კახა კახიშვილი: ,,საზოგადოების მხარდაჭერას ვგრძნობ!''

კახა კახიშვილი: ,,საზოგადოების მხარდაჭერას ვგრძნობ!''

რა შემთხვევაში კონტროლდება ,,საეჭვო'' ზარები ციხიდან, არსებობს თუ არა ბუნტის საფრთხე, რა სიახლეები ელის პატიმრებს, რატომ თქვა მთავარ პროკურორობაზე უარი და რას მიიჩნევს პენიტენციური სისტემის ყველაზე დიდ მინუსად სასჯელაღსრულების მინისტრი  

2012 წელს, ისედაც ყველაზე ჩაკეტილ პენიტენციურ სისტემას, ცნობილი ,,ციხის კადრების'' გამო, სახელი საბოლოოდ გაუტყდა. ამ შელახული იმიჯის აღდგენას წლები სჭირდება, რასაც ,,ვერსიასთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილიც ადასტურებს და აცხადებს, ყველაფრის აშენება ნულიდან კი არა, მინუსებიდან დავიწყეთო. რა არის დღეს ციხეების მთავარი მინუსი, დიდი ამნისტიისა და გატარებული რეფორმების მიუხედავად, რატომ რჩება პრობლემად ციხის მართვა, რამდენად რეალურია საუბარი იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები თუ ყოფილი მაღალჩინოსნები ქვეყანაში ვითარებას ციხის შიგნიდანაც ცვლიან, აისახება თუ არა პოლიტიკური დაძაბულობა საპყრობილეებზე და რატომ უფრთხის მინისტრი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას - ,,ვერსიის'' რესპოდენტი პენიტენციური სისტემის პირველი პირი კახა კახიშვილია, რომელიც ,,რუსთავი 2''-ში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, მედიაში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებასაც პასუხობს და იმ ცვლილებებზეც გვიამბობს, რამაც შესაძლოა, პატიმრების ცხოვრება შეცვალოს.

- ბატონო კახა, საუბარი კვირის აქტუალური თემით, ,,რუსთავი 2''-ით დავიწყოთ. პირველ რიგში, როგორც იურისტი და ამასთან, როგორც სახელისუფლო გუნდის წევრი, არხის გარშემო მიმდინარე დავას როგორ აფასებთ?

- ვცდილობ, ამ საკითხზე კონკრეტული კომენტარი არ გავაკეთო, რადგან ყველა თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორად მიმაჩნია. არ შევდივარ პოლემიკაში, რომელი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი და საფუძვლიანი და რომელი - არა. ჩემთვის ორი მთავარი პოსტულატი არსებობს: სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ნაჩქარევია. ამაზე მსჯელობა და აზრის გამოთქმა ერთია, კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმა კი, მეორე. ისიც აბსურდული იქნება, გამოვაცხადოთ, ვისაც ქარხანა წაგართვეს, იდავეთ და დაიბრუნეთ, ვისაც ტელევიზია - ჯერ ხმა არ ამოიღოთ, მოიცადეთო. ხვალ რომ ვინმემ ვინმეს ,,რუსთავი 2'' უკანონოდ წაართვას, ხმა არც ამაზე ამოვიღოთ. ,,რუსთავი 2''-ზე მიმდინარე დავა არაჯანსაღი მაშინ იქნებოდა, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხს გათიშავდნენ და ჟურნალისტებს შინ გაუშვებდნენ ან ფორმატის შეცვლას აიძულებდნენ, თუმცა ასე არ ხდება. ამიტომ შეფასებისას, ამოსავალი წერტილი ის არ უნდა იყოს, რადგან საქმე ტელევიზიას ეხება, სარჩელი საერთოდ არ შეიტანოთ და არ იდავოთო. თუ ასეა, მაშინ ძმებმა ყარამანაშვილებმაც განაცხადეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთო და რა ვქნათ, გასაჩივრებაში ხელი შევუშალოთ თუ ბრძოლა მარტო ერთი მხარისთვის არ შეიძლება და მეორესთვის დაშვებულია? ამიტომ მთავარია, არსებობდეს გარანტიები, რომ არხი მაუწყებლობის ფორმატს მთლიანად შეინარჩუნებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არავის დარჩეს განცდა, რომ ეს პოლიტიკური პროცესია.

