მართალია ქვეყნის უმთავრესი ავომაგისტრალი ჯერ ხაშურამდეც ვერ „ჩავიდა“ და რიკოთამდე მისასვლელად წლები დასჭირდება, მაგრამ მთავრობა უკვე აწყობებს გეგმებს ურთულესი მონაკვეთზე ავტობანის გასაყვანად. საუბარია ჩუმათელეთი-ზესტაფონის 56-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც კერძო ინვესტიციით უნდა აშენდეს და სამომავლოდ ფასიან გზად ჩამოყალიბდება.
ახალი მაგისტრალური მონაკვეთი ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პარალელურად იმოქმედებს უფასო ალტერნატიული გზაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაადასტურეს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზაზე ტარიფის დაწესება მხოლოდ ძველი (ანუ ამჟამინდელი) ინფრასტრუქტურის შენარჩუნების შემთხვევაში მოხდება. ამ კომბინაციით, ერთი მხრივ შესაძლებელი გახდება არსებული გზის განტვირთვა და მეორე მხრივ კი სატრანზიტო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს.
ამ ეტაპზე „უღელტეხილური მაგისტრალის“ მშენებლობით ჩინელები არიან დაინტერესებულნი.
„რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს. თუ ჩინელები დააბანდებენ ამ ინვესტიციას, გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინურ ტვირთებს ინტენსიურად გადაზიდავენ ჩვენი ავტობანის მეშვეობით. შეიძლება დავთანხმდეთ 30-დან 50 წლამდე მართვის უფლებით გადაცემას, თუკი გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, ის იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრი მაგისტრალის მშენებლობის პროექტზე ორი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. მისი თქმით, აქამდე დონორები რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის დაფინანსებაზე თავს იმ მოტივით იკავებდნენ, რომ ამ მონაკვეთზე ცოტა ავტომობილი გადაადგილდებოდა.
„ამიტომ თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები საქართველოს მიმართულებით წამოვა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრები სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც შედგა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რიკოთის უღელტეხილი და თბილისის შემოვლითი გზაა.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ჩინურ მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის.
„მათ შორის არის აბრეშუმის გზის ფონდი, აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მომართულნი იმისთვის, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქვეყნის ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული გზის გარდა, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
„ვმუშაობთ ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალ პროექტზეც. სამწუხაროდ, ის პროექტი, რომელიც არსებობდა, არ აღმოჩნდა საერთაშორისო კომპანიებისთვის ხელსაყრელი. ამიტომ ჩვენ იგი ახლიდან დავიწყეთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კონკრეტული დეტალები რიკოთზე გამავალი ავტომაგისტრალის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. დეტალები, სავარაუდოდ, ინვესტორებთან მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა.