„ადგილობრივი პროდუქტი დახლებიდან ორ თვეში გაქრება და მას იმპორტირებული ჩაანაცვლებს“

„ადგილობრივი პროდუქტი დახლებიდან ორ თვეში გაქრება და მას იმპორტირებული ჩაანაცვლებს“

უკიდურესად მცირე მოსავლის გამო ადგილობრივი პროდუქტი დახლებიდან ორ თვეში გაქრება და ახალი წლის შემდეგ ჩვენს პროდუქციას იმპორტირებული მასობრივად ჩაანაცვლებს. ასეთ არასაიმედო პროგნოზს აკეთებს ქართული მედია.

სამომხმარებლო ბაზრებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტს მოვაჭრეები იმით ხსნიან, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსავლის სიმცირე შეინიშნება. კერძოდ, პრობლემაა მეხილეობაში და ყველაზე დაბალი ხარისხის ვაშლი ბაზრებში 1 ლარად იყიდება, ხოლო ხარისხიანი 3 ლარზე მეტი ღირს. ქლიავის მოსავალიც ნაკლებია. რაც შეეხება ბოსტნეულს, წესისამებრ, კარგი კარტოფილის ფასი ლარს აჭარბებს და, ხშირ შემთხვევაში, დედაქალაქამდე ვერ აღწევს, რადგან ადგილობრივები კარტოფილის მცირე მოსავალს თავიანთ რაიონშივე ადგილზე ყიდიან. სიმინდისა და ლობიოს მოსავალიც არ არის სახარბიელო, რადგან უამინდობამ ყანები გაანადგურა.

რას ნიშნავს ასე ნაადრევად ჩვენს ბაზრებზე ქართული პროდუქციის  უცხოურით ჩანაცვლება და როგორ უნდა გაძლიერდეს ჩვენი აგრარული სექტორი? 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა კოღუაშვილი For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ წელს, პრაქტიკულად, ვაშლი არაა, მარტო კლიმატურ ცვლილებებს ვერ დავაბრალებთ ამას, აქ იყო ქიმიური ფაქტორიც, რადგან ქვეყანაში განუკითხავად, უკონტროლოდ შემოდის შხამ-ქიმიკატები და, ასევე, უკონტროლოდ ხდება მათი გამოყენება. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ რომელიმე დაავადების წინააღმდეგ ხეს შეასხურებენ შხამქიმიკატს, მაგრამ შხამქიმიკატი არა მარტო იმ კონკრეტულ დაავადებას სპობს, არამედ მთლიანობაში უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ფლორაზე. ამის შედეგად ხილი, პრაქტიკულად, იფიტება და მიწაზე იყრება. ეს საკითხი მიშვებულია და მონოპოლისტები გაჭირვებული გლეხების ხარჯზე მდიდრდებიან. ამიტომაც იზრდება ხილის ფასი და საახალწლოდ  კარგი ვაშლი შეიძლება, 3.50 ლარზეც მეტიც გახდეს.

რაც შეეხება კარტოფილს, ექსპერტი აცხადებს, რომ მისი მინიმალური საბითუმო ფასი, მინიმუმ, ერთი ლარია. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი მომენტია, ხშირად ლაპარაკობენ, რომ თურქეთიდან შემოდის კარტოფილი და, სამაგიეროდ, აქედან გააქვთ ადგილობრივი კარტოფილი, რითაც, პაატა კოღუაშვილის აზრით, ადგილობრივი პროდუქციის წყვეტას ახდენენ ქართულ ბაზარზე, ეროვნულ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე არ უშვებენ.

„ის, რომ ჩვენს დახლებს უცხოური პროდუქცია იკავებს, არ არის  მხოლოდ წლევანდელი და შარშანდელი უბედურება. ბოლო ათი წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს საქართველოში, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის სურსათს, რაც სჭირდება ქვეყანას. არ გვაქვს თვითკმარი სოფლის მეურნეობის არც ერთი დარგი. მომავალი წელიც ასეთივე მძიმე იქნება. როდესაც ქვეყანას ადგილობრივი პროდუქციით საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილება 25-30%-ზე მეტად არ შეუძლია, იმთავითვე ცხადია, რომ ჩვენს ბაზრებზე ქართული პროდუქცია 2-3 თვეში გათავდება. ჩვენ ხომ იმპორტული პროდუქციის დაახლოებით 70-80% შემოგვაქვს. აქ საჭიროა სერიოზული მუშაობა, მთელი სტრატეგიაა შესამუშავებელი.

ქიმიას უცხოელებიც იყენებენ და ჩვენც ვიყენებთ, ვინაიდან დღეს სხვანაირად არ მოდის მოსავალი. არათუ ქიმია, გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩვენ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოხმარებაც მოგვიწევს. როდესაც შენ არ გაქვს სურსათი და საქართველოს მოსახლეობის 80% ღარიბი ან ღატაკია, ცხადია, ის ვერ იყიდის მაღალი ფასის პროდუქციას. მთავარია, ქვეყანაში არ შემოვიტანოთ გენმოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალა. შესამუშავებელია სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მეცხოველეობის განვითარებისთვისაც. არ შეიძლება, ძროხა ზაფხულობით 12 ლიტრ რძეს იწველიდეს და შემოდგომა-ზამთარში მხოლოდ- 2 ლიტრს. ასეთი რამ არ ხდება, რქოსანი პირუტყვი ვერ იკვებება ყუათიანი საკვებით. ქვეყანაში კომბინირებული საკვები არ არსებობს, ჩვენი ძროხა ძირითადად ქატოთი იკვებება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

ამასთან, ექსპერტი თვლის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი სტრატერგია უნდა გახდეს, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარება გაცილებით მცირეა იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც სოფლის განვითარების პოლიტიკა ჰქვია. სოფლად უნდა შევქმნათ ურბანულთან მიახლოებული ცხოვრების კომფორტი, აგრარული შრომის ავტორიტეტია ასაწევი ქვეყანაში. პირობითად, 500 ლარიც რომ იშოვონ სოფლად, მაინც ქალაქად გარბიან ასი ლარის მოლოდინში. ასეთ სიტუაციაში სახელმწიფო სპეციალიზირებულ მარეგულირებელ ჩამრევ სამსახურებს უნდა ქმნიდეს, რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ევროპელმა კეთილსინდისიერმა ექსპერტებმა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს სამ სექტორში - მარცვლეულის, რძისა და ხორცის წარმოებაში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, საქართველოს თითქმის იმდენივე აგროსასურსათო დანიშნულების საქონელი შემოაქვს, რამდენსაც თავად აწარმოებს სოფლის მეურნეობის ხაზით. ექსპერტის თქმით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაღაც ნაწილი ასევე გადის ექსპორტზე, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზრის 75-80%-მდე იმპორტირებული საქონლითაა  გაჯერებული.

„ჩვენი მარცვლეული, პირობითად, 1-ლი აგვისტოდან 30 აგვისტომდე თუ გვეყოფა, 12-ჯერ მეტი გვჭირდება მარცვლელულის წარმოება და მთლიანად ვართ იმპორტზე დამოკიდებული. იმპორტის მოძალება შიდა ბაზარზე ახალი მოვლენა არ არის და ერთ მილიარდ 300 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოდის საქართველოში. ეს კოლოსალურად მაღალი ციფრია და არა მგონია, ეს ტრადიცია მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სამამულო პროდუქციის წარმოებაზე, დაწყებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციით, დამთავრებული გადამამუშავებელი საკონსერვო კვების მრეწველობით. ამით არ მოხდება საქონლის ღირებულების მკვეთრი შემცირება, თუმცა პერსპექტივაში შესაძლებლობას მისცემს ქართულ ეკონომიკას, გაზარდოს თავისი პროდუქცია და ადგილობრივ მწარმოებელსა და მომხმარებელს მეტი იმედი ჩაუსახოს“.