„ახალგაზრდა ადვოკატები“ „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ არსებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, მოსამართლე ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, კანონიერია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად შესაბამისობასია კანონმდებლობასთან, რომელიც ეფუძნება ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პრეცედენტულ მოხმობას და ასევე ამერიკის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედარებას ქართულ სინამდვილესთან, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის საკითხს ეხება“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების მნიშვნელოვან შეცდომას წარმოადგენს.
„მას შემდგომ, რაც სასამართლომ 3 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლემ დაასრულა ძირითადი საქმის განხილვა, გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, მხარეს გაუჩნდა კანონიერი ინტერესი მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად ხელმეორედ მიემართა სასამართლოსთვის. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოში 4 ნოემბერს შედის ხალვაშის ადვოკატის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია 3 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფა და მოთხოვნილია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის საკითხი. სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, 24 საათის განმავლობაში იმსჯელა აღნიშნული განცხადების საფუძვლიანობაზე, მიიჩნია მოთხოვნა სამართლიანად და მიიღო განჩინება, მხარის სასარჩელო განაცხადის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ განჩინება, რომელიც უზრუნველყოფს 3-5 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელი მხარე იქნება დავის ფინალში მოგებული. დროებითი მმართველების დანიშვნა ემსახურება ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს, რომ ტელეკომპანია მოცემული კომერციული სტატუსით, ამ ფორმით გადავიდეს იმ ადამიანის ხელში, როემლსაც საკასაციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნებს. „რუსთავი 2“-ის იურისტების მნიშვნელოვანი შეცდომას წარმოადგენს ის მიდგომა საქმისადმი და გადაწყვეტილება, რომ მას შემდეგ, რაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება გაჩნდა, ტელეკომპანიის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრეს, მათ შორის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მექანიზმი, ისევე როგორც აღსრულების დაუყოვნებლივი მიქცევა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეჩერდებოდა. ამ ნაწილში „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც მხედველობიდან გამორჩათ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მუხლის შეჩერებასთან დაკავშირებით მიემართათ“,-განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძრვანელმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანობაში კანონიერია, მაგრამ როგორც იურისტს, მას გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულებებიც გააჩნია.
„ამგვარად, არ დარღვეულა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით, რადგანაც განჩინება დასაბუთებულია აბსოლუტურად სხვა კანონის სხვა ნორმებით და არა იმ რეგულაციებით, რომელიც მოცემულ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება მთლიანობაში კანონიერია, მაგრამ როგორც იურისტს გამაჩნია კრიტიკული დამოკიდებულებები ამ გადაწყვეტილების იმ ნაწილში, როდესაც მოსამართლემ განმარტა ნორმა და განმარტა იმგვარად, თითქოსდა შეაფასა რომელიმე ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო მუშაობის ნაწილი, თუ როგორ უნდა მოემზადებინა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მასალა. ამ ნაწილში მგონია, რომ ასეთი ჩანაწერები არ უნდა გაჩენილიყო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, ამ ჩანაწერის მიუხედავად, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოდ გამოვაცხადოთ“, - განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.