წყლის ტარიფის გაზრდის წლევანდელი ეპოპეა რუსთავში დასრულდა და „რუსთავის წყალი“-სთვის ყოვლად მოულოდნელი შედეგით. კომპანია გადასახადის მატებას ითხოვდა და სემეკმა, პირიქით, შეუმცირა. „რუსთავის წყალი“ სასამართლოს მიაშურებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში წელს აღარაფერი შეიცვლება.
რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობის ნაწილს წყლის ტარიფი შეუმცირდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ მიიღო. გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლები 1 სულზე, 3 ლარის ნაცვლად, 2 ლარსა და 70 თეთრს გადაიხდიან, არასაყოფაცხოვრებო აბონენტები, 3,5 ლარის ნაცვლად, 2 ლარსა და 69 თეთრს.
უცვლელი დარჩა ტარიფი მხოლოდ მათთვის, ვისაც მრიცხველი დამონტაჟებული აქვს. ასეთი კი 85 500-ზე მეტი აბონენტია. ისინი 1 კბ/მეტრში კვლავ 40 თეთრს გადაიხდიან.
სემეკის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილი დარჩა კომპანია „რუსთავის წყალი“, რომელიც მრიცხველების არმქონე აბონენტებისთვის ფასის გაზრდას 14 თეთრით, კომერციული აბონენტებისთვის კი თითქმის 1 ლარით ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავის წყალმა“ წყლის ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიმართა, თუმცა კომისიამ მაშინ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყო, რადგან კომპანიას კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი.
როგორც სემეკში აცხადებენ, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, „რუსთავის წყალს“ კომისიაში დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენისთვის შესაბამისი ვადა განესაზღვრა. კომპანიამ დოკუმენტაცია კი მოაწესრიგა, მაგრამ საწადელს ვერც ამჯერად მიაღწია.
შესაბამისად, კომპანია „რუსთავის წყლის“ მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკის მიერ დღევანდელ სხდომაზე დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას ქ. რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.
„სემეკის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად „რუსთავის წყალი“ წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს. კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი. ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება.
ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან შეაფერხებს ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ ზრუნავს თავისი მომხმარებლის ინტერესებზე, არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს“, - აცხადებენ კომპანია „რუსთავის წყალში“.
ზოგადად წელს წყლის ტარიფის გაზრდის საკითხი ძალიან აქტუალურია. გაზაფხულზე დღის წესრიგში იდგა თბილისსა და მცხეთაში გადასახადის გაზრდის საკითხი. 2015 წლის 20 მაისს კომპანია „მცხეთის წყლის“ მიმართვის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, ქალაქში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყლის გადასახადი გაუორმაგდათ. პარალელურად, თბილისში ტარიფის მატებას ითხოვდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“, თუმცა სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ტარიფი არ შეცვლილა.