ქართველებმა საფრანგეთში მოგზაურობა გადაიფიქრეს

ქართველებმა საფრანგეთში მოგზაურობა გადაიფიქრეს

პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ საფრანგეთის დედაქალაქის მიმართულებით მიმოსვლა შეაჩერა. პარალელურად, საფრანგეთის დედაქალაქში მკვეთრად შემცირდა ტურისტების რაოდენობა. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა და პარიზის მონახულების სურვილი ქართველებმაც გადათქვეს.

ქართული ტუროპერატორები აცხადებენ, რომ პარიზის ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის მიმართულებით არცერთი ჯავშანი არ გაკეთებულა, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით მომხმარებლებს დაგეგმილი ტურების გაუქმების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ. ტურისტული კომპანიები ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ გრძელვადიან პროგნოზს, თუ რამდენად იმოქმედებს მათ ბიზნესზე არსებული არასტაბილური ვითარება და იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება.

„ტური.ჯი“-ს გაყიდვების მენეჯერი ნუცა ჯორბენაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საფრანგეთის მიმართულებით კომპანიას უკვე გაცემული აქვს დეკემბრის 10 ჯავშანი და არცერთ მომხმარებელს არ მოუთხოვია მათი გაუქმება, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახალი შეკვეთაც არ მიუღიათ.

„ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ტერაქტს ვუკავშირებ. მომხმარებელი თავს იკავებს საფრანგეთში მოგზაურობისგან. შარშან ამ დროისთვის უკვე დაგეგმილი ჰქონდათ საშობაო ტურები პარიზსა და „დისნეილენდში“, თუმცა დღესდღეობით, მოთხოვნა საერთოდ არ შეინიშნება. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, კვლავ პოპულარულია ესპანეთი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი“, - ამბობს ნუცა ჯორბენაძე.

საფრანგეთის მიმართულებით ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობენ ტურისტულ კომპანია „ბენეტურშიც“. დღევანდელი მდგომარეობით, ისეთი ტურისტული, კომბინირებული პაკეტები, როგორიცაა პრაღა-პარიზის მიმართულება, გაუქმებულია.

„როდესაც ტელევიზიებში მსგავს ინფორმაციას გადმოსცემენ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ასეთ დროს მე, როგორც ხელმძღვანელს, არ მაქვს სურვილი ჩემი კლიენტები ასეთ ქვეყანაში გავუშვა. სანამ ისინი მომმართავენ, მე გავაუქმე და სხვა კომბინირებული მიმართულებები შევთავაზე, მაგალითად, პრაღა-ბარსელონა“, - აცხადებენ „ბენეტურში“.

„ინტერკონტინენტალის“ გაყიდვების ოფიცრის ნიკოლოზ როყვას ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე არ ფლობს ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენად აისახა მათ შემოსავალზე ბოლოდროინდელი მოვლენები, მაგრამ აცხადებს რომ თუ სიტუაცია მალე არ დარეგულირდება, ეს ტურისტულ ბიზნესს საგრძნობლად დააზარალებს.

„იმედი მაქვს, მდგომარეობა მალე გამოსწორდება და არსებული ვითარება დასტაბილურდება. ამ ეტაპზე მომხმარებელს აქვს შიში, რის გამოც, რა თქმა უნდა, მოგზაურობისგან თავს იკავებს. ჩვენც საფრანგეთის მიმართულებით დროებით რაიმე სიახლის დაგეგმვას არ ვაპირებთ.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ რეისები არც ერთი ქვეყნიდან არ შეფერხებულა. საფრანგეთის მიმართულებით ტურების ფასების დაკლებაც შესაძლოა განვიხილოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: რას შემოგვთავაზებენ ჩვენი პარტნიორები და რამდენად სწრაფად დარეგულირდება არსებული არასტაბილური სიტუაცია“, - აღნიშნა ნიკოლოზ როყვამ „ბიპიენთან“ საუბრისას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ მოქალაქეებს თავშეკავებისკენ და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, შესაბამისად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება თავისთავად ასახვას ჰპოვებს ტურიზმზე.

ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მომხმარებლებმა საფრანგეთში მოგზაურობის გეგმების გადადეს. მისთვის უცნობია გაუქმდა თუ არა ტურისტულ კომპანიებში პარიზის მიმართულებით ჯავშნები და რამდენად მასობრივია ასეთი ფაქტები. ჯერჯერობით ტერაქტიდან რამდენიმე დღეა გასული და სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება რთულია.

ზოგადად კი ფრანგულმა ტურიზმმა ტერაქტების შედეგად 3 მილიარდი დოლარი დაკარგა. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პარიზზე ტერორისტულ თავდასხმას ტურიზმზე გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები ექნება.