ბანკებმა მომხმარებლის უფლებების პატივისცემა ვერ ისწავლეს

ბანკებმა მომხმარებლის უფლებების პატივისცემა ვერ ისწავლეს

კომერციული ბანკების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ეროვნული ბანკიც კი შეაშფოთა. წლიდან წლამდე ვითარების გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

სებ-ში ადასტურებენ, რომ ბანკების მხრიდან საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევას, კვლევაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, რომელშიც რეგიონული მასშტაბით 6 კომერციული ბანკი იყო ჩართული. როგორც ოთარ ნადარაიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გარკვეული გაუმჯობესებაა და ეს აისახება საქართველოს ეროვნულ ბანკში შესულ საჩივრებსა და ზარებზე, აშკარაა, რომ ამ მიმართულებით კომერციული ბანკების მიერ ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია.

„შესაბამისად, ეროვნული ბანკი გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას და კვლევებს, განვიხილავთ ამ პრობლემის მოსაწესრიგებლად მარეგულირებელი ჩარჩოს გამკაცრებას“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

უმეტეს შემთხვევაში, კომერციული ბანკები მომხმარებლებს სიტყვიერად არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯები. ასევე მომსახურების გაწევის დროს არ ხდება პრეტენზიის დაფიქსირების შეთავაზება ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებელს თავისი ინიციატივით, პრეტენზიის დაფიქსირების კუთხითაც შეექმნა პრობლემა. ასევე ხარვეზებია ხელშეკრულების გადაცემასთან დაკავშირებითაც.

სებ-მა, შესაძლოა, კონკრეტული კომერციული ბანკების მიმართ სანქციებიც გაატაროს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძის შეფასებით, კვლევის შედეგები საგანგაშოა. იგი ეთანხმება შედეგებს, რადგან ხშირ შემთხვევაში ბანკები არღვევენ მომხმარებლის უფლებებს და მათ არასათანადოდ ემსახურებიან. კეპულაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს შენიშვნების გათვალისწინებისთვის 3 თვეს მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დასაჯოს ის ბანკები, სადაც ეს პრობლემაა.

„თუ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა კონკრეტული ბანკების მიმართ სანქციებიც გაატაროს. შესაძლებელია ეს იყოს ჯარიმა, არა მგონია ლიცენზიის შეჩერებამდე მივიდეს საქმე“ - აცხადებს კეპულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას.

მისი თქმით, საჭიროა, კომერციულმა ბანკებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ მომხმარებელთა უფლებების დაცვას, უფრო მეტად იზრუნონ საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ა.შ.

„რაც შეეხება ეროვნულ ბანკის აქტიურობის დონეს, ამ მიმართულებით მის მიმართ ნაკლები პრეტენზიაა, თუმცა სებ-ის მხრიდან უფრო მეტი სიმკაცრე ურიგო არ იქნებოდა. იმედი მაქვს, ეროვნული ბანკი კვლევებისა და მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე მკაცრ მიდგომას განახორციელებს. შეუცდომელი არავინ არ არის, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს არასაკმარისი რეგულირების ან არასაკმარისი ზედამხედველობის შედეგია“, - აცხადებს კეპულაძე.

ეროვნული ბანკის ინიციატივით, ანალოგიური კვლევა „შემნახველი ბანკების ფონდმა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ 2012 წელსაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კვლევის ჩატარების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, აღნიშნული პრობლემების დარეგულირება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს.