მათ განცხადებებზე კომენტარები უნდა გავკეთოთ“,-აღნიშნა ჭკუასელმა For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება, ფინანასთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებას პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი მსჯელობდნენ პენსიების გასაზრდელ მოსაძიებელ სახსრებზე, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ სახსრები ამ ეტაპისთვის ჯობდა, ჯანდაცვის სისტემას მოხმარებოდა.

„პენსიების მატება სწორედ მთავრობის და პარლამენტის დამსახურებაა. შედეგი სახეზე გვაქვს. გადავწვიტეთ, ძირითადი რესურსები ჯანდაცვის სისტემის გაზრდას მოხმარებოდა, ვიდრე ამ ეტაპზე პენსიების ზრდა უფრო მეტი ყოფილიყო“, - აღნიშნა ჭკუასელმა.