- დიახ, ეს პოლიტიკური პროცესია.

- სწორედ ამიტომ ვამბობ: უნდა გაბათილდეს შიში, რომ ყველაფერ ამის უკან, შესაძლოა, არხის სარედაქციო პოლიტიკაში ცენზურის შეტანის მცდელობა იდგეს.

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან უსიამოვნება თქვენც შეგემთხვათ, რომელმაც დაწერა, რომ კაბინეტისთვის ნახევარი მილიონის ღირებულების ავეჯი შეიძინეთ. მართალია, ეს სკანდალი არ შედგა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ,,ბრალდება'' საიდან და რა მიზნით წამოვიდა?

- სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთ ბლოგს დაწერენ და ამბობენ, ჟურნალისტები ვართო. ამ ლოგიკით, მოსახლეობის 80% ჟურნალისტი გამოდის და ოთხმოცივე პროცენტს უფლება აქვს, სიტყვის თავისუფლების სახელით, არასწორი ინფორმაციები ავრცელოს. ამ კონკრეტული ბრალდების ავტორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, ფიზიკურად როგორ უნდა ჩამეტია ერთ ოთახში 500 000 ლარის ღირებულების ავეჯი ან, როცა რაღაც დოკუმენტს აქვეყნებ, როგორც მინიმუმ, შენ მაინც ხომ უნდა წაიკითხო?! რეალურად, ამ ბრალდების გასამაგრებლად, მოტანილია სატენდერო დოკუმენტი, რომელიც ახალი, სამსართულიანი ადმინისტრაციული შენობის გახსნას ეხება და იქ 5 დეპარტამენტისთვის განკუთვნილ საოფისე ინფრასტრუქტურაზეა საუბარი. თან თანხაც არასწორად იყო მითითებული, რადგან შიდასაოფისე ინფრასტრუქტურისთვის 140 000-მდე ლარი დაიხარჯა, დანარჩენი კი სხვადასხვა დაწესებულების ეზოსთვის სკამებისა და მაგიდების შესაძენად გადანაწილდა. ჯერ ვფიქრობდი, ამ ბრალდებას საერთოდ არ ვუპასუხებ- მეთქი, მაგრამ არ მინდა, ჩემს მიმართ თუნდაც 2 და 3 ადამიანს ჰქონდეს კითხვა, მით უმეტეს, არც მე და არც ჩემს წინამორბედს, საკუთარი კაბინეტისთვის ,,დივან- კრესლოები'' ნამდვილად არ შეგვიძენია. შემიძლია, ოთახი დაგათვალიერებინოთ და განახოთ, რომ ჯაკუზებითა და სხვა ფეშენმოსასვენებლებით აღჭურვილი სულაც არაა. ამიტომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, ალბათ, ჩემი დისკრედიტება იყო.

- გაბრაზებამ გაგიარათ თუ საინფორმაციო სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ისევ აპირებთ?

- ეს განცხადება ძალაში რჩება. მოკლე დროში სარჩელს იმ პირების წინააღმდეგ შევიტანთ, ვინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მათ გადამოწმების საშუალება ჰქონდათ, მაგრამ შეგნებულად გაავრცელეს და ჩვენი ახსნა- განმარტების მოსმენაც არ ისურვეს. თუ შესაძლებელი იქნება, მოვითხოვთ, ავტორებმა ბოდიში იმდენჯერ მოიხადონ, რამდენმა ადამიანმაც ნახა და გააზიარა ეს სტატია, თუმცა ეს საქმე ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არ არის.

- ჩანს, თქვენი პრიორიტეტი არც მთავარი პროკურორის პოსტის დაკავებაა, რადგან საკუთარი კანდიდატურა მოხსენით. ვისგან მიიღეთ ეს შეთავაზება და რატომ არ გსურთ პროკურორობა, როცა ამას, პრაქტიკულად, ხალხი ითხოვს?

