რუსული გაზისთვის კარი სწრაფად იხსნება

რუსული გაზისთვის კარი სწრაფად იხსნება

საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის შემოსვლას დიდი ხანი არ დააგვიანდება. ამ ეტაპზე ფასი და მოცულობა დგინდება. მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო ოკუპანტი ქვეყნის ენერგოგიგანტთან მოლაპარაკებას საკმაოდ სწრაფად აწარმობს.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს კიდევ ერთხელ შეხვდა. მოლაპარაკება 26 ოქტომბერს მილანში შედგა და როგორც „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტისა და საქართველოსთვის კომერციული მიწოდების საკითხი.

მოგვიანებით, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომაც გაავრცელა. მხარეებმა არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილეს. პარალელურად, მოლაპარაკება გაიმართა ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობასა და პირობებზე.

„გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემაც. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორად და მთავარ მომწოდებლად ისევ აზერბაიჯანი რჩება, „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა კი ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან მეტი სარგებლის მიღებას ემსახურება.

„პარტნიორი და გაზის მთავარი მომწოდებელი, როგორც ამჟამად არის აზერბაიჯანი და „სოკარი“, ასევე დარჩება. ამასთანავე ტრანზიტის რაოდენობა იზრდება და როგორც მე მესმის, საუბარია იმაზე, რომ მეტი სარგებელი ვნახოთ აქედან. ტარიფებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე უკვე სპეცილისტებმა უნდა ისაუბრონ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების თემას გვერდი ვერ აუარა საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი აზრით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია, გადის გაზის მილი, საიდანაც სომხეთს მიეწოდება გაზის მარაგი და საქართველო გარკვეულ გადასახადს იღებს.

„ის, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, ბუნებრივი აირი დამატებით შეიძინონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება და ვცდილობთ კიდეც. მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, ვიდრე რუსული, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გიჟი არ არის, როდესაც თავად იაფად ყიდულობს ერთგან, სხვას ძვირი გადაუხადოს.

„ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, „სოკარის“, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის აზრით, აღნიშნული საკითხიდან აჟიოტაჟს ქმნის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიაზე „თელასი“ სწორედ მათი მმართველობის დროს გასხვისდა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებულნი არ არიან აზერბაიჯანშიც.

სხვათა შორის, ივანიშვილის ეს პოზიცია, გარკვეულწილად, დაადასტურა „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა სულეიმან გასიმოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების მხრივ პრობლემა არ არსებობს.

„შეიძლება ითქვას, საქართველოს ბაზრის ბუნებრივი აირით მომარაგებას ახორციელებს „სოკარი“. აქ არავითარი პრობლემა არ შეინიშნება. მოლაპარაკება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ „გაზპრომთან“ აწარმოებს, არის სახელმწიფოს პირადი საქმე და ეს არანაირ გავლენას არ ახდენს „სოკართან“ ურთიერთობაზე. კახა კალაძემ თავად განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან არავითარი პრობლემა არ არის“, - აღნიშნა გასიმოვმა.

სანტერესოა, მაინც რა ფასს სთავაზობს „გაზპრომი“ საქართველოს. ეს დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა, ცნობილია, „გაზპრომის“ ახალი ტარიფები ევროპისათვის. რუსული ენერგოგიგანტი ბოლო 11 წლის განმავლობაში ევროპას ყველაზე იაფად მიაწვდის ბუნებრივ აირს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროპა 1000 კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირში უკვე 200 დოლარს გადაიხდის. მართალია, რუბლში „გაზპრომის“ მოგება შემცირდება, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის საშუალო მაჩვენებელი შენარჩუნდება.

„გაზპრომის“ კონტრაქტში ბუნებრივი აირის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული. ბოლო პერიოდში ნავთობის მკვეთრად გაიაფებასთან ერთად, მცირდება გაზის ფასიც.