რუსეთში ქართულ პროდუქტებს შერჩევით კრძალავენ

რუსეთში ქართულ პროდუქტებს შერჩევით კრძალავენ

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ახალი თამაში წამოიწყო. იგი ზოგიერთ ქართულ პროდუქტს კრძალავს, ხოლო ზოგიერთს ოფიციალურად უხსნის გზას. მაგალითად, რუსეთში საქართველოდან ცოცხალი საქონლის შეტანა აიკრძალა, სანაცვლოდ კი მწვანილისთვის შეზღუდვა მოიხსნა.

მალე საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია მწვანილის გატანის შესახებ 26 ოქტომბერს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით. იგივეს ადასტურებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოც.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი დანვერტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი უკვე შეთანხმდნენ რუსეთის ბაზარზე მწვანე კულტურის შეტანის თაობაზე. ეს ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამაც დაადასტურა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია ამბობს, რომ ეს საკითხი 2015 წლის აგვისტოდან მოგვარდა, მას შემდეგ, რაც ექსპლოატაციაში შევიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოლაბორატორია, სადაც ამჟამად უკვე შესაძლებელია კვლევების ჩატარება პროდუქტზე როგორც ტრადიციული კლასიკური მეთოდებით, ისე მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით:

„ყოველი პარტია, რომელიც წავა საქართველოდან, არის სურსათის ეროვნული სააგენტოს გარანტიის ქვეშ. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტი, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ადასტურებს, რომ ტვირთი არის კეთილსაიმედო, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციისათვის“, - აცხადებს ლიპარტია და დასძენს, რომ პროდუქტი ექსპორტისთვის ძირითადად წყალტუბოში არსებული სასათბურე მეურნეობებიდან შეგროვდება.

სხვათა შორის, მიუხედავად აკრძალვისა ქართული მწვანილის რუსეთში ექსპროტი თითქმის არასდროს შეწყვეტილა. ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფლებში მოყვანილი პროდუქტი შემოვლითი გზებით ჩრდილოეთში მუდმივად იგზავნებოდა.

რაც შეეხება ციტრუსის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით წელს ქართული მხარე არანაირ დაბრკოლებას არ ელის. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა რუსეთში ქართულ ატამზე დაფიქსირდა.

სამაგიეროდ, პრობლემებია სხვა მიმართულებით. „როსსელხოზნადზორმა“ საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და მსგავსი პროდუქციის შეტანა აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება ამ უწყების ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

„ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სამმართველო რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში იტყობინება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირისა და დაავადება „თურქულის“ კუთხით არსებული არასტაბილური ეპიზოოტური მდგომარეობის გამო, იკრძალება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის, ასევე ქართულ საწარმოებზე შექმნილი იმ პროდუქციის შეტანა, რომელიც სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს (ზედამხედველობას) ექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა თევზი, ზღვის პროდუქტი და თევზის ფქვილი.