მთის მოსახლეობას სახელმწიფო 2 თვეში უშეღავათებს

მთის მოსახლეობას სახელმწიფო 2 თვეში უშეღავათებს

მაღალ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას ახალი წლიდან მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდება. გაიზრდება პენსია და სოციალური დახმარება, დენის გადასახადზე სუბსიდია დაუწესდება, ხოლო იქ მომუშავე პედაგოგებისა და მედპერსონალის ანაზღაურება თვალშისაცმად მოიმატებს.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ. მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას. ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტიც 20%-ით გაიზრდება. ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.

„ვაპირებთ, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ავუნაზღაუროთ. მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც კანონის ამოქმედებისთანავე დაწესდება.

ეს ყველაფერი შემოვიღეთ იმისთვის, რომ დავამაგროთ ხალხი მთაში და გავაძლიეროთ. დღეს მთაში ბიზნესის კეთება, სასტუმროს თუ საწარმოს გახსნა, არის ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებას სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ არის გახსნილი მცირე, საშუალო ან მსხვილი საწარმო ან არ განხორციელებულა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; სიკვდილიანობის რიცხვი აღემატება შობადობის რიცხვს ან თანაბარია; თვითდასაქმებულთა რაოდენობა აღემატება დაქირავებულთა როდენობას, დასახლებაში არ არის ერთ-ერთი ობიექტი - სამედიცინო დაწესებულება, სკოლა ან საბავშვო ბაღი. ამასთან, დასახლებაში არ არის შიდასახელმწიფოებრივი, საერთაშორისო, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, სასმელი წყლით მომარაგების სისტემა.

ასევე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება მოიპოვოს დასახლებამ, რომელიც არის ზღვის დონიდან 1000 მეტრზე დაბალჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე თუ: დასახლებაში რელიეფის დანაწევრებულობისა და მაღალი დამრეცობის გამო, შეუძლებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება მექანიზაციის მეშვეობით.