გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე თამარ სანიკიძემ მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, განათლების სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები 2012 წელთან შედარებით, 55.6%-ით იზრდება.
ზოგადი განათლება
„2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონიპროექტით, ზოგად განათლებაზე მიმართული სახსრები 2012 წელთან შედარებით, 45.8%-ით იზრდება.
გაიზარდა ხელმისაწვდომობა ზოგად განათლებაზე. 500 000-მდე მოსწავლეს უსასყიდლოდ გადეცემა სახელმძღანელო და რვეული. ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 1150 საჯარო სკოლის 60 000-ზე მეტი მოსწავლე. შედეგად, დასწრების მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს;
ზოგად განათლებას იღებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირები. დაფინანსებულია სასკოლო ინიციატივების წახალისების 106 პროექტი თუმცა, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა, წლის ბოლომდე გაიზრდება.
განათლების ყველა საფეხურზე ვითარდება ინკლუზიური განათლება - 983 საჯარო სკოლაში 966 სპეცმასწავლებელი 5000-მდე სსსმ მოსწავლეს ემსახურება. ილიას უნივერსიტეტში დაიწყო სპეცმასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 35 საჯარო სკოლაში ადაპტირებული გარემო მოეწყო. თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ინტეგრირებული კლასები. პირველად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით. ჟესტური ენის განსავითარებლად, შეიქმნა მეთოდოლოგია და დამხმარე სახელმძღვანელოები. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის კი, იაშვილის კლინიკაში სპეციალური კლასი ამოქმედდა.
წარმატებით დასრულდა სკოლების ინტერნეტიზაციის პროგრამა; განხორციელდა მანდატურის სამსახურის ძირეული რეფორმა. შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები, მანდატურის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა; 300-მდე სკოლაში მოეწყო ექიმის კაბინეტი, რაც აქტიურად გრძელდება.
2013-2015 წლებში, 1069 სკოლას ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა 10, მიმდინარეობს 8 ახალი სკოლის მშენებლობა და 20 სკოლის პროექტირება, რომელთაგან 6-ის მშენებლობა წლის ბოლოსათვის დაიწყება. აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების რეაბილიტაციის პროცესებიც. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 საზღვრისპირა სკოლას, დაგეგმილია კიდევ 12 სკოლის რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს სკოლების აღჭურვა. 2013-2015 წლებში სასკოლო ინვენტარით და ავეჯით 2000-მდე საჯარო სკოლა აღიჭურვა.
ამოქმედდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. 2013 წელს მასწავლებლის საბაზო ხელფასმა 70 ლარით მოიმატა, მომდევნო ზრდა განხორციელდა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში. 2015-2016 წლებში საბაზო ხელფასი კიდევ ორ ეტაპად იზრდება. მზარდი იქნება მასწავლებლების ანაზღაურება სხვადასხვა კარიერულ საფეხურზე. შესაბამისად, მასწავლებლის საბაზო ხელფასი, დანამატების გარეშე, 2016 წლისათვის, ჯამში 70%-ით გაიზრდება. საბაზო ხელფასისა და დანამატების ზრდის შესაბამისად, 2016-2017 აკადემიური წლისათვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალი იქნება.
ამუშავებული პროგრამების შედეგად, 60%-ით შემცირდა ოჯახების დანახარჯი ზოგად განათლებაზე, 95%-ით გაიზარდა გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი და 20%-ით გაუმჯობესდა სწავლა-სწავლების შედეგები.
პროფესიული განათლება
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, პროფესიულ განათლებაზე მიმართული სახსრები 2012 წელთან შედარებით 83.0%-ით იზრდება.
2013 წლიდან სახელმწიფო პროფესიულ განათლებას სრულად აფინანსებს - 2013-2015 წლებში სახელმწიფო დაფინანსებით 27 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა. მიმდინარეობს მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. შემუშავდა 900 მოდული, ამოქმედდა 54 პროგრამა. დამსაქმებელთა მონაწილეობით, 200-ზე მეტი პროფესიული სტანდარტი განახლდა. მოდულების შესაბამისად, კოლეჯები აღიჭურვა და გადაიარაღდა საჭირო მასალითა და ინვენტარით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს პროექტის ფარგლებში, პროფესიული პროგრამები განვითარება საინჟინრო, ტექნოლოგიურ, სასოფლო–სამეურნეო და ტურიზმის მიმართულებით. კოლეჯებში ინერგება ხარისხის მართვის ევროპული ფონდის (EFQM) მოდელი. მიმდინარე წელს ორმა სახელმწიფო კოლეჯმა (ფოთი, ქუთაისი) მოიპოვა ISO სერტიფიკატები. მიმდინარეობს მუშაობა დუალური სწავლების ელემენტების დანერგვაზე;
2013 წელს, დაიწყო ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა. ადაპტირებულია გარემო უნივერსალური დიზაინით, განათლებას ეუფლება 300-მდე სსსმ სტუდენტი, მოქმედებს მრავალფეროვანი სერვისები (ჟესტური ენის თარჯიმნები, დამხმარე თანამშრომლები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები), განვითარდა ადაპტირებული სასწავლო მასალები. აღიჭურვა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყველა კოლეჯს. 17 კოლეჯში მიმდინარეობს უნივერსალური დიზაინით ადაპტაცია. აგრარული მიმართულების განვითარებისთვის სამ რეგიონში მიმდინარეობს მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა და სხვ. გაიხსნება 3 ახალი კოლეჯი, მიმდინარეობს სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მოწყობაც.
უმაღლესი განათლება
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, უმაღლეს განათლებაზე მისამართი სახსრები 2012 წელთან შედარებით, 41.0%-ით იზრდება.
სახელმწიფო პირდაპირი წესით ახორციელებს ბაკალავრიატის 21 პროგრამული მიმართულების დაფინანსებას.
გასამმაგდება სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. 3,5 ჯერ გაიზარდა დახარჯული თანხა. გაიზარდა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა და დახარჯული თანხები. დაფინანსებას იღებს მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი;
თითქმის სამჯერ გაიზარდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა. შეიცვლება ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტები. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გახდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის - ENQA-ს აფილირებული წევრი. შემუშავდა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო პროექტი. მიმდინარეობს „ევროსტუდენტის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები;
„Erasmus+“-ის ფარგლებში მოპოვებული სტიპენდიების რაოდენობით, საქართველო 74 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა. ათასწლეულის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2015 წლის სექტემბრიდან სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები ამოქმედდა სამ ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველად საქართველოში გაიცემა როგორც ქართული, ისე ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომები.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 16,1 მლნ ლარი დაიხარჯა.
მეცნიერება
„2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე მისამართი სახსრები 2012 წელთან შედარებით 82.0%-ით იზრდება. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებზე მიმართული სახსრები 2012 წელთან შედარებით, 164.0%-ით იზრდება. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდზე მისამართი სახსრები 2012 წელთან შედარებით იზრდება 144.0%-ით
შემუშავდა საკანონმდებლო ცვილებების პაკეტი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. გაიზარდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება და მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები.
საქართველოში პირველად ხდება დოქტორანტების დაფინანსება - გრანტის მაქს. მოცულობა 21 000 ლარი მოქმედებს სეზონური სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროგრამები. ხელმისაწვდომი გახდა ELSEVIER BV -ის ელექტრონული ბაზები. 2 ქართული სამეცნიერო ჟურნალი ELSEVIER BV -ის ელექტრონული ჟურნალების ბაზაში განთავსდა. მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაცია. პირველად საქართველოსა და კავკასიაში, გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული.
2013 წლიდან ხორციელდება თანამშრომლობა ისეთ კვლევით და საგანმანათლებლო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN, DUBNA, JUILICH CENTER, CNR, CNRS, STCU, ISTC, CRDF-Global, ELSEVIER BV.
დასრულდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან „Horizon 2020“-ში ასოცირებულ წევრის სტატუსით თანამშრომლობისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ იმავე უფლებებით, პრივილეგიებითა და პირობებით, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების და ჰორიზონტი 2020-ის პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები.