სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეფასებით, 2015 წლის სექტემბერში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპმა 2,2 პროცენტი შეადგინა და აგვისტოსთან შედარებით 0,3%-ით შემცირდა. წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა - 3,2%. საერთო ჯამში კი, 9 თვის მონაცემებით ეკონომიკურ ზრდა 2,7 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ იგი 2,3%-ით ჩამორჩება 2015 წლის თავდაპირველ პროგნოზს, 0,7%-ით აჭარბებს დაკორექტირებულ მაჩვენებელს და 0,3% აკლია ახალ, იმედისმომცემ შედეგამდე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი იმედოვნებს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2%-ს ნამდვილად გადააჭარბებს. „საქართველოს უკეთესი პირობები აქვს, ბიზნეს გარემოს, ასოცირების შეთანხმების გამო და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე უკეთესი ზრდა ექნება“, - აღნიშნასადიკოვმა.
სადიკოვის განცხადებით, საქართველოში მოხმარება და ინვესტიციები შემცირებულია, ასევე დაბალია ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა არის პოზიტიური ასპექტები: ეკონომიკის ზრდა მაინც მდგრადია და 2.5%-ზე მაღალია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებზე მეტია.
მან ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა, გამოყო თურქეთსა და რუსეთში ვალუტების დევალვაცია.
„მიუხედავად ყველაფრისა, ლარის გაუფასურება უფრო „ხავერდოვანი“ იყო, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტების, რადგან საქართველოში ვარდნა ერთბაშად არ მომხდარა“, - აღნიშნა სსფ-ს წარმომადგენელმა. მანვე აღიარა, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის პრობლემაა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის შემცირება და დოლარიზაციის მაჩვენებლის მატება.
„ხალხი წუხდა ანაბრებზე და გადაიტანეს დანაზოგები უცხოურ ვალუტაში, სესხების აღებას კი ლარში ცდილობენ. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკებს თავიანთი საბალანსო უწყისები უნდა ჰქონდეთ ზეწოლის ქვეშ. ბანკები ზღუდავენ აშშ დოლარში ანაბრებზე პროცენტს, ამასთან, ლარში კრედიტებზე პროცენტი იზრდება“, - ამბობს სადიკოვი.
სსფ-მა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზებიც გამოაქვენა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს - 2%-იანი, 2016 წელს - 3%-იანი, 2020 წელს კი 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ფონდი მიიჩნევს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.1% იქნება, ანუ 0.3%-ით ნაკლები, ვიდრე 2014 წელს და 0,2%-ით ნაკლები ივლისში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ფონდის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში მშპ 3,8%-ით შემცირდება, უკრაინაში - 9%-ით, აზრებაიჯანში კი 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, სომხეთში - 2,5%-იანი, ხოლო თურქეთში ეკონომიკა 3%-ით მოიმატებს.
სადიკოვი სამ გლობალურ შოკს ასახელებს, რამაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე მოახდინა გავლენა. ესენია: ნავთობზე ფასის კლება (110 დოლარიდან 50-დოლარამდე), რუსეთის ეკონომიკის ვარდნა და სავალუტო რყევა.
სსფ-ს მოსაზრებით, ეკონომიკის გამოცოცხლება განვითარებულ ქვეყნებში ნელ-ნელა დაიწყება მაშინ, როდესაც აქტიურობა განვითარებად ეკონომიკებში შემცირდება. ფონდის ანალიტიკოსებ მიიჩნევეს, რომ კაპიტალის შედინების შენელების, ვალუტის ზეწოლის გამო, რისკბი გაიზარდა განვითარებადი ბაზრებისთვის. ამიტომ განვითარებად ქვეყნებში ზრდის ტემპის მატება 2016 წლიდანაა მოსალოდნელი.
გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებზე უნდა ითქვას ისიც, რომ 2012 წლის იანვრიდან „საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.