ვაკანსიების ზრდა თუ კლება მოსახლეობის დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს

ვაკანსიების ზრდა თუ კლება მოსახლეობის დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს

დასაქმების სააგენტოების ნაწილი ოქტომბერ-ნოემბერში ვაკანსიების შემცირების ტენდენციაზე საუბრობს. მოსახლეობა კი სამსახურის ძებნაზეა გადაგებული. ოფიციალური სტატისტიკა და მთავრობა ვითარების გაუმჯობესებაზე საუბრობენ, თუმცა მათ მტკიცებას დამაჯერებლობა აკლია.

Hr.com.ge-ს ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა 10%-ით არის შემცირებული, თუმცა წლის ბოლოს ყოველთვის კლების ტენდენციაა. დეკემბერში ვაკანსიები კიდევ 10%–ით შემცირდება. იანვრიდან კი კომპანიები გააქტიურდებიან.

Hr.com.ge-ს წარმომადგენელი, ინგა შახბაზიანი ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება, ფინანსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. ამ დროისთვის Hr.com.ge-ზე 1500-მდე აქტიური ვაკანსიაა.

ვაკანსიების შემცირება, თუნდაც დროებით, დიდ პრობლემას უქმნის ქვეყნის მოსახლეობას. რამდენადაც საქართველოში მცხოვრები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, მათ ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის შანსი უმცირდებათ.

უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში, სადაც გრძელვადიანი სამსახურის პოვნის შესაძლებლობა ნაკლებად არის. აქ ძირითადი დამსაქმებლები საბიუჯეტო ორგანიზაციები და მეწარმეები არიან.

უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ზაფხულში ქუთაისში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც 70-მა კერძო კომპანიამ და 6-მა პროფესიულმა სასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა და რეგისტრაცია 1300-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. როგორც დამსაქმებლები აცხადებდნენ, ჰქონდათ რეალური ვაკანსიები და ეძებდნენ გამოცდილ კადრებს.

დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, ფორუმის შემდეგ 100-მდე ადამიანი დასაქმდა ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში და ეს კარგი შედეგია, თუმცა თავად მოქალქეები სხვა აზრის არიან. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი პროფესიით სურთ მუშაობა, რისი საშუალებაც ქალაქში არ არის.

დასაქმების მხრივ პრობლემას აღიარებენ მთავრობაშიც, მაგრამ იქვე მიუთითებენ, რომ მის გადაჭრაზე აქტიურად მუშაობენ. „დასაქმება ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ხელისუფლების. დავდივარ რეგიონებში და ვიცი, რა უჭირს ჩვენს ხალხს. უნდა ჩამოვაყალიბოთ გარემო, სადაც მეტი საწარმოები შეიქმნება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსექტორის ხელშეწყობა. სწორედ ბიზნესს, ბიზნესსექტორის განვითარებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება. ამიტომ, ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემსახურება ბიზნესის ხელშეწყობას და ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღებას. მთავრობისა და საფინანსო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობით შევძელით მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის განვითარება, რამაც შედეგად მოიტანა მოქალაქეების დასაქმება.

აი, ეს გახლავთ ის ნაბიჯები, რომლებითაც ჩვენ ვცდილობთ დავძლიოთ დასაქმების პრობლემა“, - აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს ჯერ კიდევ გასულ წელს მიაღწია და 12,4% შეადგინა, რაც, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, 2,2%-ით ნაკლებია. არც სპეციალისტებს და არც მოსახლეობას ოფიციალური მონაცემების არ სჯერა. არჩევნებიდან არჩევნებამდე დასაქმება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.