„ლარის მერყეობა 2,4 -ის ირგვლივ იქნება პლუს-მინუს 5%“

„ლარის მერყეობა 2,4 -ის ირგვლივ იქნება პლუს-მინუს 5%“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლარის კურსის მეტ მერყეობას აღარ უნდა ველოდოთ, გაცვლითი კურსის პირობებში კი მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია.

„ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ქვეყანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე რთულად იმოქმედა. ექსპერტები და ბიზნესმენები მდგომარეობას მეტად მძიმეს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და სიტყვას  - „ვალუტის გაუფასურება პიკზეა და შემდგომში ვარდნა აღარ მოხდება“ - ფასი უნდა ჰქონდეს. ამ განცხადებების შემდეგ ლარის მორიგი დაცემა, მთავრობის წევრების მიმართაც უნდობლობას იწვევს და ბიზნესს კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. 

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ სხვა თანაბარ პირობებში ლარის კურსი იქნება ის, რაც არის დღეს, რაც შეეხება ბიზნესმენების განცხადებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან განვითარებულმა პროცესებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიზნესურთიერთობებზე.

„სხვა თანაბარი პირობები ნიშნავს იმას, რომ ახალ საერთაშორისო შოკს, იმედია, ადგილი არ ექნება რეგიონალურ ჭრილში. იგულისხმება სავაჭრო პარტნიორები და ბუნებრივია, რუსეთის ბაზარი.

რაც შეეხება ბიზნესმენების განცხადებას, ბუნებრივია, ის რაც მოხდა, ძალიან ბევრი უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიზნეს ურთიერთობებზე. ეს არის ის, რაც რეალობაა. ამ პროცესს ვერ ავცდებოდით. გასაგებია მათი პოზიცია. მათ უჭირთ მომავალში გეგმებზე, ხელშეკრულებებზე და ამ საკითხებზე საუბარი, იმიტომ რომ ისინი არ ენდობიან ჩამოყალიბებულ სიტუაციას. მათი ეკონომიკური მდგომარეობა არის ასევე გაუარესებული“, - აცხადებს ცომაია.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ვარაუდობს, რომ ლარის კურსზე ზეწოლა აღარ იქნება და წლის ბოლომდე სიტუაცია შენარჩუნდება.

„ლარის მერყეობა 2,4 -ის ირგვლივ იქნება პლუს-მინუს 5%. ეს არის ამ წუთში რეალური სიტუაცია. ნოემბრის გადასახადები შევამცირეთ, ხარჯვა როგორც ხდებოდა, მიდის თანაბარი ტემპებით და ბუნებრივია, არაფერი არ მოხდება, არ იქნება ზეწოლა ლარის კურსზე. ვიმეორებ პლუს-მინუს 5%-ი, მეტი დაცემა არ მოხდება. ოქტომბერში ექსპორტი გაიზარდა, ნოემბერში უფრო მეტი მოლოდინია, ნოემბერში და დეკემბერში ტრანსფერები გაიზრდება. რატომ არ უყურებენ გარკვეულ ზრდას და რით ხელმძღვანელობენ, ვერაფრით ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ ისინი ციფრების ნაცვლად ხელმძღანელობენ და განწყობებით“, - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ იგი ეთანხმება ექსპერტთა შეფასებას, როდესაც ინვესტიციების შემოდინების შემცირებაზე საუბრობენ.

„რაც შეეხება ინვესტიციების შემოდინებას, ამ ნაწილში ვეთანხმები მათ, თუმცა, სამაგიეროდ აიწია ექსპორტმა და ტრანსფერმა და ესეც უნდა აღინიშნოს“, - აცხადებს ჯგერენაია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინა თვის მონაცემებით, ფასები აიწია სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე და ფარმაცევტულ ნაწარმზე. როგორ იმოქმედებს ეს მოსახლეობის ჯიბეზე, როდესაც წინ ახალი წელია და ბუნებრივია, ფასები ნებისმიერ პროდუქციაზე კიდევ უფრო გაიზრდება?

ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ სავალუტო კურსის გაუფასურების ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი, ბუნებრივია, არის ფასების დონე, რომელმაც ასევე მოახდინა გავლენა იმაზე, რომ ფასები გაიზარდა ბევრი მიმართულებით, იმიტომ, რომ ფასების სტრუქტურაში იმპორტის მონაწილეობა არის ძალიან მაღალი, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა იწარმოება ადგილობრივად.

„როგორ რეაგირებას მოახდენს ეს მომხმარებელთა ჯიბეზე და მათ შემოსავლებზე, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. ბუნებრივია, ადამიანების შემოსავალი შემცირდა, შემცირდა ვალუტის შემოდინება. ეს იწვევს იმპორტის მოხმარების შემცირებას. იმიტომ, რომ იმპორტს ვეღარ დავაფინანსებთ. მაშინ უნდა ავიღოთ საგარეო ვალი და რაღაც პერიოდით ჩვენი მდგომარეობა ისევ გაუმჯობესდება, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. გაუფასურებელი ვალუტის კურსი, ფასების დონე არის ის ინფორმაცია, რომლის გადაწყვეტილებაც არის ის, რომ ქამრები შემოვიჭიროთ ყველამ“, - აცხადებს ცომაია.