განათლების სამინისტროში რეფორმომანია მძვინვარებს. ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა ინიციატივების, გეგმების, მეთოდების შემუშავება, დახვეწა, დანერგვა და გადანერგვა. ერთი ეტაპი ჯერ დასრულებული არ არის, რომ შუა გზაში მეორე იწყება, მერე - მესამე, მეოთხე. ამასობაში პირველი უქმდება და რეფორმა ხელახლა იწყება.
ამჯერად, ირკვევა, რომ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებს, სასწავლო გეგმებსა თუ სტანდარტებს აღარ შეაფასებს, რადგან მას, მთავრობის დადგენილებით, ეს ფუნქცია ჩამოერთმევა.
აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით გაურკვეველია სახელმძღვანელოებისა და სასწავლო გეგმებს სტანდარტების საკითხიც. არადა, სულ რაღაც 1 წელია, რაც ისეთი სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე დაიწყო მუშაობა, რომლის გამოყენება მინიმუმ 5 წლის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი. რომელი ცენტრი ან, საერთოდ, ვინ იზრუნებს ამ და სხვა საკითხებზე, დიმიტრი შაშკინის უწყებაში კომენტარს არ აკეთებს. ახალი ინიციატივის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა და იგი ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრად გარდაიქმნება. კანონპროექტი მთავრობას ეკუთვნის.
რატომ ჩამოერთვა ცენტრს სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სასწავლო პროცესის კვლევა-შეფასების სისტემის ფუნქცია, რა იყო ჩამორთმევის მიზეზი და ვის გადაებარება აღნიშნული მისია - ამ ყველაფრის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
პედაგოგიკის მეცნიერ-დოქტორი, აკადემიკოსი ზურაბ ვახანია კი ამბობს, რომ შეფასების ფუნქციის გარეშეც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დანიშნულება მცირე არ არის.
"თუკი ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ცენტრს თავისი ფუნქცია დაეკარგება. სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შექმნა ცოტა საქმე არ არის. პირიქით, საკმაოდ ბევრია", - აცხადებს ზურაბ ვახანია.
ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შედგენა და, საერთოდ, სასწავლო პროცესის შესახებ კვლევების და შეფასებების ორგანიზების ფუნქცია კვლავინდებურად გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეროგატივა იქნება თუ არა, ამ დროისთვის გაურკვეველია. თავად გამოცდების ეროვნულ ცენტრშიაცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერია ცნობილი და მომავალი გადაწყვეტილებებიც ჯერჯერობით გაურკვეველია.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მისია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლებაა. მისი ძირითადი მიზნებია: ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, პილოტირება, დანერგვის ხელშეწყობა და მუდმივი განვითარება; საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეროვნული შეფასებების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ეროვნული და სხვა შეფასებების განხორციელება; სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.