რას ფიქრობდა სიმინდის ექსპორტზე ილია ჭავჭავაძე და რას აიძულებენ სოფლის რწმუნებულებს

რას ფიქრობდა სიმინდის ექსპორტზე ილია ჭავჭავაძე და რას აიძულებენ სოფლის რწმუნებულებს

[ნატო გოგელია]

საქართველოს ხელისუფლებამ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა ისე დაავალდებულა გლეხობას, რომ არცერთ რეგიონში ნიადაგი არ შეუმოწმებიათ. 

„ათი წელია საქართველოში ნიადაგური კვლევები არ ტარდება. ორი კვლევითი ლაბორატორია 3 წელია რაც გააუქმეს. წინ ძალიან ბევრი პრობლემა გველის.  ამერიკული ჰიბრიდის დათესვის გადაწყვეტილებით მთავრობამ გლეხები შეცდომაში შეიყვანა. საქმე ისაა, რომ ქართული ჯიშისგან განსხვავებით, ამერიკული სიმინდი მეორე წელს აღარ ითესება, შესაბამისად, გლეხმა იგი იმპორტიორისგან ყოველწლიურად უნდა იყიდოს,“ – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას სოფლის მეურნეობის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

1 კგ. ამერიკული ჰიბრიდის ფასი კი ძალიან ძვირია. თუ თავდაპირველად ხელისუფლება  ერთ კილოგრამ სათესლე მარცვალს 8 ლარად იძლეოდა, გასულ კვირას გაირკვა რომ მისი ფასი 14 ლარი გახდა.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 28 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (და სხვა მუნიციპალიტეტებშიც) საგანგებო თათბირზე დაბარებულ სოფლის რწმუნებულებს განუცხადეს რომ სიმინდი სასწრაფოდ „გაესაღებინათ“:

„გლეხები გავაფრთხილეთ და ყველამ იცოდა რომ კილოგრამში 8 ლარი უნდა გადაეხადათ. ახლა კი გვითხრეს, რომ კილოგრამის საფასური თოთხმეტი ლარია. არ ვიცი რა ვქნათ. როგორ გინდა მიხვიდე და გლეხ კაცს უთხრა, რომ ერთ ტომარაში 40 ლარის ნაცვლად 70 ლარი უნდა გადაიხადონ“, – აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას რწმუნებულებმა.

მათივე ინფორმაციით ამავე თათბირზე ხელისუფლებამ უფრო მკვეთრი განცხადებაც გააკეთა: „თუ მოსახლეობაში ვერ გაყიდით, კეთილი ინებეთ და თქვენი ფული დადეთ“, – უთქვამს თანამშრომლებისთვის ადგილობრივ მთავრობას.

გარდა ამისა, საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითეულ მოხელეს 3-დან 5 კილოგრამამდე სიმინდის შეძენა უწევთ:

„თავიდან  მითხრეს რომ 2 კილოგრამი უნდა შემეძინა და 16 ლარი გადამეხადა. ახლი კი დამავალეს რომ 3 კილო შევიძინო და კილოგრამში 14 კარი გადავიხადო“, – გვითხრა ერთ-ერთმა.

5 კილოგრამი ამერიკული ჰიბრიდის ყიდვა კი სამსახურის უფროსებს და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს ევალებათ. იგივე მდგომარეობაა სკოლებში, საბავშვო ბაღებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ალეკო ცინცაძე ფასი მატების საქმის კურსში არ აღმოჩნდა (?!).

„რატომ მოიმატა ფასმა არ ვიცი. არ ვარ საქმის კურსში. მასე კილოგრამობითაც არ შემიძლია რაიმე აგიხსნათ. ჩვენ ცალობით ვანგარიშობთ. ერთი ჰექტრისთვის საკმარისია 65000 მარცვალი. ეს რამდენი კილოგრამია ვერ გეტყვით. არ ის ვიცი მუნიციპალიტეტებმა რა და როგორ დააფასოეს“, – აღნიშნა ცინცაძემ, თუმცა 1 ცალი (ჩვენებურად კეკალი ) სიმინდის ფასი ვერ დაგვისახელა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დიმა კორიფაძემ იცის რომ ერთ ჰექტარზე 65 000 ცალი სიმინდის მარცვალია საჭირო. ისიც ისიც, რომ 1000 მეტრზე 6500 მარცვალია საჭირო. თუმცა არ იცის რამდენი მარცვალია ერთ კილოგრამ სიმინდში, რომელსაც გლეხს 14 ლარად აძლევენ.

„მე არ ვიცი ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ერთი კილოგრამი სიმინდის ყიდვა 8 ლარად შეიძლებოდა“, – გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გიორგაძემ.

ბატონო გია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პირადად გვითხარით რომ 8 ლარი ეღირებოდა...

– არ ვიცი. მე მთავრობის დადგენილება ჩამომივიდა, სადაც აღნიშნულია რომ ერთი ტომარა სიმინდი 70 ლარი ღირს. ამ ტომარაში კი 5 კილოგრამი მარცვალია, რაც ცალობაში 16 000 მარცვალია, – დაგვიზუსტა  გიორგაძემ.  

16 ათასია თუ 36 ათასი ჯერ არავის დაუთვლია. შესაბამისად, მოსახლეობის ეჭვი, რომ მთავრობამ ფასის მსგავსად რაოდენობაშიც მოატყუებს საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთი ჰექტრისთვის გათვალისწინებული ამერიკული ჰიბრიდული მარცვლისთვის  გლეხმა 240 ლარი უნდა გადაიხადოს. მაშინ როცა ამავე რაოდენობის მიწისთვის ქართული ჯიშის სიმინდის თესლის საყიდლად 70 ლარი ეყოფოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა ქრონიკაში გასული სიუჟეტის თანახმად გურიაში სიმინდი უკვე დათესეს (?!). არადა,   სათესლე მარცვლის გაცემა მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 29 აპრილს დაიწყეს. ოზურგეთის გამგებლის მოადგილემ, ლაშა ღლონტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა რომ ოზურგეთში სათესი მიწების 30 % უკვე ათვისებული იყო, მაგრამ დახნულ-დათესილი ნაკვეთი ვერ გვიჩვენა.

„სიმინდი გავეცით და მიწების 30% უკვე დათესილია“, – აღნიშნა ღლონტმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში 28 აპრილს.

ბატონო ლაშა, შეგიძლია რომ თქვენი სიტყვები დაგვიმტკიცოთ და დათესილი ნაკვეთები გვანახოთ?

– მე რა ვიცი სად არის (?!). 

ჟურნალისტებთან თქვით, რომ ჯერ თესვა არ დაგიწყიათ... რატომ იტყილებით... ფიქრობთ რომ თქვენი სიტყვების გადამოწმება სირთულეს წარმოადგენს?

– ნუ ნერვიულობთ ძალიან გთხოვთ (?!) დაწყნარდით, დაწყნარდით, – საკმაოდ ნერვიული ტონით, მთვრალი კაცისთვის დამახასიათებელი მეტყველების მანერით გვითხრა ღლონტმა. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში, გიორგი ჭყონიამ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლანჩხუთში თესვა ჯერ არ დაწყებულა:

„ძალიან ცუდი ამინდები გვქონდა. ლანჩხუთში დღეს დავიწყეთ ხვნა. სიმართლე გითხრათ არ გამიგია რომ სადმე თესლი დაითესა“, – აღნიშნა ჭყონიამ.

განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა გუბერნატორმა.

„თესვა მასიურად არ დაწყებულა ამინდის გამო. ამ ეტაპზე ცოტა, რამდენიმე ჰექტარია დათესილი(?!)“, – აღნიშნა ჩიტაიშვილმა.

ბატონო ვალერი, თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ჰექტარი დათესილი

ოზურგეთში, ჩოხატაურში და ლანჩხუთში?

– ხომ გითხარით რომ არ აგვიანდება,  – დაგვიკონკრეტა გუბერნატორმა.  

სოფლის მეურნეობის კორპორაციის ინფორმაციით ჩოხატაურს აგრონომ სპეციალისტი არ ჰყავს და ამ საქმიანობას ლაშა ღლონტი ითავსებს:

„რა ჩოხატაური, ვინ გითხრათ. არც კი ვიცი რა ხდება, 1 წელია ჩოხატაურში არ ვყოფილვარ“, – აღნიშნა ღლონტმა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი საწყობებში დალაგებულმა სიმინდმა ლპობა დაიწყო და არ არის გამორიცხული სათესლედ არც კი ივარგოს:

„ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს შესანახად სპეციალური ადგილი სჭირდება. გასარკვევია დაცულია თუ არა შენახვის პირობები, რამდენად კარგი შეფუთვაა. სულაც არ არის გამორიცხული რომ ლპობა დაიწყოს. მით უმეტეს გურიაში, ნესტიანი ჰავის პირობებში“, – გვითხრა ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა.

მისივე თქმით ამ სათესლე სიმინდმა რომც ივარგოს, მისი მოყვანა გურიაში გართულდება:

„ამ სიმინდით შეიძლება  ოდნავ უკეთესი მოსავალი კახეთში, უფრო კონკრეტულად კი ლაგოდეხში მიიღონ. სხვა რაიონში შეიძლება, საერთოდ არ გაამართლოს და ცუდი მოსავალი მოვიდეს.  ეს კი უპირველეს ყოვლისა, სავალალოა გლეხისთვის. თესლის ფასსაც კი ვერ გადაიხდის, რომელსაც 17 კილოგრამზე განვადებით 7 თვის მანძილზე ახდევინებენ. თანაც ამ სიმინდის დათესვა დასავლეთ  საქართველოში რეკომენდებული არ არის, რადგან ადგილობრივი ჯიშების დამტვერიანების საფრთხე არსებობს და ამან შეიძლება ცუდი შედეგი მოგვცეს.  

ამ სიმინდს აგროტექტიკა სჭირდება. აღნიშნული ჰიბრიდული სიმინდის დარაიონებაც კი არ მომხდარა, ანუ არ არის გამოცდილი სხვადასხვა ნიადაგში,  არ ვიცით ამა თუ იმ ნიადაგურ პირობებს როგორ შეეგუება.  ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამას ემატება საქართველოს ნიადაგების მდგომარეობა. ჩემს კოლეგასთან გამოვიკვლიე საქართველოს ნიადაგებში საკვები ელემენტების ბალანსის მდგომარეობა და კატასტროფული შედეგი მივიღე. ჩვენი ნიადაგები  აბსოლუტურად გამოფიტულია იმ საკვები ელემეტებისგან, რომელიც აუცილებელია.

გურიასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ? ჩვენს ნიადაგებზე სიმინდის ეს ჯიში გაიხარებს?

– სავარაუდოდ არა.  თქვენთან მიწებს განაყოფიერება ჭირდება აზოტით, ფოსფორით და კალიუმით. ამ სიმინდის დათესვამ, სავსებით შესაძლებელია რომ შედეგი არ მოგცეს. ერთი ტომარა აზოტი ახლა 38 ლარი ღირს. ამერიკული ჰიბრიდის დათესვის შემთხვევაში გურიაში, 1 ჰექტარზე მიწას 100 კგ. აზოტი სჭირდება, მეორეზე 200 კგ. ასევე აუცილებელია ფოსფორი და კალიუმი – 20-20 კილოგრამი. ამ უკანსკნელის მარაგი კი ქვეყანაში არ არსებობს.

როგორც გავიგე,  სპეციალისტებთან ახლა დაიწყეს იმის ძიება 1 ჰექტარზე რა რაოდენობის სასუქი უნდა შეიტანონ, რათა დაგეგმილი შედეგი მიიღონ. ზუსტ მონაცემს ვერავინ ეტყვის, ვინაიდან ნიადაგის მდგომარეობის მხოლოდ 10 წლის წინანდელი მონაცემები გვაქვს. 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და მოსავლის მოყვანას, დაახლოებით, 800 ლარი სჭირდება. საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით კი, ქართველ გლეხს 30-ლარიანი პრეპარატის შეძენის საშუალებაც არ აქვს.

ბატონო პაატა, რამდენად ვარგისია ეს სიმინდი საკვებად?

