ნაცმოძრაობა 50-ლარიანი კომბინაციის იმედად

ნაცმოძრაობა 50-ლარიანი კომბინაციის იმედად

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასარჩევნოდ პენსიონერებს ჩამოეკიდა და 50-ლარიანი კომბინაციით ცდილობს ყველაზე დიდი ელექტორატი გადაიბიროს. ხელისუფლება კი საპარლამენტო ოპოზიციას ფსევდოპოპულიზმში ადანაშაულებს, რადგან ყველამ იცის, რომ ერთბაშად ამ ოდენობით პენსიის მატება შეუძლებელია.

პრემიების პენსიებით ჩანაცვლების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ინიცირებული, გრძელდება. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი უარს იტყვის პრემიებსა და დანამატებზე, ამ თანხით მომავალ წელს პენსიის გაზრდა 50 ლარით იქნება შესაძლებელი.

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 220-ლარიანი პენსიის დაპირებით მოვიდა, ციფრებით მანიპულირებს. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს ხალხს მთავრობის შენახვა 456 ლარით მეტი დაუჯდება. განცხადება იმის თაობაზე, თითქოს, ამ ნამატში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება შედის, ტყუილია, რადგან მასაწავლებელთა ხელფასი სკოლების ვაუჩერული დაფინანსების ნაწილია.

სიმართლეს არ შეესაბამება ღარიბაშვილისა და ხადურის ის განცხადებაც, თითქოს პოლიციელთა და ჯარისკაცთა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სინამდვილეში, თავდაცვის სამინისტროს შრომის ხარჯები მხოლოდ 9 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო შს სამინისტროსი - 33 მლნ ლარით. ეს ზრდა არაფერია იმასთან შედარებით, როგორც გაიზარდა ბიუროკრატიის ხარჯები სხვადასხვა უწყებებში“, - აცხადებს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სხვა პოზიცია აქვს უმრავლესობას. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალთა ინიციატივას „წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობად“ აფასებს.

„ხანდაზმული პირები გამოიყვანო და პეტიციაზე ხელის მოსაწერად რიგში ჩააყენო მხოლოდ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაიწერო, არანაირ ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოში არ ზის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამომრჩეველთა ყველაზე დიდი პროცენტი პენსიონრებზე მოდის და სწორედ ამიტომ, ნაცმოძრაობის სამიზნეც ეს სეგმენტია. მესმის, მათ იმდენად უჭირთ, რომ ყველანაირ ხერხს იყენებენ, მაგრამ არსებობს დაუწერელი წესები, რასაც არ უნდა გადააბიჯო“, - მიიჩნევს ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, პენსიის 50 ლარით გაზრდა არა მარტო შეუძლებელი, დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

„გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, მათი რაოდენობა მომდევნო წლების მანძილზე კიდევ უფრო იზრდება. ეს გამოწვეულია მეოცე საუკუნის 50-70-იან წლებში შობადობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. სწორედ ეს თაობა ხდება დღეს და მომდევნო 10-15 წლის განმავალობაში საპენსიო ასაკის.

შეუძლებელია ეს მონაცემები არ ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არ იცოდნენ, რომ ამ ფონზე პენსიების 50-ლარიანი მატება დაუშვებელია ქვეყნის ბიუჯეტისთვის. საჭიროა სწორი საპენსიო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმის გატარება, რაც წინა ხელისუფლებას პირველივე დღეებიდანვე უნდა დაეწყო. სამწუხაროდ, საპენსიო რეფორმის დაწყება ჩვენს პერიოდშიც ჭიანურდება“, - აღნიშნავს დეპუტატი და ნაცმოძრაობას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ პენსიონრებს ბრმა იარაღად საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის.

უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძეც ამბობს, რომ პენსიის ზრდა ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს თანხა სხვა მიმართულებას, კერძოდ, ჯანდაცვას მოაკლოს.

„ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი პენსიონერს თუ ამ თანხას არ დავხარჯავთ ჯანდაცვაში. ახლა ასარჩევია, რა სჯობს - მოვუმატოთ 50 ლარი ყველას (ვისაც სჭირდება და არ სჭირდება) თუ ვუმკურნალოთ ადამიანებს? არსებობს რაღაც საწყისი, ვის რა აქვს. ჩემთვის 10 ლარი არაფერია, მაგრამ ვიღაცისთვის 10 ცალი პურია. ახლა პენსია გაიცემა, როგორც სოციალური დახმარება მოხუცზე, რომელიც გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მიუხედავად იმისა ის ღარიბია, მდიდარია, სჭირდება თუ - არა. მაშინ უნდა გვქონდეს სხვა მიდგომა, რომელსაც დრო და გარკვეული დოვლათის დაგროვება სჭირდება“, - განაცხადა მაღრაძემ.

ფინანსთა სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუანგარიშებია რისი შესაძლებლობა აქვს ბიუჯეტს 2016 წლისთვის. მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში მესამე წრეზე 30 ნოემბრისთვის უნდა შევიდეს და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი რამდენით გაიზრდება საარჩევნო წელს პენსია. სავარაუდოდ, ეს ციფრი 10-20 ლარის ფარგლებში იმერყევებს.