მაშინ, როცა წინა ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს 2008 წელს ომი მოვუგეთ და მსოფლიოს დავანახეთ, რა შეგვიძლია, მაშინ, როცა რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტეთ, რუსული „გაზპრომი“ გაზს გვაწვდიდა.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ყველაფერი, იმ ხელისუფლების, რომელიც ახლა ოპოზიციაშია და ამჯამინდელ ხელისუფლებას გაზპრომთან მოლაპარაკებების გამო, ქვეყნის მტრად აცხადებს.
გუშინ, ექსპერტებმა მამუკა არეშიძემ და ხათუნა ლაგაზიძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ცალ-ცალკე პრესკონფერენციები გამართეს, თემა კი ერთი იყო.
„შეგახსენებთ, რომ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს „გაზპორმთან“ ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით. რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი განხორციელდებოდა და მილსადენი იქნებოდა გაყიდული. მაშინ ამერიკის მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუტსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით...
საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელთაც საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არც თუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს...
ამჯერად მაინც უნდა ვთქვათ უარი პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება...
საინტერესოა ერთი ფაქტი, 2006 წელი, ჩვენ კარგად გვახსოვს მოხდა აფეთქება მაღალ ელექტროგადამცემ ხაზზე, „კავკასიონზე“, საიდანაც ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებდით და ორ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე. მაშინ წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ბუნებრივი აირი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და ირანიდან და სრულიად მოხდა რუსეთის ჩანაცვლება. ეს იყო დიდი სიცრუე და ამაზე მეტყველებს ციფრები. ირანიდან შემოსული გაზი დაახლოებით 2 საათს ეყოფა ჩვენს ქვეყანას. 19 მილიონი კი შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი დღის მოხმარებაა, 2006 წელსაც კი დამატებითი მოცულობები მიიღებოდა რუსეთიდან, ანუ 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული...
2008 წლის აგვისტოში, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, მაშინაც ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან“,- განაცხადა კალაძემ.
მამუკა არეშიძის თქმით, 2006 წელს გაზსადენის აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც საქართველო გაზისა და დენის გარეშე დარჩა.
"საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მაშინ დაიწყო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები. 2007 წელს მე ინგუშეთიდან ჩამოვიტანე ამბავი, ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როგორც ვითარებასთან, ისე ჩვენთან დაახლოებულმა პირებმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მითხრა „აფეთქების კვალი საქართველოში ეძებეთ“. ინგუშები არ გამორიცხავდნენმ რომ აფეთქების საქმეში ქართველები იყვნენ გარეულები. რა ფორმით და როგორ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიკვლიეთ...
„გაზპრომის“ გაზი, რომელიც რუსეთ – სომხეთის მილში გადის, რაც არ უნდა გაიზარდოს, იმ რაოდენობის ვერ იქნება, რომ მან აზერბაიჯანული გაზი ჩაანაცვლოს. გაზის პროექტში სტრატეგიული ბმა საქართველო – აზერბაიჯანისა არ შეიცვლება. არ ვარგა, როდესაც გაზის მოწოდების მონოპოლისტი მთლიანად ერთი კომპანიაა. თუ მოხერხდა ისე, რომ ჩვენ გვექნა საშუალება, ირანიდანაც მივიღოთ გაზი, ნაწილი მივიღოთ სხვა გზითაც, თავისთავად ურიგო არ იქნება. მილსადენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სტრატეგიული ობიექტის სტატუსი ჰქონდა. ამ მილსადენის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობა მიდიოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას სწორედ „გაზპრომს“ სთავაზობდა. ამაში მოგვიანებით ამერიკელები ჩაერივნენ, „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში გამოიყო 49,5 მილიონი დოლარი, რომ ქართულ მხარეს ეს სტრატეგიული ობიექტი რუსეთისთვის არ მიეყიდა. როგორც კი ამერიკულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება ამოიწურა, 2010 წელს კი ქართულმა მხარემ მილსადენს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე მიეყიდათ მილსადენი რუსული მხარისთვის. რომ არა მოვლენების განვითარება, რომელმაც ხელი შეუშალა ამ მოლაპარაკებას, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, მილსადენი რუსეთისთვის მიეყიდა. რომ არა ამ საქმეში ამერიკელების ჩარევა, ეს მილსადენი რუსეთზე კარგა ხნის მიყიდული იქნებოდა. თუ მილსადენში მეტმა გაზმა გაიარა, ეს იქნება კარგი იმისთვის, რომ ქვეყანაში დამატებითი შემოსავლები შემოვიდეს, კარგი იქნება დივერსიფიკაციისთვის, რომ მომწოდებელი მარტო ერთი არ იყოს“,- აღნიშნა არეშიძემ
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ისევე, როგორც ირანის მხრიდან.
"სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს თავისი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ახალი გზების მოძიება მოუწევს. ამ თვალსაზრისით ირანი უკვე ეძებს პარტნიორებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა საქართველოზე გადის. კერძოდ, საუბარია ირანის გაზის მიერთებაზე, „ტანაპის“ გაზსადენზე 2017-2018 წლიდან. ეს იაფი გაზის მიღების შანსია, ასევე დამატებითი შემოსავლების მიღების და გარდა ამისა, ეს ქვეყნის სტაბილურობის შანსიცაა. ასევე საუბარია ირანი-სომხეთი-საქართველოს გზაზე, ანუ სპარსეთის ყურის დაკავშირებაზე ამ გზით შავ ზღვასთან. ესეც ძალიან პერესპექტიულია...
არასწორი კომუნიკაციის შედეგია „გაზპრომთან“ დაკავშირებული ხმაური, რომელიც 1 კვირის წინ ატყდა ვიცე-პრემიერ კალაძის ვიზიტის შემდეგ. ისევე როგორც აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტად გავლის შემთხვევაში საქართველო შესაბამის საზღაურს იღებს, ასევე რუსული გაზიც გადის საქართველოს გავლით ტრანზიტად სომხეთში, შესაბამისად, საქართველო ასევე იღებს ამ ტრანზიტის საფასურს, მაგრამ ეს მოცულობები და გაზის მიწოდების ტექნიკური პირობები ყოველწლიურად, ახალი დამატებითი ხელშეკრულებებით გადაიხედება. ეს იყო როგორც 2006 წლამდე ასევე 2006 წლის შემდეგაც, როცა ჩვენ რუსეთმა გაზი შეგვიწყვიტა, აქედან გამომდინარე, კალაძის ვიზიტი ერთ-ერთი რიგირთი ვიზიტი იყო. ამავდროულად, აღმოჩნდა ისიც, რომ გარდა ამ ტრანზიტის ღირებულაბეში მიღებული გაზისა, „გაზპრომი“აირის დამატებით მოცულობებს გვაწვდის. ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია და „გაზპრომიდან“ შემოსული აირი საერთო მოცულობის 5%-მდე არის. მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის გარდა, „გაზპრომის“ მხრიდან დამატებითი გაზის მოწოდება საქართველოში არ შეწყვეტილა...
თუ ჩვენ გავეცნობით იმ მოცულობებს, რაც დღემდე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, სასაცილოა საუბარი „სოკარის“ ჩანაცვლებაზე და აზერბაიჯანის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, ეს გამორიცხული თემაა. ამას არც საქართველო იზამს და არც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დუშვებენ. ამავდროულად, ცალსახად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ „გაზპრომზე“ ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულება. მაგრამ კითხვა, უნდა ითანამშრომლოს თუ არა „გაზპრომთან“ ხელისუფლებამ, თავისთავად ვერ დაიბადება იმიტომ, რომ გინდა არ გინდა, საქართველოს ტერიტორიაზე გადის „გაზპრომის“ გაზი ტრანზიტად სომხეთისკენ. შენ ამ თანამშრომლობაზე უარს ვერ იტყვი. შენ ვერ ეტყვი მეზობელ სომხეთს, რომ მე ვკეტავ გაზსადებს, არ ვუშვებ რუსულ გაზს შენთან იმიტომ, რომ ეს არის „გაზპრომის“ გაზი. ეს თანამშრომლობა არსებობს და იარსებებს სულ მცირე იმ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამავე დროს, ამ თანამშრომლობისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე არ უნდა გახდეს“,- აცხადებს ლაგაზიძე.
ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ოფიციალურად არსებობს 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ „ენერჯი ინვესტის“ გენერალურ დირექტორთან, გენო მალაზონიასთან დადო. სახელმწიფოს მხრიდან ხელს ალექსანდრე ხეთაგური აწერდა. მაშინ მალაზონიამ ვალდებულება აიღო სახელმწიფოსთვის გაზი მიეწოდებინა და ამ გაზს თავად „გაზპრომისგან“ იღებდა. ყიდულობდა 1000 კუბს დაახლოებით 150 დოლარად და დაახლოებით 170 დოლარად ყიდდა. რაღა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, სადაური ბუნებრივი აირი იყო და რას ყიდულობდა, თუმცა ამის შესახემ არც მაშინ უთქვამთ რამე და არც ახლა. სამაგიეროდ, ის სხვაობა, ანუ 1000 კუბზე 20 დლოარი, რომელიც მოგების სახით მალაზონიას რჩებოდა, ნაციონალებმა ერთიანად ამოიღეს. როგორც გახსოვთ, ენერჯი ინვესტის შეფი დაიჭირეს და დაახლოებით 60 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაუშვეს.