პარიზში მომხდარი ტერაქტების ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებით დაეცა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად ერთი ევროს კურსმა დოლართან მიმართებაში 1,0687 დოლარი შეადგინა და თითქმის მიუახლოვდა ექვსთვიან მინიმუმს, რომელიც 10 ნოემბერს დაფიქსირდა (1,0675 დოლარი).
„პარასკევს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა სარისკო აქტივებიდან სახსრების გადინება გამოიწვია, რომელსაც, ამ შემთხვევაში, ევროც მიეკუთვნება“,- განაცხადა Macquarie ბანკის ანალიტიკოსმა ნიზამ იდრისმა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ევრო მეტ-ნაკლებად მყარი ვალუტაა, გასაგები ხდება, რომ უშუალოდ ევროზონაში მომხდარი უარყოფითი ცვლილებები აუფასურებს ევროზონაში მოქმედ ვალუტას.
პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოს ფინანსურ მდგომარეობაზე?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, საერთოდ, სავალუტო ბაზარი, საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ისინი, პრაქტიკულად, ყველაფერზე რეაგირებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფონდო და სავალუტო ბირჟა მიბმულია პოლიტიკურ თუ სამართლებრივ რეგულაციებთან. დღევანდელი სიტუაცია, როდესაც საფრანგეთის ტერაქტებმა რეაგირება მოახდინა ევროს კურსზე და ევრო დოლართან მიმართებით გაუფასურდა, იყო შოკი, რომელიც გადაიტანა ევროპამ და ხანმოკლე პერიოდიანი გაუფასურება გამორიცხული არ იქნება.
„რა თქმა უნდა, ევროს კურსის დაცემა მოსალოდნელი იყო. სხვადასხვა საზღვარგარეთელი ანალიტიკოსების მხრიდან ვრცელდებოდა კიდეც ინფორმაცია, რომ მოხდებოდა ევროს გაუფასურება. მოგეხსენებათ, ევრო ევროკავშირის საერთო ვალუტაა, ევროკავშირის უმთავრესი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები იყენებენ ამ ვალუტას. საფრანგეთზე დამტყდარმა უბედურებამ გააუფასურა ევრო. ამიტომ ხანმოკლე პერიოდიანი გაუფასურება გამორიცხული არ იქნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც საფონდო ბირჟა ეკონომიკური ურთიერთობის წამყვანი ინსტიტუტია. თორემ ჩვენთან, საქართველოში, ასეთი ბირჟა არც არსებობს და ასეთ როლს არც თამაშობს ეკონომიკურ ვითარებაში. თუნდაც დავაკვირდეთ ნავთობის ფასს, ნავთობის ფასი ახლა დავარდა და ბარელზე 83 დოლარი შეადგინა. ეს სწორედ ამ ტერაქტების გამოძახილია. რაც შეეხება საქართველოს, საფრანგეთიდან გადმორიცხვებზე ეს მინიმალურ გავლენას მოახდენს და უფრო მეტი დოლარი შემოვა. ეკონომიკური ანალიზიდან გამომდინარე, ამან, გარკვეულწილად, უნდა გაამყაროს ლარის კურსი, მაგრამ ჩვენ რამდენად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობებზე, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. ჩვენთან ლარის კურსი პოლიტიკურად ანგაჟირებული, წინასწარ დადგენილი კურსია და რაც უნდა მოხდეს მსოფლიოში, ლარის კურსზე მხოლოდ მინიმალურ გავლენას იქონიებს. ჩვენთან ხომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პოლიტიკური ნებაც არ არსებობს, რომ ამით ეშველოს ლარის კურსს“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე განმარტავს, რომ თუკი, გავითვალისწინებთ, რომ გლობალიზაციური ფაქტორები ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, ეს ნიშნავს, რომ მოვლენა, რომელიც შეიძლება ხდებოდეს ჩვენი საზღვრებიდან მრავალი კილომეტრის დაშორებით, გავლენას მოახდენს ჩვენს შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზეც. ის, რომ საფრანგეთის დედაქალაქი ტერაქტების ტალღის ქვეშ აღმოჩნდა, გავლენას მოახდენს არა მარტო ტურისტების ნაკადზე ამ ქალაქში, არამედ ევროკავშირის ეკონომიკურ მდგრადობაზეც, რადგან საფრანგეთს ყოველწლიურად 82 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
„ტურისტული ნაკადების შემცირება გამოიწვევს დასაქმების შემცირებას საფრანგეთში. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ევროს კურსიც. მართალია, ქართველი მოქალაქეების მიერ საქართველოში გადმოგზავნილი თანხებით საფრანგეთი მაინცდამაინც დიდად არ გამოირჩევა და უფრო რუსეთი, აშშ და საბერძნეთი ლიდერობს, მაგრამ, მაინც, მთლიანობაში, საფრანგეთის ეკონომიკის დასუსტება საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროკავშირის ურთიერთობას და დამატებით პრობლემებს უქმნის საქართველოსაც. მას შემდეგ, რაც ევრო შევიდა მიმოქცევაში, ევროზონაში მოქმედ ამ ვალუტას ორჯერ ჰქონდა რთული პერიოდი, როცა ევრო დოლარზე უფრო სუსტი იყო, მაგრამ შემდეგ გამყარდა და საქანელის პრინციპით მუშაობდა. ახლა კი, როცა ამერიკული დოლარი აღმავლობის მდგომარეობაშია, ვნახოთ, რამდენად შეძლებს ევროკავშირი ამ გამოწვევას გაუძლოს. ეს არა მარტო ევროკავშირის, არამედ მთელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გადასროლილი ხელთათმანია, რასაც ადეკვატური და ღირსეული პასუხი სჭირდება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.