ვინ ააშენებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ პორტთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული 2-3 კვირაში დასახელდება. რამდენად გამართლდება მინიტრის სიტყვა, მალე გამოჩნდება, რადგან აქამდე პორტის მშენებელი კომპანიაც ცნობილი უნდა იყოს და წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოებიც უნდა მიმდინარეობდეს.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. „როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იქ გაკეთდა რამდენიმე აქცენტი და მათ შორის ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ჩინეთის სახელმწიფოდან ამ პროექტს, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ორი კონსორციუმი გვყავს წარმოდგენილი და იქ არის არის ჩინური მხარეც. ჩვენ ველოდებით საბოლოო და საუკეთესო შემოთავაზებებს აღნიშნული კონსორციუმებიდან და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, 2-3 კვირაში უკვე საბოლოოდ დავასახელებთ გამარჯვებულს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პორტი ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია „აბრეშუმის გზის“ ინიციატივისათვის, რადგან აღნიშნულმა პორტმა უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.
წესით და რიგით კი, ინვესტორის შერჩევა ეკონომიკის სამინისტროს სექტემბრის ბოლომდე უნდა მოეხდინა, თუმცა უკვე ნათელია, რომ უწყებამ გაცხადებულ ვადაში კონსორციუმის შერჩევა ვერ მოასწრო.
„კვლავ მიმდინარეობს სამუშაო ხასიათის შეხვედრები კომპანიებთან, რომლებიც ე.წ. „მოკლე სიაში“ იყვნენ და ბოლო ეტაპზე გავიდნენ“, - აღნშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
ბოლო ეტაპზე კი ორი კონსორციუმია გასული: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ („თიბისი“ და „კონტი ჯგუფი“) და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და ფაუერ ჩაინა კონსორციუმი“ (ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული კონსორციუმი).
რამდენიმე თვის წინ კი ეკონომიკის მაშინდელი და აწ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამტკიცებდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2015 წელს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებდოდა, ვინაიდან გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზებას.
„პირველი ფაზა აშენდება სამ წელიწადში. წინასწარი გათვლით, ღირებულება 700 მილიონიდან, 800-900 მილიონ დოლარამდეა. მთლიანად ლოჯისტიკური და საწარმოო ზონის განვითარება კი რამდენიმე მილიარდიანი პროექტია და ვფიქრობ, ამ პროექტს შეუძლია მოიტანოს საქართველოში მომავალი 10 წლისთვის ძალინ ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, - აცხადებდა კვირიკაშვილი.
ამ გეგმის ამოქმედება ვერ მოხერხდა, შესწორებულის მიხედვით კი, პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში უნდა დაიწყოს და შვიდ ეტაპად განხორციელდეს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის მოცულობა წელიწადში 100 მილიონი ტონაა, თუმცა ამ სიმძლავრეზე გასვლას რამდენიმე ეტაპი დასჭირდება და იგი დაკავშირებული იქნება მშენებლობის პროცესთან.
როცა პორტის არსებული ტვირთბრუნვა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს მშენებლობის შემდეგი ეტაპი, ამიტომ მშენებლობის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის.