არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს. როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, ეკა გიგაური „ახალ პოლიტიკურ ცენტრში“ გაწევრიანებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, პოლიტიკაში წასვლის მიზნით, „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წევრებს - პავლე კუბლაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძეს, გოგა ხაჩიძესა და ეკა გიგაურს შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა.
ყოფილი ნაციონალების გარდა, ეკა გიგაურის საკუთარ პოლიტიკურ გუნდში გაწევრიანება „თავისუფალ დემოკრატებსაც“ სურდათ და მხარეებს შორის მოლაპარაკებებიც წარიმართა, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, გიგაურმა არჩევანი „ახალ პოლიტიკურ ცენტრზე“ გააკეთა.
„ეკა გიგაური პოლიტიკაში წასვლის თაობაზე განცხადებას სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გააკეთებს“, - განუცხადეს for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში.
მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკაში ეკა გიგაურის წასვლა, ამის გარკვევას for.ge „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წევრებთან და თავად გიგაურთან შეეცადა. ა-ო „საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა for.ge-სთან საუბრისას არ დაადასტურა ინფორმაცია მისი პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით.
„ახალ პოლიტიკურ ცენტრის“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, პავლე კუბლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიგაურთან კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა, აქვე აცხადებს, რომ „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ არ გამორიცხავს არც ერთ იმ ადამიანთან თანამშრომლობას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებები და რომელსაც შეუძლია ახალი ენერგია შეიტანოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„სამწუხაროდ ვერ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ეკა ძალიან აქტიური ადამიანია, შეიძლება ინტერესი ჰქონდეს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ „ახალ პოლიტიკურ ცენტრთან“ მის კავშირის ვერანაირად ვერ გიდასტურებთ. არანაირი კონსულტაციები ამ ეტაპზე ეკასთან არ გვქონია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პავლე კუბლაშვილმა.
გიგაურის და „ახალ პოლიტიკური ცენტრის“ პოლიტიკურ ქორწინებას ლოგიკურ გადაწყვეტილებად აფასებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, თუკი გიგაურს გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკაში წასვლა, მისი ამ გუნდთან შეერთება ლოგიკურია.
„იმიტომ, რომ მენტალურად თავისუფალი ჯგუფები ქართულ პოლიტიკაში ამის გარდა არ მოიძებნებოდა. გიგაურის ბიოგრაფიაში არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ის არ იყო ბოლომდე მოწამლული ნაცი, მე მახსოვს მისგან კრიტიკა ნაციონალების მიმართაც. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“? - ეს გიგაურის გადასაწყვეტია.
ყველა აკეთებს პოლიტიკურ გათვლას, რადგან „თავისუფალი დემოკრატები“ არის აშკარად გამოკვეთილი ლიდერის პარტია, შესაბამისად, გიგაურის პოლიტიკური ამბიციები შეიძლება ალასანიას ჩრდილში ყოფნას არ გულისხმობს. ამ მხრივ ნედლი მასალა არის ეს ოთხეული და შესაბამისად, მას შეუძლია გახდეს უპირობო ლიდერი, რასაც „თავისუფალ დემოკრატებში“ ვერ მოახერხებდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.