"ოცნება": ჩვენ ვემიჯნებით "რესპუბლიკელების" პოზიციას

"რესპუბლიკური პარტია" მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით მან ხელისუფლებას "დათვური სამსახური" გაუწია. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული იყო და ისინი "რესპუბლიკელების" პოზიციას ემიჯნებიან. თუმცა აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული მოსაზრებისა, ეს კოალიციაში უთანხმოებას არ გამოიწვევს.

ასე ფიქრობენ, თავად "რესპუბლიკელებიც" და ამბობენ, რომ განსხვავებული მოსაზრება კოალიციაში პრობლემებს არ შექმნის.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში აზრთა სხვაობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს, საღამოს 17 საათზე მიღებულმა განჩინებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც სამაუწყებლო კომპანია "რუთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ასევე ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ."რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, პარტია აღნიშნულ გადაწყვეტილებებს კატეგორიულად ემიჯნება. მისი განცხადებით, ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ცუდ ასოციაციას იწვევს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით, მან ხელისუფლებას "დათვური სამსახური" გაუწია.

"რესპუბლიკური პარტია" ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება. ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოს, რომ პოლიტიზებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხი და არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხი.

"დღესაც კი, როცა ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი, როგორიც 2012 წელს იყო, ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა ცდილობს დღევანდელი უფროსობის, კონტროლის ქვეშ იყოს. ჩვენ კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება არც საკონსტიტუციო სასამართლოში და არც საერთო სასამართლოებში", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

აღნიშნულ თემაზე აზრი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დავით ზურაბიშვილმაც გამოხატა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში მთავარი პრობლემა არა სიტყვის თავისუფლების ან სამართლიანობის აღდგენაა, არამედ ხელისუფლების სასამართლოსადმი დამოკიდებულებაა.

"ერთ-ერთი არსებითი ხასიათის მიღწევა, რაც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლას მოჰყვა, სასამართლოს ხელისუფლების წნეხისგან გათავისუფლება იყო. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შანსი, რომ სასამართლო სისტემას ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინა მთავრობის ნოტარიუსის სამარცხვინო ფუნქცია და ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ძლიერ, დამოუკიდებელ შტოდ, რაც აუცილებელია, თუ საერთოდ გვინდა ნორმალური, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფო.

"ურთმელიძის ეს განჩინება კი არის ძალიან სერიოზული დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. პოლიტიკური მოტივები აქ იმდენად აშკარაა, რომ ამას თეთრი ძაფით ნაკერიც აღარ ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ თუკი აქამდე მოსამართლეს არ ჰყავდა დედა, ახლა სასამართლოს აღარა ჰყავს.

"ღლიცინი და სიხარული "აბა, "ნაცები" რომ იმას აკეთებდით, კაი იყო?" სტილში ხომ საერთოდ გულისამრევია. არამც და არამც არ შეიძლება ასეთი პრეცედენტის დაშვება. "ქურდის ქურდი ცხონდა"-ს პრინციპით ცივილიზებული სახელმწიფო არ შენდება," - ნათქვამია დავით ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე გაავრცელა.

"რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით, სხვანაირად ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრები. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობის დანარჩენი ნაწილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრების პოზიციას ემიჯნება და სასამართლოს გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევს. მისივე თქმით, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაში ხელისუფლება არ ჩარეულა.

როგორც ტყემალაძემ "რეზონანსს" განუცხადა, მიუხედავად "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებული პოზიციისა, ეს კოალიციაში უთანხმოებას არ გამოიწვევს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოსაზრებას ვემიჯნებით, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სასამართლომ იმოქმედა კანონის ფარგლებში. ცხადია, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე და უშუალოდ მოსამართლე ურთმელიძეზე არც ზეწოლა და არც რაიმე ტიპის ჩარევა არ მომხდარა.

"ახლა იურიდიული ნიუანსებია გასარკვევი, რასაც ბუნებრივია, ისევ სასამართლო განიხილავს. ჩვენ ვემორჩილებით სასამართლო გადაწყვეტილებას, დანარჩენს კი მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს.

"რაც შეეხება "რესპუბლიკელების" განსხვავებულ მოსაზრებას, კოალიცია და გუნდი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთსა და იმავეს უნდა იმეორებდეს. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ ბატონი დავით ბერძენიშვილის პოზიციას, თუმცა გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება," - გვითხრა ზურაბ ტყემალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის აზრით, დავით ბერძენიშვილის განცხადება აღნიშნული თემის ირგვლივ ნაკლები ინფორმაციის ფლობით იყო გამოწვეული. ამბობს, რომ, მიუხედავად ამისა, უმრავლესობის სხვა წევრები მის პოზიციას პატივს სცემენ, თუმცა, აქვთ განსხვავებული მოსაზრება.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება აბსოლუტურად გასაგები და გამართლებული იყო.

"ეს განცხადება დავით ბერძენიშვილმა დილის საათებში გააკეთა და ვფიქრობ, რომ მას საკმარისი და სრული ინფორმაცია აღნიშნული თემის ირგვლივ არ ჰქონდა. თუ ჰქონდა და მაინც ამ აზრზეა, კი, ბატონო, ეს მისი უფლება და პოზიციაა. კოალიციაში კი არა, განსხვავებული მოსაზრება ოჯახში აქვთ ხოლმე. ამიტომ არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელმაც შესაძლოა, კოალიციაში განხეთქილება გამოიწვიოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ამგვარია.

"ვფიქრობ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ აქვს მომხდართან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად გასაგები გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მომენტალურად გასხვისება არ უნდა მოხდეს. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მართებული იყო, ვინაიდან ორივე მხარეს სასამართლო დავის გაგრძელების საშუალება აქვს.

"აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ადმინისტრირებას ეხება - მოსამართლემ ჩათვალა, რომ ის ადმინისტრაცია, რომელიც ამჟამად "რუსთავი 2"-ში არსებობს, რეალურად სიტუაციას არ მართავს, იქ სიტუაციას მართავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სისხლისღვრის ორგანიზებაზეა ორიენტირებული. ამდენად, ეს გადაწყვეტილება მართებული იყო, დანარჩენი კი მხარეთა დავამ უნდა აჩვენოს," - უთხრა "რეზონანსს" ვოლსკიმ.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, მიუხედავად მათი პარტიის ზოგიერთი წევრის განსხვავებული აზრისა, ეს კოალიციის შიგნით პრობლემების გამომწვევი არ იქნება.

"სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იყო შეფასებები, რომელიც არსებულ ვითარებას ეხებოდა. არ მგონია, რომ ეს შეფასებები ერთგვაროვანი იყო, სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ. ყველას გვაქვს ჩვენი აზრი და ეს ყოველთვის ერთმანეთისას არ დაემთხვევა. არ მგონია, რომ ეს პრობლემაა.

"ასე, ამას წინათ ბატონმა გოგი თოფაძემაც გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება, ეს ჩვენს მოსაზრებას არ დაემთხვა. ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ეს პრობლემას არ ნიშნავს. ავტომატი არავინ არ არის, განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება," - გვითხრა ლევან ბერძენიშვილმა.