- სისხლის სამართლისა და საარჩევნო საკითხების სპეციალისტი ვარ და ამ კუთხით მსჯელობა მუდმივად მიწევდა. შესაძლოა, ხალხს განცდა გაუჩნდა, რომ რაკი ამ სფეროებზე ვსაუბრობდი, კონკრეტული პოსტის დაკავება მსურდა, ან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, აი, იმ პოსტზე ივარგებსო. არც მაშინ და არც დღეს, მთავარი პროკურორობის სურვილი არ მქონია. ახლა ძალიან სერიოზული სამინისტრო მაბარია და პასუხს ამ უწყების გამართულ მუშაობაზე ვაგებ. ჩემი აზრით, აბსურდული იქნებოდა, მოქმედ მინისტრს რაღაც არჩევნებში დაეწყო მონაწილეობა. ვფიქრობ, ამ სამინისტროში 2012 წლიდან დაწყებული რეფორმები ბოლომდე უნდა მივიდეს, ამიტომ როცა ჩემი გვარი გაჟღერდა, განცხადებაც გავაკეთე და ჩემი კანდიდატურაც მოვხსენი, რადგან ამ თემის განვრცობა არ მსურდა. ზუსტად დღესაც არ ვიცი, რომელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა ჩემი კანდიდატურა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სახელისუფლო გუნდში ამაზე არავისთან მისაუბრია, არც შეთავაზება მიმიღია და მით უმეტეს, არც კონსულტაციები გაგვივლია. ჩემთვის ნომერპირველი ამოცანა სხვა სავარძლის პოვნა კი არა, იმ ნდობის გამართლებაა, რაც ამ პოსტზე გამომიცხადეს.

- დავაკონკრეტოთ: სხვა უწყებაში გადასვლა არ გინდათ თუ მთავარი პროკურორის სავარძელი?

- ვარ იქ, სადაც მთხოვეს და სადაც საზოგადოების მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემთვის უმთავრესია, ეს ნდობა და მხარდაჭერა გავამართლო.

- ამ დღეებში გავრცელებული ცნობილი აუდიოჩანაწერებიდან ერთ-ერთში, ერთმანეთს დათა ახალაია და ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომეო საჯაია ესაუბრებიან. ეს საკმარისი აღმოჩნდა ვარაუდისთვის, რომ ექსმინისტრი რევოლუციურ პროცესებს ციხიდან ეხმარება. ამ ვარაუდს საფუძველი აქვს თუ არა და ციხის ადმინისტრაცია მსგავსი მოულოდნელობებისთვის მზადაა?

- ზოგადად, ვერაფერს გამოვრიცხავთ. პირდაპირ გეტყვით, ციხე ისეთი სისტემაა, ,,ჩეპეებისგან'' დაზღვეული არასოდეს ხარ. როცა 10 200 პატიმარი და 4 700 თანამშრომელი გყავს და ისეთი ღია ტიპის დაწესებულებები გაქვს, სადაც 2 000 ადამიანი, დილიდან საღამომდე, ერთად ცხოვრობს, მხოლოდ სისტემაში ჩაუხედავმა პირმა შეიძლება განაცხადოს, ნამდვილად არაფერი მოხდებაო. 5-კაციან ოჯახში ხდება რაღაც და მოულოდნელობის საფრთხე 2 000 განსხვავებულ ადამიანში მუდმივად არსებობს.

თან, პენიტენციური სისტემა ნულიდან კი არა, მინუსიდან ჩავიბარეთ. პირველ ეტაპზე, სწორედ მინუსიდან ამოსვლა იყო საჭირო, შემდეგ კი ისეთი სიღრმისეული რეფორმების გატარება, რომელთა შეცვლა და შეჩერება, მომავალი მინისტრისა და მთავრობის ხასიათზე არ იქნებოდა დამოკიდებული. არ ვიცით, ვის რა გეგმები ექნება, მოუნდება თუ არა ოდესმე ამ სისტემაში ,,სადამსჯელო ბანაკების'' მოწყობა და ა.შ. ამიტომაა საჭირო ძირეული ცვლილებები, რაც პატიმრებისა და თანამშრომლების ურთიერთობას ისე ააწყობს, რომ ერთ და ორ დღეში ვერავინ შეცვალოს. მეორე მხრივ, ციხე სანატორიუმი არ არის და რომც იყოს, სანატორიუმის დამსვენებლებსა და პერსონალსაც თავისი უფლებები და მოვალეობები აკისრია.

- ერთი სიტყვით, არის თუ არა ,,მატროსოვზე'' იმის საშუალება, გარკვეული პროცესები, თუნდაც სატელეფონო საუბრებით დაიგეგმოს და ამის თავიდან ასაცილებლად რა მექანიზმები გაქვთ?

- ,,მატროსოვზე'' მყოფ ყველა პატიმარს, მათ შორის, ახალაიასაც, ამ ციხის რეჟიმის წესებიდან გამომდინარე, ტელეფონით სარგებლობის უფლება აქვს და პირდაპირ ვამბობ, იქ ე.წ. ქუჩის ტელეფონებია, რომლებიც არ კონტროლდება. წინა მინისტრის დროს, ჩვენს მიერ გატანილი რეფორმის ფარგლებში, ეს პრობლემაც გავითვალისწინეთ და გადმოვიტანეთ ევროპული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მაღალი რისკის დაწესებულებებში, მომავალში, ტელეფონები გაკონტროლდება. დღეს კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ციხეებში ტელეფონები არათუ არ ისმინება, არამედ, ამის ტექნიკური საშუალებაც არ გვაქვს. როგორც ბაჩო ახალაიას, ისე სხვა პატიმრებს, კანონით დადგენილი სატელეფონო საუბრების ლიმიტი აქვთ და ამ ლიმიტით სარგებლობენ. კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა პატიმარი სარგებლობს კანონით გაწერილი უფლებით.

- ანუ მსგავსი ჩანაწერები თქვენთვის ეჭვის საფუძველს არ წარმოადგენს?

- თუ კონკრეტული მასალა გვექნება ხელთ, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნები დადგინდება, გამოძიებაც დაიწყება და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, სასამართლოს მივმართავ, რათა მოსმენების ნებართვა მივიღოთ. ამ პროცედურების გვერდისავლით, ეს არ მოხდება. გარდა ამისა, დღეს არ გვაქვს საფუძველი, კონკრეტულად ,,მატროსოვის'' პატიმრების მიმართ ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობა დავიწყოთ.

- ,,მატროსოვს'' თავი რომ დავანებოთ, რამდენჯერაც ქვეყანაში ფონი იძაბება, იმდენჯერ იწყება საუბარი, რომ ციხეებში ბუნტი იგეგმება. დღეს, როცა პოლიტიკურ ძალებს შორის მწვავე დაპირისპირებაა, ბუნტის საფრთხე არსებობს?

- ეს თემა მუდმივად აქტუალურია, ხშირად ამბობენ, რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტია ციხეებში არეულობას გეგმავს. არავინ იცის, რომელი თანამშრომელი რომელი პარტიის მხარდამჭერია და არც იმისგან ვართ დაზღვეულნი, რომ ჩვენი პერსონალი ვინმეს არ შეეკვრება. იქეთ ,,კანონიერი ქურდები'' ცდილობენ გავლენის გაძლიერებას, აქეთ - ეს პოლიტიკური ფონი და უბრალოდ, შეუძლებელია, ამ სისტემაში რაღაც გამორიცხო. ისიც აბსურდია, თითო განცხადებაზე ცალკე ოპერატიულსამძებრო სამუშაოები ვაწარმოოთ. გვაქვს სერიოზული ანალიტიკური ცენტრი, ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო და ყველა ინფორმაცია საფუძვლიანად მოწმდება.

 რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ თითქოს ციხის ბუნტი იგეგმებოდა, გამოძიება დაიწყო. ვერ გეტყვით, დღეს ეს საქმე რა ეტაპზეა, მაგრამ არცერთ განცხადებას შეუმჩნეველს არ დავტოვებთ. შესაძლოა, ასეთი განცხადებები პანიკის დათესვის ან პროცესების ესკალაციის მიზნით შეგნებულადაც კეთდებოდეს. ჩვენ ამ სისტემის სტაბილურობა უნდა უზრუნველვყოთ და ამიტომაც, თანამშრომლებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა აეკრძალათ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, ასეთ განცხადებებს არც მე ვაკეთებ, რადგან არ მინდა, ჩემს თანამშრომლებს, ასე ვთქვათ, ტონი მივცე. ამ სისტემაში სასჯელს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი იხდის, ამიტომ მუდმივად ერთ პარტიასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბარი არ მინდა, გარკვეული დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ვცდილობთ, სისტემა ბოლომდე დეპოლიტიზებული იყოს.

- ამ სისტემის ,,გაადამიანურების'' მცდელობაზე პატიმარი გოგონას ტელეშოუში ხილვაც მეტყველებს. შინაპატიმრობისთვის განკუთვნილი სამაჯურებიც შეგიძენიათ და როგორც ცნობილია, პატიმრების დასაქმების პროგრამაც მალე ამოქმედდება. რამდენად რეალურია ეს ცვლილებები და შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობას როდის დაასრულებთ?

- 3 წლის წინ დაწყებული რეფორმის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საერთოდ გაუქმდა, რადგან ეს იყო ,,სახელმწიფო სახელმწიფოში'' და მისი მართვის ბერკეტები არ არსებობდა. ამისთვის, ცვლილება 40 კანონში შევიდა და ეს პროცესი გრძელდება. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, კვლავ ბევრი ცვლილება შედის საკანონმდებლო აქტებში, რაც ჩვენი ერთიანი ხედვაა და არა - მხოლოდ კახიშვილის დამსახურება. რაც შეეხება სამაჯურებს, 200 ერთეული უკვე შევიძინეთ და შევქმენით სპეციალური სერვერებით აღჭურვილი ოთახები მონიტორინგისთვის. პირველ ეტაპზე, ეს სერვისი მხოლოდ არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის იქნება, თუმცა იმაზეც ვმუშაობთ, რომ ცოტა ხანში, ცვლილება სრულწლოვნებზეც გავრცელდეს. ზოგადად, აქტიურად ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ფარგლების გაფართოებაზე, რადგან რეალურად, დღეს მხოლოდ ორი ხერხი გამოიყენება - წინასწარი პატიმრობა ან გირაო. სხვა ხერხები არც ეფექტურია და არც ქმედითი. ამ შეთავაზებას მთავრობის სხდომაზე მალე გავიტანთ, რაც პატიმრების რაოდენობას შეამცირებს, ოღონდ არა ,,ქუჩის კრიმინალის'' გაზრდის ხარჯზე. საჭიროა ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმები, ამ სამაჯურების სახით, რაც ჯამში, იმაზე ძვირი არ ჯდება, ვიდრე თითოეული პატიმრის შენახვა. კიდევ ერთი კარგი ინიციატივა გვაქვს, რომლის მთავრობის სხდომაზე გატანაც მალე იგეგმება.

- ალბათ, პატიმრების დასაქმების პროგრამაზე საუბრობთ, რაზეც კითხვები უკვე არსებობს: რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ან რა კატეგორიისა და პროფესიის პატიმრები შეძლებენ ამ პროგრამაში ჩართვას?

- როცა 2 000 ადამიანი, დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე ერთ დაწესებულებაში ზის და 10-15 წლით არაფრის პერსპექტივა აქვს, კაცმა არ იცის, რა იდეები შეიძლება დაებადოს. ასე იქმნება სტრესული, კონფლიქტური სიტუაციები, ვიღაცის მეშვეობით ნარკოტიკების შემოტანის სურვილი და ა.შ. ჩვენ ამ ადამიანებს ორ არჩევანს შევთავაზებთ და ამით უფრო ადვილად დავადგენთ, ვის სურს მუშაობა, საკუთარი ფულის გამომუშავება და მოკლე გზის გავლა თავისუფლებამდე და ვინ რჩება ქურდული და კრიმინალური სუბკულტურის ერთგული. ამ უკანასკნელების იზოლირება კი აუცილებლად მოხდება. უახლოეს მომავალში, პირველად საქართველოში, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნას ვგეგმავთ, მკაცრი სარეჟიმო პირობებით, სადაც სწორედ კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრები მოხვდებიან, რომელთაც უკეთ ყოფნა სხვა პატიმრების ჩაგვრის ხარჯზე სურთ. რაც შეეხება დასაქმებას, უკვე გვაქვს იმ პატიმრების სია, რომლებიც კონკრეტულ ხელობას ფლობენ. ვთქვათ, ციხეში რაღაც კედელია შესაღები. ამისთვის, კონკურსის წესით, ვინმეს გარედან კი არ მოვიწვევთ, ხელშეკრულებას პირდაპირ შესაბამისი პროფესიის პატიმარს გავუფორმებთ და ფულსაც გადავუხდით. ასევე, ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზის მომზადებაზე, რათა საჭირო სამუშაოს შესასრულებლად, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შესაძლებლობა გვქონდეს. გარდა ამისა, გვჭირდება ათასობით პური, ლეიბი და ა.შ. ყველაფერ ამის შესაძენად, ტენდერს კი აღარ გამოვაცხადებთ, არამედ პირდაპირ დაწესებულებაში არსებულ სამკერვალო ფაბრიკას ან საცხობს შეუკვეთავთ და ასე, ბიზნესსექტორსაც მეტი სტიმული ექნება, ჩვენს დაწესებულებაში ახალი საწარმოები ააშენოს. თუ პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს, ბევრი პატიმარი დასაქმდება.

- ამ ცვლილებების მიუხედავად, თქვენი შეფასებით, პენიტენციური სისტემის მთავარ მინუსად და გამოწვევად რა რჩება?

- საერთოდ, ევროპული ციხე მხოლოდ პატიმრების უფლებების კი არა, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაცაა, რაც 2 000-კაციან ციხეებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვფიქრობ, ციხეებში ამხელა ლიმიტი არ უნდა არსებობდეს და ნელ-ნელა საკნობრივ სისტემაზე უნდა გადავეწყოთ. საჭიროა, ერთი, დიდი დაწესებულების ნაცვლად, რამდენიმე მცირე დაწესებულება აშენდეს, პატიმრების რაოდენობის უფრო დაბალი ლიმიტით. რთულია 2 000 კაცის კონტროლი, მით უმეტეს, როცა პატიმრების რიცხვი თანამშრომლებისას ბევრად აღემატება. ნაკლები ლიმიტის მქონე ციხეებში კი მართვის ბერკეტები გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, უფრო მოქნილი გახდება პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის პროცესი. დღესაც ბევრ პრეტენზიებს ვიღებთ, ეს დროულად რატომ არ ხდებაო და არავინ იცის, ამის უკან რამხელა საგამოძიებო სამუშაოები დგას. ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლები, ყველა გადაყვანის წინ, სწავლობენ, ადგილზე მყოფ 2 000 კაცთან, ერთ კონკრეტულ პატიმარს ძველი წყენა, მტრობა, ნათესაური კავშირი, ან ნაცნობობა ხომ არ აკავშირებს და რამდენად მაღალია მოსალოდნელი კონფლიქტების რაოდენობა. ეს კი ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ამ თემას ძალიან ფრთხილად ვუყურებთ.

- და რამდენია ერთ დაწესებულებაში პატიმრების გონივრული ლიმიტი?

- ევროპული გამოცდილებით, მაქსიმალური ლიმიტი 400 პატიმარია, თუმცა არსებობს ისეთი საპატიმროებიც, სადაც მაქსიმუმ, 200 კაცის ყოფნაა დაშვებული, თუმცა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების მისაღწევად მხოლოდ ესეც არ იქნება საკმარისი. საჭიროა ციხეებში უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც აქამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. მაგალითად, ქუთაისის ციხის ნებისმიერ საკანში ქუჩიდან შეიძლება, ყვირილი გააგონო, გლდანის ციხის კორპუსებიდან კი პირდაპირ ჩანს ადგილი, საიდანაც ციხეში ახალი პატიმარი შეჰყავთ. ეს ყოვლად დაუშვებელია და ამიტომაც, გლდანში შიდადერეფნის გაკეთებაზე ვფიქრობთ. ციხე არ არის 5 კორპუსი, რომელიც, უბრალოდ, ერთ ტერიტორიაზე დგას, საჭიროა სწორი განლაგება და სწორი არქიტექტურული პროექტები. მოკლედ, გეგმა ნამდვილად ბევრი გვაქვს. ახლა მთავარია, ეს რეფორმები ისეთ რელსებზე შევაყენოთ, რომ მომავალში ხელის ერთი მოსმით, ან ახალი მინისტრის ერთი ხელმოწერით, ეს პროგრესი არ გაჩერდეს. ყველაფერი ეს კი ისე უნდა გაკეთდეს, 2016 წლის არჩევნების მერე, რა პოლიტიკური კონფიგურაციაც უნდა იყოს ქვეყანაში, ამას სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს.