ლაშა ჟვანია: ადამიანი, რომელსაც ქრისტეს აღდგომა სწამს, დამატებით სასწაულებს აღარ უნდა ეძებდეს

ლაშა ჟვანია: ადამიანი, რომელსაც ქრისტეს აღდგომა სწამს, დამატებით სასწაულებს აღარ უნდა ეძებდეს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია მიიჩნევს, რომ 

სასწაული ხშირად მცირედმორწმუნეთათვის ხდება, მათთვის, რომლებსაც რწმენაში გაძლიერება სჭირდებათ. მორწმუნე ადამიანში კი დამატებითი სასწაული აჟიტირებას აღარ იწვევს.

ამ დღეებში გალა-კონცერტზე ემზადებით პატრიარქის მიერ შექმნილი ახალი საგალობელის ”sanctus”-ის პრემიერა შედგა, რომელანიტა რაჭველიშვილმა, თეონა დვალმა, შალვა მუქერიადა ლადო ათანელმა შეასრულე...  

- ბილეთების ნაწილი გაიყიდა და თანხა  ნოდარ ანდღულაძის იდეის განხორციელებას მოხმარდება. კერძოდ, ბავშვებისთვის შეიქმნება თოჯინების ოპერა, რისი საშუალებითაც პატარები სასიამოვნო წარმოდგენების ფონზე 20-40 წუთის განმავლობაში მაღალი გემოვნების მუსიკას მოუსმენენ. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს იდეა მნიშვნელოვნად ჩათვალა. ასეთი ოპერა თავის დროზე საქართველოშიც არსებობდა და მისი შედეგი ძალიან დიდია. 

 

თავისთავად, ჩვენი ფონდი სულიერებას, მეცნიერების განვითარებასა და აღორძინებას ემსახურება. კლასიკური მუსიკის ფესტივალი კულტურისა და სულიერების განვითარებას უწყობს ხელს, რადგან მაღალი სულიერება  მაღალი კულტურის გარეშე შეუძლებელია. მუსიკა ხომ სულის ერთ-ერთ გამოხატულებაა. რაც შეეხება მეცნიერებას, ამ სფეროში ჩვენ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფი ნავთობისა და გაზის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რათა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების საშუალებები გაიზარდოს.  მეორე მიმართულება კი დემოგრაფიულია, ისევე, როგორც ანტინარკოტიკული მიმართულება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

1995 წლიდან დაწყებული, ქართველი ხალხისთვის თქვენ არაერთგზის ჩამოგიტანიათ  წმიდა ცეცხლი იერუსალიმიდან. წელსაც იერუსალიმში შეხვდით აღდგომას.

- ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩემთვის ტრადიციად იქცა იერუსალიმში აღდგომის შეხვედრა. დიდი სიხარულია, ყოველწლიურად იერუსალიმში შეეგებო ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალს. უკვე დამატებითი პასუხისმგებლობა მაქვს, რადგან წმიდა ქალაქში ჩემი  კავშირები საშუალებას მაძლევს, ეკლესიაში ძალიან ბევრი ადამიანი შევიყვანო, არა მარტო ქართველები, რომლებიც ამას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდნენ. ამასთან, მაქვს სხვადასხვა დენომინაციებიდან ადამიანების მიყვანის კვოტა, წელსაც 70-ზე მეტი ადამიანი შევიყვანე.

 

ზოგადად, წმიდა მიწაზე  შესვლა რთულია, რადგან წინა ღამიდან უკვე გადაკეტილია არათუ ეკლესიის მისადგომები, არამედ-ძველი ქალაქი. ხშირად ვნების შვიდეულში ამ მოლაპარაკებებში ჩართული ვარ, რადგან ვიცი, ამით ადამიანებს დიდ სიხარულს ვანიჭებ. რაც შეეხება წმიდა ცეცხლს, იგი  წელსაც იმ ჩარტერული რეისით ჩამოვიდა, რომელიც ტრადიცულად ყოველთვის მიემგზავრება წმიდა მიწაზე ვნების შვიდეულში და შაბათს საღამოს აღდგომის ლიტანიობის წინ ჩამოდის საქართველოში. მართალია, ცეცხლის გარდამოსვლის დროს ვნების შვიდეულის დიდი შაბათია, მაგრამ უკვე სააღდგომო ამაღლებული განწყობა იგრძნობა.

 

იერუსალიმი არის ქალაქი, რომელშიც ქრისტე აღსდგა, მაგრამ აღდგომამდე იმავე ქალაქში ქრისტე ჯვარს აცვეს. ამდენად, ეს კონტრასტების ქალაქია. როგორც სულიერი, ისე მატერიალური კონსტრასტი მუდმივად იგრძნობა ამ ქალაქში. ამიტომაც ვერ შეედრება ვერცერთი ადგილი მსოფლიოში. პრაქტიკულად, იერუსალიმთან ახლოს გავიზარდე, ყოველწლიურად ჩავდიოდი. 23 წელია, რაც ბავშვობიდან იერუსალიმში დავდივარ, 13 წლის ვიყავი, პირველად რომ მივეახლე მაცხოვრის საფლავს. ამ გრძნობით გაჯერებულმა მინდა ერთი რამ ვინატრო, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ეს განცდა აქვს, თავად გახდეს იმის ღირსი, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიეახლოს მაცხოვრის საფლავს. შემდეგ იმ გრძნობას თვითონაც ვერ გადმოსცემს სიტყვებით, რადგან გადმოუცემელია.

 

ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველში მირონის ხარშვისას წმიდა ნიკოლოზის ფრესკა გამოისახა. მოგვიანებით ეს „სასწაული“ სასულიერო პირებმა უარყვეს და აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ ფრესკის კონტური იყო, რაც რეკონსტრუქციის შემდეგ უკვე ხუთი წელია, არსებობს. ტერმინ „სასწაულის“ მინიჭება კი მხოლოდ ეკლესიის პრეროგატივაა და არა ცალკეული ადამიანების. თქვენ გჯერათ ასეთი მოვლენების?

- ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად. ქრისტიანი, რომელსაც სწამს ქრისტეს აღდგომა, დამატებით სასწაულებს აღარ უნდა ეძებდეს.

 

პირადად თქვენ არ დაიჯერებდით, რომ გენახათ?

-  მე ყველაფერს დავიჯერებ, რადგან ის, რაც შეუძლებელია ადამიანისთვის, შესაძლებელია ღვთისთვის. თუ მე მწამს, რომ ქრისტე აღსდგა, ამის დამადასტურებელი საბუთი აღარ მჭირდება, რადგან ჩემი ცხოვრება ამით გაჯერებულია. ბავშვობაში, შესაძლოა, მჭირდებოდა დამატებითი სასწაული, გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანს სჭირდება სასწაულის ნახვა ან განხორციელება.  ყველა ჩვენგანს გადაგვხდენია თავს რაღაც ისეთი არალოგიკური ამბავი, რაც ლოგიკაში, შესაძლოა, არ ზის, ამას სასწაულს ვეძახით. ამ ყველაფერს ეტაპობრივად მიჰყავხარ რწმენამდე. როდესაც გწამს, რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მკვდარი გაცოცხლდა, შესაბამისად, ამაღლდა და იგია ღმერთი და მეუფე მსოფლიოსი, ამის იქით მერე უკვე ნებისმიერი სასწაული განსაკუთრებულ ემოციებს ნაკლებად იწვევს.

 

პატრიარქი ბრძანებს, ყოველი დღე ისედაც სასწაულიაო.

- დიახ, აჟიტირება ნაკლებად ხდება მათთვის, ვისაც უკვე სწამს და გავლილი აქვს ეს ყველაფერი. სასწაული ხშირად მცირედმორწმუნეთათვის ხდება, მათთვის, რომლებსაც რწმენაში გაძლიერება სჭირდებათ. მართალი გითხრათ, ნაკლებად ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. თავად მინახავს ვნების შვიდეულში მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში ერთ-ერთი ხატიდან წამოსული სისხლი, იმ ხატიდან, რომელიც მაცხოვრისთვის ეკლის გვირგვინის დადგმას ასახავდა, ეს მოხდა წითელ პარასკევს, 1999 წელს. ასევე, მინახავს მირონმდინარე ხატები, რაც სიხარულით მიმიღია, რადგან უფალმა მოგვცა ეს დიდი მადლი, მაგრამ არ უნდა ვეძებდეთ სასწაულებს. საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ და ყველა საშუალებით ჩვენი სულიერება განვავითაროთ.

 

იერუსალიმისა და პალესტინის ტერიტორიაზე არაერთი ქართული ძეგლი შემორჩა, სადაც პეტრე იბერს და სხვა წმინდა ქართველ მამებს უმოღვაწიათ. გადმოცემით, ვახტანგ გორგასალსაც დაუდგამს ფეხი წმიდა მიწაზე, რაზეც ჯუანშერისეული „ვახტანგის ცხოვრება“ მოგვითხრობს. თავის დროზე ქართველი ბიზნესმენები ამ ადგილების შეძენას აპირებდნენ. ისტორიული ძნელბედობით უკვე სხვათა მიერ დაკავებული ძეგლების დაბრუნება შესაძლებელია? თუ ყოფილხართ ქართულ ნაკვალევზე?

-  რა თქმა უნდა, ვყოფილვარ და წმიდა მიწაზე ორი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილეც გახლავართ. ეკლესიასტე ამბობს: არის ჟამი შენებისა და არის ჟამი ნგრევისა. გარკვეული ძნელბედობის გამო საქართველოს თავის დროზე დაუდგა „ჟამი  ქვათა გაბნევისა“ და დავკარგეთ ის საუნჯეები და სავანეები, რაც გვქონდა.  ახლაც  ისეთი პერიოდი გვიდგას, როდესაც საქართველოს დაკარგული აქვს ეს ყველაფერი. ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ეკონომიურ,  სულიერ და მატერიალურ განვითარებაზეა დამოკიდებული. მერე ეს ყველაფერი  თავისთავად მოვა. თუმცა მანამდე ძალისხმევა და მცდელობა ამ საქმეს არ უნდა მოვაკლოთ. 

 

იგრძნობა იმის ნიშანი, რომ ქართველები, შესაძლოა, დაბრუნდნენ ქართულ მონასტრებში?

- აუცილებლად. როცა ქართველები მიხვდებიან, რომ წმინდა მიწას უნდა მოახმარონ საკუთარი თავი და არა წმინდა მიწა მოიხმარონ თავისთვის. ეს დიდი პრობლემა ჩემი მუშაობის პროცესშიც ძალიან ხშირად მიგრძვნია. როცა ამას მივხვდებით, მერე ყველაფერი გაცილებით ადვილად წავა.

 

 სულიერების პრიორიტეტი ბრძანეთ. მართალია, ხალხი დადის ეკლესიაში, მაგრამ ზოგადად, რამდენად მორწმუნენი არიან ეს ადამიანები რეალურად?

- ჩვენი მორწმუნეობა და ჩვენი გული ღმერთმა იცის და თითეულმა ჩვენგანმა ვიცით. ისევე, როგორც კულტურასა და განათლებას არ აქვს საზღვარი, ასევეა, სულიერების აღორძინება და განვითარება. ჩვენს ცხოვრებაში ვერასდროს ვიტყვით, რომ რაღაცის  ფინიშამდე მივედით, რადგან ყველაფერს განვითარება სჭირდება. ასევეა, სულიერება, ის მუდმივ  განვითარებას საჭიროებს. ეს სამი კომპონენტი - მეცნიერება, კულტურა და სულიერება შეუძლებელია, რომ ამოწურვადი იყოს. ვაკონკრეტებ, სულიერება არ არის ინერტული ცნება, სულიერების შემადგენელი ნაწილია კულტურა, მხატვრობა, მუსიკა, მაღალი განათლება, მეცნიერება. უფრო მეტად მოვუწოდებ საზოგადოებას, პოზიტიურისკენ იყოს მიმართული. თუკი ბავშვებს ყურსა და თვალს, შესაბამისად სულს, ნაკლებად დავუბინძურებთ, მით უფრო ჯანსაღი და ძლიერი თაობა ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, არსებითია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ჩვენს მიერ გაცხადებული სიტყვა, საქმიანობა ახალგაზრდა თაობაზე ძლიერად აისახება. მე 15 წლის გოგონა მყავს და, ასევე, 10 და 7 წლის შვილები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი იდეალი. ვის უკრავს ტაშს საზოგადოება, მხოლოდ ტაშის დაკვრაც კი ძალიან აისახება ბავშვების ფაქიზ სულზე. 

 

ზოგჯერ ტაშს უკრავენ ისეთ ადამიანს, ვინც ღირსი არ არის.

- ამიტომ მნიშვნელოვანია, რა ღირებულებები იქნება უფროს თაობაში, ის ღირებულებები გადავა ჩვენს შვილებზეც. ჩვენ ვიცით, რომ  მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, წლების, საუკუნეების მატებასთან ერთად ღირებულებები სულ უფრო და უფრო ცვდება. ამიტომ უნდა შევეცადოთ ის სუფთა შევინარჩუნოთ. ბატონ ნოდარ ანდღულაძეს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყური, სმენადობა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო  ქვეითდება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, პირიქით, უნდა განვითარდეს, მაგრამ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მუსიკის პოპულარიზაციას შევუწყოთ  ხელი. ხშირად ევროპა გვინდა, მაგრამ საქმით სხვა რამეს ვაკეთებთ. ევროპა, პირველ რიგში, კლასიკური მუსიკაა, მაღალი გემოვნების ნაწარმოებებია, რომელიც სხვადასხვა თაობის ევროპელმა კომპოზიტორებმა მსოფლიოს მისცეს. მოდით, ეს მივიღოთ ევროპიდან.

 

ბოლო დროს ევროპა თავის ნიჭიერ შემსრულებლებზე მეტად პოპ მუსიკისკენ რომ იხრება?

- არავითარ შემთხვევაში. სამწუხაროდ, მცდარი წარმოდგენაა საქართველოში ამაზე. დღეს ევროპაში მთელი რიგი პოლიტიკური მიმართულებები და საზოგადოებრივი მოძრაობებია, რომ იმ იდეალების, სულიერებისა და მაღალი გემოვნების კულტურის  გარეშე, რომელზედაც ევროპა საუკუნეების განმავლობაში იდგა, ევროპა აღარ იქნება, დაინგრევა. ქართველები ამ ნანგრევების და ხელის შემშლელი კომპონენტების წამოღებით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი, არამედ იმ ბაზისის პოპულარიზაცით, რამაც ევროპის ძლიერებას შეუწყო ხელი.

 

როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, როგორ შეაფასებთ დღევანდელ ეკონომიკურ სიტუაციას და სამინისტროს საქმიანობას?
- სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, ეკონომიკურ ტრენდებს მივყვე ხოლმე, დღეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების განვითარებით ვარ დაკავებული.

 

თქვენს მიერ ეკონომიკის მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებს  ამ გადასახედიდან როგორ აფასებდით? ყველაფერს გამართლებულად თვლით?

- რახან განვახორციელე, ე.ი.  საჭიროდ ვთვლიდი დ ახლაც ვთვლი საჭიროდ, რომ განხორციელებულიყო ის პროცესები, რასაც თავის დროზე ვასრულებდი.