სამართლიანობის აღდგენა, უფასო ფული, განახევრებული ენერგოტარიფები, უფასო ხვნა-თესვა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ფართოდ გახსნილი რუსული ბაზარი, სახელისუფლო შტოებს ჩამოშორებული ,,ნაციონალები”, პედაგოგებისთვის მომატებული ხელფასები, გაზრდილი პენსიები და ასე შემდეგ... რა დანაპირები შეასრულა და რა ვერა ,,ქართულმა ოცნებამ”, რატომ არ ივსება თბილისის ქუჩებში ,,ნარმანიას სახელობის ორმოები”, რა ხდება დედაქალაქის მერიაში, სადაც საპასუხისმგებლო პირები თანამდებობებს მასიურად ტოვებენ? - ,,ქართული სიტყვა” ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წელი გავიდა და შეპირებული ,,საუკეთესო” მეოთხე წელიც დადგა, მაგრამ წინსვლის მაგივრად, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ,,ოცნებას” თითქმის ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს...
- გეთანხმებით, რომ ,,ოცნებას” ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს და მათი უმრავლესობა საკუთარ თავზე “ოცნების” მიერვეა მოხვეული, ან ინიცირებული. დავიწყოთ იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილი და მხარდამჭერები, ყოფილნი და ახლანდელნი, მთავრობას საყვედურობენ, რათა მთავარი დანაპირები - სამართლიანობის აღდგენა არ შეასრულა, თუმცა ეს დაპირება მთლად არაა დავიწყებული და პროცესები ფრაგმენტულად ვითარდება, მაგრამ ეს ფრაგმენტები საზოგადოებას არ აკმაყოფილებს და აღიზიანებს... დამნაშავეთა დიდი ნაწილი დაუსჯელია, პასუხი კი, არსაიდანაა.
- თქვენი აზრით, საქმე რაშია? ხალხის ნდობითა და ზარ-ზეიმით მოსული ხელისუფლება პრობლემებს თავს რატომ ვერ ართმევს?
- მთავარი მიზეზი ისაა, რომ ,,ოცნების” მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ხალხის ნაწილი არაპროფესიონალია, ნაწილი კი, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვითაა დაკავებული.
- ისტორიულად დადასტურებულია, რომ რევოლუციურ მოძრაობებს იმ სპონტანული ლიდერების აღზევება სდევს, რომლებიც მიტინგების ორგანიზებას შესანიშნავად ახერხებენ, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში ნაკლებად გამოდგებიან. უვიცები ,,ნაციონალებსაც” ჰყავდათ...
- ,,ნაციონალებმა” მანკიერი, დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, რომელზე აგებული სახელმწიფო მანქანაც ხარვეზების გარეშე მუშაობდა. მოდით, ეს კონკრეტულად თბილისის მერიის მაგალითზე განვიხილოთ, ანუ იმაზე, რაც გიგი უგულავას მერობის დროს დედაქალაქში ხდებოდა.
- მაინც, რა ხდებოდა? - უგულავა აქტიური მერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, უბნებში დაჰქროდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ანხორციელებდა და ორმოებიდან მისი ფოტოები გვიმზერდა, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვისო...
- მაშინ ტოტალური ელიტური კორუფცია იყო, რაც თავისთავად დანაშაულებრივი სისტემის ნაწილია, მაგრამ სისტემა იყო და ის, რასაც ახლა თბილისის მერიის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებთან დაკავშირებით ბედავენ, წარმოუდგენელი გახლდათ.
- ზოგი ამბობს, რომ ნარმანიას მერია კორუფციულ გარიგებებში მეტისმეტად ადრე ჩაერთო. ჯოკია ბოდოკიას საქმე დღემდე არაა გამოძიებული...
- კორუფცია და ფულის მოპარვა დასჯადი უნდა იყოს. მთავარი, რასაც ნარმანიას საყვედურობენ, ისაა, რომ მასში ქარიზმას ვერ ხედავენ - ვერ დგამს ნაბიჯებს, რომელიც თბილისის გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს. მისი ერთი დანაპირებიც კი, პრაქტიკულად, არ შესრულებულა. ,,სითი პარკის” საქმე, რომელიც გიგი უგულავას ერთ-ერთი ბრალდებაა, ისევ ჰაერშია გამოკიდებული. არადა, ნარმანიამ ორი წელი ამ ორგანიზაციის მუქარაში გაატარა... უამრავი ინფრასტრუქტურული რეფორმაა დაწყებული, მაგრამ არ სრულდება. როცა პრემიერმა თბილისის მერს ტენდერების საკითხში გარკვევა მოსთხოვა, წინ სია დაუდეს - ტენდერების უმეტესობა წინა დღეებში სასწრაფო წესით იყო ჩატარებული. დავით ნარმანია დედაქალაქში სიტუაციას ვერ მართავს და ამის გამო მახინჯ წესებს ვიღებთ.
- ხალხის მიერ არჩეული მერი, როგორ ფიქრობთ, ქალაქს რატომ ვერ მართავს?
- პასუხი მარტივია: არ შეუძლია და ვერ მართავს. ბიძინა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა. როგორც თავად აღიარა, ქვეყნის პრეზიდენტისა და თბილისის მერის კანდიდატურების შერჩევაში შეცდა. სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა მრჩევლებს ყურს არ უგდებს.
- ბატონო მამუკა, დღეს თბილისში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და ქალაქი თავკომბალად იქცა. ამის გარეშეც, თბილისის მერობა საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეა...
- როცა ,,ოცნებამ” ნარმანიას კანდიდატურა დაასახელა, თბილისი დუღდა, ბევრი აქცენტს აკეთებდა, რომ ნარმანია თბილისელი არ იყო. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი თანამდებობის პირი უნდა იყოს ფიგურა, რომელსაც შეუძლია, კონკრეტულ სივრცეში პოლიტიკური, სამეურნეო და ეკონომიკური განვითარებისთვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც იმუშავებს. ნარმანიამ ეს ვერ შეძლო და კოჭებში ეტყობოდა, რომ ამის გამკეთებელი არ იყო. დრო დადგა, ბატონმა ბიძინამ მრჩევლებს ყური ახლა მაინც დაუგდოს და თბილისის მერი დროულად გადააყენოს.
- შესაძლოა, ეს არჩევნებამდე მოხდეს?
- რაც დრო გავა, ამ ჭაობში უფრო ღრმად ჩავეფლობით. ამიტომ, ეს ახლავე უნდა მოხდეს და არა - არჩევნების წინ. თბილისის მერი სასწრაფოდ, დროებითი შემცვლელით უნდა ჩაანაცვლონ, რომელიც ქალაქში სიტუაციას გამოასწორებს.
- როგორც ჩანს, ნარმანია სიტუაციის გამოსწორებას თავადაც ცდილობს: მერიის ჩინოვნიკები დააკავეს. ამბობენ, რომ თბილისის რაიონების გამგებლების გადადგომაც იგეგმება...
- რომ ვიცოდე, ეს ნარმანიას ხელით კეთდება, კი ბატონო. ვიფიქრებდი, რომ კაცმა ალღო აუღო, მერიის სამსახურების უფროსების გადაყენებითა და გამგებლების დასჯით საქმეს აკეთებს-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, ამას პრემიერის ხელით აკეთებს.
დავით ნარმანიას თბილისის მართვა არ გამოსდის, ირაკლი ღარიბაშვილი იძულებულია, ჩაერიოს, როგორც პრემიერი და როგორც იმ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვინც ეს არჩევნები მოიგო. ახლა სხვა გამოსავალი არაა, ნარმანია მთელი გუნდით უნდა გადადგეს.
- კახი კალაძის ცოლის ძმითურთ?
- დიახ, კალაძის ცოლის ძმითურთ.. სხვათა შორის, ეს საკითხი გადაწყვეტილია, გიორგი არეშიძე შვებულებაში გავიდა და იქიდან უკან დამბრუნებელი არაა.
- ამბობთ, რომ ნარმანია ჩიხშია, მაგრამ გადადგომას არ აპირებს და ,,ნაციონალებს” იქით უტევს: ,,გაიხედეთ უკან და დაინახეთ თქვენი წარსული... მოსახლეობის მიერ არჩეული მერი არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გადასაყენებელი ობიექტი”.
- იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წლების განმავლობაში, ოპოზიციაში იყვნენ, ხელისუფლებას საყვედურობენ და აკრიტიკებენ, საზოგადოება უსმენს. მათ ამის მორალური უფლებაც აქვთ, მაგრამ ,,ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც ოპოზიციას, ეს უფლება ნამდვილად არ აქვს. ზოგი დღევანდელი ჩინოვნიკის სახე წინა ხელისუფლების წარმომადგენლის სარკობრივი ანარეკლია. ,,ოცნების” კრიტიკით დაკავებულ ,,ნაციონალებს” მინდა, ვუთხრა: თქვენგან ისწავლეს! მათ ასეთი პასუხი აქვთ: ჩვენ არასწორად ვიქცეოდით, ამიტომ, არჩევნებში დავმარცხდით და თუ ასე გააგრძელებს, “ოცნებაც” დამარცხდებაო.
რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, საგანგაშო ვითარებაა. ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ ძალოვანი სტრუქტურები შემოირიგა, მათ ,,ნაციონალების” წინაშე ვალდებულებები აქვთ აღებული - თუ არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ კომპრომატები ამოქმედდება. ,,ნაციონალებზე” ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ვერ დაუკარგავ, რომ ნიჭიერი ხალხია, იცოდნენ, როგორ ემუშავათ და ვისზე რა საიდუმლო მასალის მოგროვება შეიძლებოდა.
- კომპრომატების შეგროვება ნიჭია, ბატონო მამუკა?
- ის, რაც ზურა ადეიშვილმა შექმნა - სისტემური დანაშაულებრივი მანქანა, რომელიც ნებისმიერ მათთვის საინტერესო პიროვნებაზე კომპრომატების შეკრებას, ერთიანი ბაზის შექმნას გულისხმობდა, ნიჭიერებაა, სხვა საქმეა, ამას როგორ გამოიყენებ.
- ეს ხომ “კაგებეშნიკური” მეთოდია?
- კომუნისტურია თუ ბოლშევიკური, არ მომწონს. დღეს საზოგადოებაში გამოკითხვა რომ ჩაატარო თემაზე - რა არის დემოკრატია? - ნებისმიერი გამოკითხული თუთიყუშივით დაზეპირებული სიტყვებით გიპასუხებთ, რომ ეს ხალხის მმართველობაა. სინამდვილეში, დემოკრატია საზოგადოებრივი კონტროლიცაა. პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივი კონტროლი არ მუშაობს იმიტომ კი არა, რომ საზოგადოებამ არ იცის, თუ რა უნდა, არამედ, ეს ევოლუციური პროცესია, რომელიც საზოგადოებამ ეტაპობრივად უნდა გაიაროს. საზოგადოებაში ჯერ კიდევ საბჭოური მენტალიტეტია გამჯდარი - იცის, რომ ხელისუფლების კონტროლი პრობლემებთანაა დაკავშირებული.
- ეს მენტალიტეტი ჩვენს თაობას აქვს, რომელმაც კომუნისტური წყობა გამოიარა და არა - ახალგაზრდებს.
- თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოური მენტალიტეტი ბევრ ახალგაზრდასაც აქვს. ახალგაზრდა თაობა გარდამავალ სიტუაციაში დაიბადა და ის განწყობები გადმოჰყვა. ბევრს ხელისუფლებისა და პოლიტიკის მიმართ, საერთოდ, ამორფული განწყობა აქვს ან, თუ ხელისუფლებას აკრიტიკებს, კრიტიკას ინსტიტუციური ხასიათი არ აქვს. ამ თაობის ნაწილი ხელისუფლებაშიცაა და მისი ქმედებები ზოგჯერ საბჭოური განწყობის შესაბამისია.
- დემოკრატიას ხშირად სრულ თავისუფლებასთან აიგივებენ...
- ამ შემთხვევაში, ჩვენ დემოკრატიის იმ ფორმაზე ვსაუბრობთ, რომელიც სახელმწიფოსა და სამეურნეო ფუნქციას ეხება. ცნობიერების შეცვლის გარკვეული პროცესი უნდა მოხდეს, რის მერეც ხელისუფლებასა და საზოგადოებას თავისი ფუნქცია-მოვალეობა ეცოდინება. ვიდრე აქამდე მივალთ, ისეთი ძლიერი სახელმწიფო ფუნქციონირებაა საჭირო, რომელიც საზოგადოებას ამას ასწავლის და სახელმწიფო საქმესაც არ დაღუპავს.
დღეს კი, სახეზე რა გვაქვს? - დემოკრატიის ზეობა, სრული თავისუფლება, რომელიც ქაოსთანაა ახლოს. E
- დემოკრატიამდე მისასვლელი გზა იმ გზაზე გრძელია, რომელიც კაცობრიობამ მაიმუნიდან ადამიანამდე გაიარა და რომელსაც ევოლუციას ვეძახით?
- არა, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში, შეგვიძლია, ეს პროცესი დავამოკლოთ.
- მოკლედ, ,,ოცნებამ” ,,ნაციონალების” დანაშაულებრივი სისტემა დაანგრია, მაგრამ ახალი ვერ ააშენა, არა?
- და კიდევ ერთი: ,,ოცნებას” ისეთი გუნდი არ აღმოაჩნდა, რომელიც საზოგადოებამდე თუნდაც იმის მიტანას მოახერხებს, რაც გაკეთდა.
- და რა გაკეთდა, ბატონო მამუკა?
- თავი დავანებოთ ჯანდაცვის თემას, რომელზეც მრავალჯერ ითქვა და დაიწერა. ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებითაც, მაგრამ ყველაფერ ამის გახმაურებას ვერ ახერხებენ, მაგრამ არ მკითხოთ, რატომო. პასუხი არ მაქვს.
- ყველაფერს აქვს მიზეზი და მიზანი...
- ,,ოცნების” მიერ პირადი ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული უწყებები სავსეა არაპროფესიონალი კადრებით, ბევრი მათგანი სამსახურის დაწყების მერე იწყებს იმ საქმის შესწავლას, რაზეც დაასაქმეს.
- გვახსოვს ,,ნაციონალების” ახალგაზრდა მინისტრები, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდიოდნენ და მერე, ისევ თანამდებობებზე ბრუნდებოდნენ...
- ეს საშინელებაა, ხელისუფლება ის სფეროა, სადაც მხოლოდ პროფესიონალი უნდა დასაქმდეს. მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა. ჩინოვნიკური აპარატი კი, წესით, მაღალპროფესიონალური კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, ის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა - რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლო ინტერესებით. ,,ოცნების” ხელისუფლებაში ყველა მიმართულებით არსებული პროფესიონალიზმის დეფიციტი ქვეყნის შიგნით და გარეთ პრობლემებს იწვევს.
- მოდით, ,,რუსთავი 2”-ის თემასაც შევეხოთ. მედიაზე ზეწოლას ყველა დროის ხელისუფლება ცდილობს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დაყადაღება მკვეთრად პოლიტიზირებულია...
- ,,რუსთავი 2”, შემოქმედებითი პოტენციალის თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი და ფლაგმანი ტელევიზიაა, მაგრამ პარტიულია. ძლიერი, მაღალტექნოლოგიური ტელევიზია ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა... ნიკა გვარამიას პიროვნულად არას ვერჩი, მაგრამ კაცი, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, ახლა ტელევიზიის მმართველია...
,,ნაციონალები” მოხერხებულად მოქმედებენ, საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან, რომ ტელეკომპანია დაიხურა, ამ დროს კი, წილების გადანაწილების პროცესი შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობას სულაც არ ეხება.
- წლებია, ,,რუსთავი 2”-ის წილები ხელიდან-ხელში გადადის...
- ტელეკომპანიის საქმეში სამართლიანობის აღდგენა პროცესებს შორს წაიყვანს, არც წინა მფლობელები, მაგალითად, ქიბარ ხალვაში იქნება მართალი, რადგან მტყუან-მართლის გარკვევა ძნელია. ,,ნაციონალები” ხან გაჰყვირიან, სასამართლოს არ ვენდობითო. თუკი არ ენდობიან, მაშინ რას ყვიროდნენ, მოსამართლეებს ვენდობითო?! როგორც აწყობთ, ისე აგებენ თამაშებს, ვინმე არც შემპასუხებელია და არც - გამკითხავი. არადა, ხელისუფლება, ანალიტიკური სამსახურების მეშვეობით, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოს, პიარი წინსწრებით უნდა ხდებოდეს. გაინტერესებთ, როგორ გააკეთებდა ყველაფერ ამას ,,ნაცმოძრაობა”?
- როგორ?
- ,,ნაციონალური მოძრაობა” შეთხზავდა საშინელ ამბავს დანაშაულებრივ, სიცრუის ტელევიზიაზე, მსოფლიოს გააგონებდა, რომ წილები იყიდება და ეს უკანონოდ ხდება და, უამრავი სატელევიზიო სიუჟეტის მერე, ტელეკომპანიას პირდაპირ დაარტყამდა.
- ისე, როგორც ,,იმედის” შემთხვევაში გააკეთა?
- ,,იმედის” კრიზისი მსოფლიომ გაიგო, მაგრამ ასეთი ქმედებებისთვის დრო არ ეყოთ, იძულებულნი გახდნენ, ძალოვანი სტრუქტურები აემოქმედებინათ - პირდაპირ დაერტყათ. სხვანაირად მოხდა ტელეკომპანიების - ,,იბერიას”, ,,მზეს”, ,,25-ე არხისა” და ,,პირველი სტერეოს” დაყადაღება-გადაფორმება.
- არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს...
- არასამთავრობოების ნაწილი ..ნაციონალების” ყოფილი ჩინოვნიკებისგანაა დაკომპლექტებული, რომელთაც მორალური უფლება არ აქვთ, უკანონო დაპატიმრებებზე ისაუბრონ. არასამთავრობოს მეორე ნაწილი, ანუ 50-60 პროცენტი რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ხელოვნურადაა შექმნილი, რათა მათი ნააზრევი გაახმიანოს და ინტერესები გაატაროს.
- მაინც, რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?
- შემიძლია, ჩამოვთვალო ქვეყანათა ჯგუფი, ცალკე დასავლეთის, ცალკე აზიური, არაბული, თურქული სპეცსამსახურები... ყველა მათგანი კონკრეტული ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. საქართველოში არიან დემოკრატიული პრინციპით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან.
- ისე, ხელისუფლებამ სამი ოდიოზური ფიგურისთვის ბრალის წაყენება ისე რატომ ვერ მოახერხა, რომ ამას პოლიტიკური შეკითხვები არ გაეჩინა?
- ამის მიზეზი სამართალდამცავ ორგანოებში მოკალათებული ,,ნაციონალების” საბოტაჟი, ,,ოცნების” არაპროფესიონალიზმი და შიშია.
- და ყველაფერი ეს საერთაშორისო სივრცეში როგორ გამოიყურება?
- საშინლად. ამის ნათელი მაგალითია კეზერაშვილის პროცესი. საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი მასალები, უბრალოდ, თავის მოჭრა იყო და მეტი არაფერი. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მეგობრები მეუბნებოდნენ, ისეთი შეგრძნებაა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, თითქოს საერთოდ არ არსებობსო. ფარატინა ქაღალდებით, რომლებიც ცენტრალური ამერიკის რომელიღაც ქვეყნის დონის დოკუმენტებს უფრო შეეფერება, კეზერაშვილისთვის ბრალის დამტკიცება შეუძლებელი იყო. ყველაფერი ეს ძალიან მძიმედ დამთავრდა, მთავარი კეზერაშვილის გათავისუფლება კი არა, არამედ, ის იყო, თუ როგორ წარსდგა ქართული მართლმსაჯულება ქვეყნის გარეთ ასეთ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე.
- როცა საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები გადის, ნუთუ, არ გვყავს გამორჩეული სპეციალისტი, რომელიც საბუთებს გადაამოწმებს?
- დასანანია, მაგრამ ასეთი დონის სპეციალისტები დღეს არსად ფუნქციონირებენ. არადა, წარსულში საქართველო ცნობილი იყო ნიჭიერი იურისტებით, პროკურორებით, მოსამართლეებით. მათ გადაცდომები, ალბათ, ექნებოდათ, მაგრამ პროფესიონალები იყვნენ. იმის თქმა მინდა, რომ ტრადიციები გვაქვს, ჯერ კიდევ ცოცხალია ის თაობა, რომელსაც კონსულტაციების გაწევა მაინც შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ რესურსის გამოყენება არავის აინტერესებს.
- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას შეიწყალებს?
- იმაში, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის არაჯანსაღი ურთიერთობაა, ორივეს ვადანაშაულებ. ამ სამეულის შეწყალება გიორგი მარგველაშვილისთვის საბედისწერო ნაბიჯი იქნება. ეს სამართლიანობის აღდგენის დემონსტრირება კი არა, ხელისუფლებისა და საზოგადოების სულში ჩაფურთხება, დემარში იქნება. არ მინდა დავიჯერო, საქართველოს პრეზიდენტად ხალხის მიერ ზარ-ზეიმით არჩეულ გიორგი მარგველაშვილს ეს საქციელი ამად უღირს. კონსტიტუციონალისტებს უჯობთ, მთავარი ფორმა მოძებნონ და ხალხს გააგებინონ, ვინაა სახელმწიფოს უფროსი.
- თქვენ გაიგეთ, ქვეყნის მმართველი ვინაა?
- Kკონსტიტუციას კარგად ვიცნობ, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, იქ იმდენი ბუნდოვანება და იმდენი გაურკვეველი საკითხია, რომ ვერც მე გავიგე, ეს ქვეყანა ვინ უნდა მართოს.
- არსებობს მოსაზრება, რომ ,,ნაციონალებმა” ეს ბუნდოვანება თავის დროზე სააკაშვილის გასაპრემიერებლად, ასე ვთქვათ, შექმნეს...
- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი პრემიერი რომ გამხდარიყო, მეორე წელსვე უფრო მეტ ძალაუფლებას მოითხოვდა და ამას მიაღწევდა კიდეც.