პრემიები სახელფასო დანამატებმა ჩაანაცვლა. ბიუჯეტიდან ისევ უამრავი თანხა იხარჯება დიდმოხელეთა ანაზღაურებაზე. პარლამენტს კი არ სურს რაიმე ზღვარი დაუდოს ამ ვითარებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის მასშტაბები შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელფასო დანამატის სახით გაცემული თანხის მოცულობა. გენერალური აუდიტორის მოადგილის დევი ვეფხვაძის განცხადებით, პრემიებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება საკითხის დარეგულირებას ვერ უზრუნველყოფს.
„2015 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, პრემიის მუხლით გაცემული სახსრები შემცირდა, საშუალოდ, თვიურად 50%-ით. პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელფასო დანამატის მუხლით გაცემული სახსრების მოცულობა, საშუალოდ, თვიურად 36.9%-ით. შედეგად საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრემიების დანამატით ჩანაცვლების ფაქტს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მთავრობის 449-ე დადგენილება საკითხის დარეგულირებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, მიზანშეწონილია შემუშავდეს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის მოწესრიგების მიზნით“, - განაცხადა დევი ვეფხვაძემ.
ამ ყბადაღებული საკითხის მოწესრიგების თაობაზე სულ სხვა წარმოდგენა აქვთ პარლამენტის დეპუტატებს. საკანონმდებლო ორგანოში მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიერ პრემიის აღების ამკრძალავი პროექტი ჩააგდეს. ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა პირველი მოსმენით კი გავიდა, მაგრამ მეორე განხილვა მისთვის გადაულახავი ბარიერი შეიქნა.
პარლამენტში სულ 44 დეპუტატი აღმოჩნდა, რომელიც პრემიების შემზღუდველ კანონპროექტს დაეთანხმა. ინიციატივას პირდაპირ შეეწინააღმდეგნენ ლევან ბერძენიშვილი, მალხაზ წერეთელი და ზვიად ძიძიგური.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და პროექტს მხარი არ დაუჭირეს: ნუკრი ქანთარიამ, ოთარ ჩრდილელმა, გუგული მაღრაძემ, ლუკა კურტანიძემ, გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ, თამარ კორძაიამ, ვახტანგ ხმალაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ, გიგა ბუკიამ, პაატა კვიჟინაძემ, გიორგი კახიანმა, ზურაბ ტყემალაძემ, დემურ ბაშალეიშვილმა და გიორგი გაჩეჩილაძემ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კენჭისყრამდე პარლამენტს დეპუტატმა გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. კახიანის თქმით, იდეა კარგია, ინიციატივის პათოსს მიესალმება, მაგრამ მისთვის მხარი პარლამენტს არ უნდა დაეჭირა, რადგან საკითხი კომპლექსურ მოწესრიგებას საჭიროებს.
ქუცნაშვილის კანონპროექტის მიხედვით, 2017 წლის 1-ელიანვრამდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს უჩერდებოდათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გემგებლებს. ჯამში, საუბარია 746 თანამდებობის პირზე.