მთავრობამ სპირტიან სასმელების ერთ ნაწილზე აქციზი შეამცირა, მაგრამ ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა გაცილებით მეტია. მელუდეები უკვე რამდენიმე თვეა განაკვეთის შემცირებას ითხოვენ და წარმოების მოცულობის შემცირებას უჩივიან. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გაზდეს ცნობილი.
ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებას ლუდზე აქციზის მექანიზმის შეცვლას სთავაზობს. სექტორის პოზიციაა, რომ 1 ლიტრ ლუდზე აქციზის განაკვეთი 60 თეთრიდან 50 თეთრამდე ჩამოვიდეს. გარდა ამისა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ 2017 წლის 1-ლი სექტემბრამდე ქვეყანამ გადასახადი გრადუსის მიხედვით უნდა დააწესოს.
„სტანდარტულ 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 50 თეთრს უნდა შეადგენდეს, ხოლო მაღალალკოჰოლურ ლუდზე - 80 თეთრს. ანუ შემცირდეს დაბალპროცენტიან ლუდზე და გაიზარდოს მაღალპროცენტიანზე. ეს ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, - აცხადებს „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
ლუდზე აქციზი 2015 წლის მარტიდან გაიზარდა. შედეგად, 1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადმა 0,4 ლარიდან 0,6 ლარამდე მოიმატა. აღნიშნულმა ცვლილებამ ბაზარზე ლუდის 25-პროცენტიანი გაძვირებაც გამოიწვია.
მას შემდეგ ინდუსტრია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზეა - ლუდზე აქციზი არაადეკვატურად მაღალია.
„ჩვენ ხელისუფლებისგან პირობა გვქონდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგების მიხედვით ამ გადაწყვეტილებას ერთად გადავხედავდით. იმედი მაქვს, ამ კუთხით ბოლო შეხვედრა იქნება, რომლის ფარგლებშიც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ - აქციზი ან გადაიხედება, ან პირდაპირ გვეტყვიან, რომ არ გადაიხედება“, - აცხადებს ხუნძაკიშვილი.
მთავრობა ბოლო დროს, აქციზთან დაკავშირებით, რაღაც დათმობაზე წამოვიდა, მაგრამ ეს ლუდს არ ეხება. საუბარია, ხილისა და ყურძნის ადგილობრივი ნედლეულისგან დამზადებული სპირტიანი სასმელების აქციზის შემცირებაზე. როგორც მთავრობაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ტრადიციული სასმელების პოპულარიზაციის მიზნით მიიღეს. რამდენიმე დღის დღის წინ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დაადგინეს, რომ 2016 წლის იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, 9,2 ლარის ნაცვლად, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას შეფასებით, აქციზის გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს როგორც ხილისა და ყურძნის ადგილობრივი ნედლეულისგან სპირტიანი სასმელების წარმოებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციას.
„საქართველოს ყველა რეგიონში ხილისა და ყურძნის დიდი რაოდენობის ნარჩენი ნედლეულია, რომლისგანაც მაღალი ხარისხის სპირტიანი სასმელების დამზადებაა შესაძლებელი. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს, 10-მდე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დაფინანსდა. ეს საწარმოები ყურძნისა და ხილისგან სპირტიანი სასმელების დამზადებას მომავალი სეზონიდან გეგმავენ“, – განაცხადა მინისტრმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ აქციზის გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას და უცხოურ ბაზრებზე ქართული ტრადიციული სასმელის ცნობადობას გაზრდის.
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, აქციზის გადასახადის შემცირება წარმოებას მნიშვნელოვნად წაახალისებს, ტრადიციული სასმელის პოპულარობასაც განსაზღვრავს, რომლის წილიც ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზეც მცირეა.
„გადასახადის შემცირება წარმოებას მნიშვნელოვნად წაახალისებს. გარდა ამისა, ტურიზმის თვალსაზრისითაც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ხელს შეუწყობს ტრადიციული სასმელის პოპულარიზაციას. ბუნებრივია, კონკურენციაც გაიზრდება. საქართველოში ტრადიციულად სასმელზე მოთხოვნა დიდი არ არის, მაგრამ საინტერესო პროდუქტია. რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.