საბანკო გარანტიის შესახებ საქართველოს ბუნდოვანი კანონმდებლობა ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. განსაკუთრებულად გაურკვეველია ინფრასტრუქტურული ტენდერების პირობები. ამ სფეროში მიმდინარე პროცესები არაერთ შეკითხვას ბადებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიები გამოუვალ ვითარებაში ვარდებიან და კოტრდებიან კიდეც.
მთავრობის წევრები დიდი ხნის განმავლობაში ტენდერებთან დაკავშირებულ სირთულეებზე არ საუბრობდნენ. ინფრასტრუქტურის ამჟამინდელმა მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ეს „დუმილი“, პრაქტიკულად, პირველმა დაარღვია და არსებული პრობლემები აღიარა.
როგორც იურისტები განმარტავენ, პრობლემის სათავე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებია. მათი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის გარანტიების არსებობა, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 1997 წლიდან არ განახლებულა. მოძველებული ნორმები კი ვერ პასუხობს საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს.
როგორც იურისტი ნინო ლიპარტია „კომერსანტთან“ აცხადებს, ქვეყანაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კანონმდებლობამ ფეხი ვერ აუწყო და დღემდე ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება მოძველებული კანონმდებლობის პირობებში ხორციელდება.
პრობლემა კი ასეთია: სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ დადებული ხელშეკრულებების უზრუნველყოფა ხდება სხვადასხვა სახის საბანკო გარანტიებით. გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი ხელშეკრულების მხარის მიერ დარღვეულია ძირითადი ვალდებულება. თუმცა პრაქტიკაში ხდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ვალდებულების სრულად შესრულების მიუხედავად, სახელმწიფო სტრუქტურები მაინც ითხოვენ გარანტიის თანხის გადახდას.
ამის საშუალებას კი მათ საქართველოს საქალაქო კოდექსში არსებული ერთ-ერთი ნორმა აძლევს, რომლის თანახმად, შემსყიდველის განმეორებითი მოთხოვნა თანხის გადახდასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს,
ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც არაერთი ინფრასტუქტურული ობიექტის საზეიმოდ გახსნის შემდეგ სამთავრობო სტრუქტურებმა ამ ობიექტის მშენებლობის უზრუნველსაყოფად არსებული გარანტიებით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოითხოვეს. დღემდე უამრავი ასეთი დავა განიხილება სასამართლოს მიერ.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შემდგომ გამოიწვევს ურთიერთობების დახვეწასა და მოწესრიგებას, რაც არა მხოლოდ კერძო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ თავად სახელმწიფო ტენდერების შესრულების ეფექტურობას განაპირობებს“, – აცხადებს ნინო ლიპარტია.
ზემოაღნიშნული ბუნდოვანების და არსებული სასამართლო პრაქტიკის შედეგად, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანოების მხრიდან მასობრივი ხასიათი მიეცა ნებისმიერი მიზეზით ან ხშირად სრულიად უმიზეზოდ, საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნას. ამ ყველაფერმა კი, როგორც იურისტი გიორგი გვენეტაძე აცხადებს, მძიმე შედეგები უკვე მოიტანა.
„არსებობს სავალალო პრეცედენტები. მაგალითად, ერთ-ერთმა სახელმწიფო კომპანიამ უკვე დარღვეული ხელშეკრულების შესრულების გარანტია გამოსტყუა გარანტორს... სასამართლოში ეს ყველაფერი ცხადად გამოჩნდა, თუმცა სასამართლომ ისევ და ისევ კანონის ბუნდოვან პუნქტზე დაყრდნობით მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების სასწრაფო საკანონმდებლო ცვლილება, რაც გაითვალისწინებს არსებულ რეალობას და ასევე შესაბამისობაში მოვა ევროპულ სტანდარტებთან“, – აცხადებს გიორგი გვენეტაძე.
როდის დადგება კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი ჯერჯერობით უცნობია. არადა, ეს კერძო ბიზნესს აზარალებს და გარკვეულწილად ეკონომიკასაც აფერხებს.