ვერეს ხეობაში შენობები აღარ აშენდება

ვერეს ხეობაში შენობები აღარ აშენდება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მდინარე ვერეს ხეობაში არავითარი მშენებლობა არ განხორციელდება. იგი დედაქალაქისთვის რეკრეაციული ზონად გადაკეთდება. რამდენადაც სტიქიის გამეორებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ მდინარის კალაპოტში შენობები აღარ აიგება.

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მყოფმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა დაადასტურა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობა არ დაიწყება და იქ რეკრეაციული ზონა მოეწყობა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამ საკითხს სწორედ ამგვარად უყურებს და სამომავლოდ ასეც არის დაგეგმილი. მან უარყო თითქოს მთავრობის სხდომაზე ვერეს ხეობაზე მშენებლობების გაგრძელების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

ჯავახიშვილის ინფორმაციით, მდინარის ხეობაში რა მშენებლობებიც წარმოებდა, უკანონო იყო.

„სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონოდა მანამდეც და სტიქიის შემდეგაც იქ არაფერი არ უნდა აშენდეს, მით უფრო, სტიქიის შემდეგ იქ არაფერი არ აშენდება. საშიშროება, დამცავ ნაგებობებს როგორ კარგადაც არ მოვაწყობთ, ყველა შემთხვევაში რჩება, მდინარის კალაპოტში რომ მშენებლობა არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვანია და დარწმუნებული იყავით, ხელისუფლება ამას ასეც მიხედავს“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

სხვათა შორის, ზუსტად ამგვარი დამოკიდებულება აქვთ თბილისელებსაც. NDI-ს კვლევაში მონაწილე პირთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვერეს ხეობაში ყველანაირი მშენებლობა უნდა აიკრძალოს და ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკი გაშენდეს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა მხოლოდ 17%, ხოლო 22-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

სულ სხვაგვარად უყურებენ ვერეს ხეობას და მისი განაშენიანების საკითხს საქართველოს ბიზნეს-პალატა და სამშენებლო ასოციაციები. ისინი ინიციატივით გამოდიან, რომ ვერეს ხეობაში ე.წ. ქართული მანჰეტენი აშენდეს. პროექტი გულისხმობს სასტუმროების, ბიზნესცენტრების, პარკისა და სარბენი ბილიკების მოწყობას. ახალ პროექტზე ბიზნეს-პალატა და სამშენებლო ასოციაციები ერთობლივად მუშაობენ. იგეგმება საცხოვრებელი კორპუსების, რეკრეაციული ზონის და ბიზნეს-თაუერის აშენება.

„ჩვენ მოვიწვიეთ უცხოელები და დავიწყეთ იმ პრობლემის კვლევა, რაც ვერეს ხეობაშია. გვაქვს ალტერანატიული პროექტი, ვიდრე არსებობს. რაში მდგომარეობს ამ პროექტის დედააზრი? - პატარა ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავის რეკრეაციული ზონით, დამბით, ნაპირსამაგრებით. სრული ანაზღაურებით იმ ზიანისა, რაც მიადგა მოსახლეობას. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს გამოხატული რეალურ დახმარებაში. არა ის, რომ ადამიანები გადავასახლოთ ვერედან ვარკეთილში, არამედ ყველაფერი დავუბრუნოთ, რაც წაართვა სტიქიამ. და თბილისსაც დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც ჰქონდა“, - განაცხადა ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 დოლარი. ბიზნესპალატა ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან აპირებს.

აღნიშნულ ინიციატივას მაშინვე მოქალაქეთა დიდი ნაწილის პროტესტი მოყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ვერეს ხეობაში ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია. ურბანისტებიცა და ეკოლოგებიც ეჭვის თვალით უყურებენ ბიზნეს-პალატის პროექტს. ისინი ხეობის რეკრეაციულ ზონად გადაკეთებას ემხრობიან და სამომავლო პროექტს დადებითად აფასებენ. ურბანისტების აზრით, აღნიშნულ ადგილას ნაგებობები შესაძლებელია იყოს, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის.