გაზაფხულისთვის ინფლაცია პიკზე იქნება

გაზაფხულისთვის ინფლაცია პიკზე იქნება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან დაკავშირებით მორიგი პროგნოზი გამოაქვეყნა და საკმაოდ მძიმე პერსპექტივაც გამოჩნდა. სებ-ი წლის ბოლოსთვის ინფლაციის 6%-მდე გაზრდას ვარაუდობს, ხოლო მომავალი წლის პირველ კვარტალში კი 7%-ს გადააჭარბებს.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.8%-ს შეადგენს და ეროვნული ბანკის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს კარგა ხანია რაც გადააჭარბა. ეროვნული ბანკში მიაჩნიათ, რომ ინფლაციის ზრდა კვლავწარმოების შუალედური ხარჯების ზრდამ გამოიწვია, რასაც უცხოური ვალუტის სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებდა. პარლალელურად, ლარის დევალვაცია ხანგრძლივი მომსახურების იმპორტული საქონლის ფასზე აისახა, რაც ინფლაციის ზრდის კატალიზატორი იყო.

აღსანიშნავია, რომ უკვე 3 თვეა რაც წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს (5,0%) გასცდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სებ-ი წლის დასაწყისიდან მოყოლებული პერმანენტულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მონეტალური პოლიტიკის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ 0,5%-ით გაიზარდა და 7,5%-ს მიაღწია. ასეთი მაღალი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი ბოლოს 2011 წლის სექტემბერში იყო.

„ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის მატებას“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ლარის გაუფასურება რომ ქვეყანაში ფასების ზრდას გამოიწვევდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობა და სებ-ი ამ საკითხს ყურადღებას ნაკლებად უთმობდნენ, რადგან ლარის კურსის ვარდნაში ერთმანეთის დადანაშაულებით იყვნენ დაკავებულნი.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი კიდეც, რომ მიზნობრივ ინფლაციაზე შეჩერება გაჭირდებოდა. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია როგორც ეროვნული ბანკის ქმედებაზე, ასევე იმპორტიორებზე. მთავარია, რამდენად მოახერხებენ ისინი ისეთ პრობლემასთან გამკლავებას, როგორიცაა ლარის გაუფასურება, პროდუქტების გაძვირება.

მართალია, წლის ბოლომდე ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ ამ ყველაფერმა შეიძლება საშიში ფორმა მიიღოს, რაც კიდევ უფრო გაართულებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ყოფა-ცხოვრებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ფინანსური კრიზისის გაღრმავების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ სახეზე გვაქვს იმის ნიშნები, რომ სავალუტო კრიზისი შეიძლება გაღრმავდეს“, - აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი.

ჯერჯერობით კი საქართველოს მოსახლეობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო 40%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, გაზრდილი ინფლაცია, რომელიც უკვე გასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რამაც, პირველ რიგში, გააძვირა კრედიტები ლარში, ხოლო დანარჩენ უარყოფით შედეგებს ქვეყანა უახლოეს მომავალში მოიმკის. ცხადია, რომ გაზაფხულზე 7%-იანი ინფლაცია მოსახლეობის ცხოვრების დონეს კიდევ უფრო გააუარესებს.