– ეს სიმინდი გამოიყენება როგორც მეცხოველეობაში, ისე სასურსათოდ. ამერიკელები ძირითადად მეცხოველეობისთვის აწარმოებენ.  ჩვენ სხვა სისტემა გვაქვს. ჩვენი მეცხოველეობა დაფუძნებულია ბალახეულზე, ნახევრად ბაგური სისტემაა. დასავლეთ საქართველოსთვის სიმინდი საკვები პროდუქტია. ჭამენ ღომს და მჭადს. ამიტომაც დასავლეთ და აღმოსავლეთში ამ კულტურის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაა. მთავრობამ ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ აკეთებენ აქცენტს კახეთზე. თან ეს  სამარცვლე სიმინდი არ არის – კომბინირებულია. მე თვითონ ხუთჯერ მაქვს ამერიკაში ეს სიმინდი ნანახი. ვიყავი „პიონერში“, ვიცნობ ხელმძღვანელებსაც კი. იმ ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ ჭადი ენატრებათ. თუ პურის ფქვილი არ შეურიეს მჭადი ისე არ ცხვება. ქართველი კაცი ამას ვერ შეჭამს. არ არის სასურსათო დანიშნულების. ამერიკელები სხვა დანიშნულებით იყენებენ. ეს უნდა გავიგოთ. ამათ გონიათ რომ ყველაფერი იციან. სოფლის მეურნეობის მინისტრი უვიცი,  გაუნათლებელი და საცოდავი ბავშვია. ის დაღუპავს სოფლის მეურნეობას. რად გვინდა საშრობი, როცა იქ შესანახი პროდუქცია არ გვაქვს. 

ხელისუფლება მოსავლის ექსპორტზე გატანას ხომ გეგმავს...

– რა ექსპორტი, რის ექსპორტი. საქართველო სიმინდის ექსპორტს მხოლოდ 1895-1897 და 1910-1912 წლებში აწარმოებდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ დროს მთელს ევროპაში საშინელი კრიზისი იყო. მაგრამ ექსპორტი იმდენად უმნიშვნელო და მცირე იყო, რომ ილია ჭავჭავაძემ მაშინვე ატეხა განგაში. ჭავჭავაძის აზრით, სიმინდის ექსპორტზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ილია ამბობდა: სიმინდი და ხორბალი  იმდენი უნდა მოვიყვანოთ, რომ ჩვენს შიდა ბაზარს ეყოს და დაგვაპუროს. საექსპორტოდ, თუ რამე გვინდა, სხვა დარგებს უნდა მივხედოთო და აბსოლუტურად მართალი იყო ეს კაცი. 

გარდა ამისა, სანამ ექსპორტამდე მივალთ, ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარმატებულად განხორციელებისთვის მთელი რიგი  სამუშაოებია ჩასატარებელი. ასე კი არ არის, მოკიდე ხელი, დათესე და მოვა. ამისთვის მთელი სისტემაა მოსამზადებელი. ჯერ უნდა მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დანიადაგება, მექანიზაცია, წამლობა პესტიციდების სასუქების გამოყენება, ყვითელი ჟანგას პრობლემა და ა.შ.

დამტკიცებულია რომ ვერავითარი ჰიბრიდი ვერ აჯობებს ადგილობრივ ჯიშს. ეს მივწერე კიდეც პრეზიდენტს. პატრიარქმა ეპისტოლეში სწორედ ამას გაუსვა ხაზი – თქვა რომ ჩვენი კულტურები უნდა შევინარჩუნოთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიას მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს, კვლევითი ლაბორატორიები გააუქმეს და ამ ფონზე სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბრობენ. ჩვენ ტრამალების ქვეყანა არ ვართ რომ ჰიბრუდული სიმინდის პლანტაციები გავაშენოთ. ექსპორტს დავანებოთ თავი და ჩვენს საკუთარზე ვიფიქროთ. სელექციონერები, რომლებიც ამ ჯიშებზე წლები მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი მიღწევები და გამოცდილება აქვთ, დღესაც ცოცხლები არიან. სწორედ მათ უნდა ვთხოვოთ დახმარება.  ისე არაფერი გამოვა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი უტიფარი და უცოდინარი ბავშვია. მას ისე არ ესმის სოფლის მეურნეობის, როგორც მე ჩინური. თოხი ნანახიც კი არ ააქვს. არაფერი იცის და არც უნდა რომ გაიგოს. დღეს (საუბარი ჩაწერილია 28 აპრილს) აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თაღლითები იყვნენ და მილიონობით ლარი მიითვისეს. თურმე ახალა მიხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომ მის სტრუქტურაში დანაშაული ხდებოდა. არადა, იმ დროს როცა ეს ამბები ხდებოდა კვეზერელი მინისტრის მოადგილე იყო და თავადაც ისეა პასუხისმგებელი მომხდარზე, შეჭმულ მილიონებზე, როგორც ის დაჭერილი ჩინოვნიკები.  

როგორც ვიცით პრეზიდენტს წერილი მიწერეთ ამის შესახებ...

– კი. ღია წერილით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. თან ორჯერ. ვწერდი, რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო  აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო. პრეზიდენტმა მართლაც გააკეთა განცხადება, აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის გამოვიდა და თქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა გაკეთდეს ეს საბჭო და მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოსო. 

შვილო, სოფლის მეურნეობის მინისტრს რომ საქმის ნორმალურად კეთება შეეძლოს და თავს ართმევდეს, მაშინ რაღა საჭიროა ამ საბჭოს შექმნა? მთავრობა უნდა შეელიოს სოფლის მეურნეობის ამჟამინდელ მინისტრს.  კვალიფიციური და საქმის მცოდნე კადრებია საჭირო, რომელთაც სოფლის ბედი მართლაც აღელვებთ.

პრეზიდენტმა წერილზე პასუხი არ მოგწერათ?

– ჩემი წერილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადააგზავნეს. იქიდან კი პასუხი დღემდე არ მიმიღია. პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. მე არ მინდა ეს ქვეყანა მოიშალოს. გლეხი არ მინდა განადგურდეს. აგრარულ საკითხებში  უცოდინარი მინისტრი გამოდის მაღალი  ტრიბუნიდან და ხალხს ატყუებს: შარშან 2000 ჰექტარზე დათესეს ე.წ. უხვმოსავლიანი ხორბალი და 40-პროცენტიანი მოგება ნახეს. ტყუილია ეს, რადგან  მოსავლის 50 პროცენტი თაგვმა გაანადგურა. ეს იმიტომ, რომ წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩაატარეს. თაგვს რა გამოლევს მინდორში. დღეს ხომ არ გაჩენილა. ოდითგანვე იყო, მაგრამ ქართველი გლეხი წინასწარ ღონისძიებებს ატარებდა, მიწას დატბორავდა ხოლმე,  ან თესლს ამუშავებდა ქიმიურად და ა.შ. 

კუღუაშვილი დარწმუნებულია რომ ეს ე.წ. ჰიბრიდული პროგრამაც ჩავარდნილია. მას გურული გლეხებიც ეთანხმებიან, რომლებიც ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის დათესვით სოფლის მეურნეობა ვერ გადარჩება. ფაქტია ისიც რომ „ზემდგომს“ ვერც ის რწმუნებულები გადაურჩებიან, რომლებიც ამ სიმინდს ვერ გაყიდიან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი, პირად საუბრებში აღნიშნავენ,  რომ სიმინდის საფასურის გადახდა ჯიბის ფულით მოუწევთ. თუმცა ამ ეტაპზე არავის აქვს პასუხი კითხვაზე – რა იქნება შემოდგომაზე?

ჩოხატაურში 3,5 ტონა, ლანჩხუთში 6 ტონა, ხოლო ოზურგეთში 6,5 ტონა სიმინდი უკვე ჩამოტანილია და მისი რეალიზაცია უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს და გეგმის თანახმად ამდენივე უნდა დაითესოს. თუმცა მიმდინარე მოვლენები ცხადყოფენ, რომ გურიაში შემოტანილი ამერიკული ჰიბრიდის ნახევარი მაინც დაუთესავი დარჩება, რაც ბუნებრივია შემოდგომაზე, საჯარო სამსახურებში რამდენიმე ვაკანტურ ადგილს გააჩენს.