საარჩევნო წელს პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტსა და მთავრობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს აუცილებელია, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის პირველად ვარიანტში პენსიების მოსამატებლად არაფერი გაითვალისწინა.
პარლამენტში შეტანილ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსიების ზრდა მხოლოდ მთიან რეგიონის მოსახლეობას შეეხება და ისიც 2016 წლის სექტემბრიდან. ეს ამბავი მაშინვე გააპროტესტა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. მისი აზრით, პენსიის გაზრდის რესურსი საბიუჯეტო პროექტით რეალურად არსებობს, რადგან ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი გაზრდილია. დეპუტატმა ის მიმართულებები დაასახელა, საიდანაც რესურსების გამონახვა შესაძლებელია.
„ვფიქრობ, იმ რესურსით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, უნდა მოიძებნოს რესურსი, რომ მომავალ წელსაც მოხდეს პენსიების მატება. მიმდინარეობს ამ საკითხზე კონსულტაციები. ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა ნაჩქარევი განცხადება, როდესაც თქვა, რომ 2016 წელს პენსიები არ გაიზრდება. აღნიშნული საკითხი პარლამენტში, ყველა კომიტეტში ჯერ არ განხილულა. ამიტომ, ჯერ ასეთი განცხადება არასწორად მიმაჩნია.
ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია უკვე შეინიშნება, ქვეყანას, წინა წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლები ვალი აქვს გადასახდელი, 10-მილიარდიან ბიუჯეტში შეიძლება მოინახოს რესურსი, რომ ჩვენს პენსიონერებს შევუმსუბუქოთ ყოფითი მდგომარეობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტარებს სწრაფად დაეთანხმა და ერთობლივი მუშაობის სურვილიც გამოთქვა.
„წინასწარ ვერ ვიტყვით, რომელი კატეგორიისა და რა მიზნობრივი ჯგუფისთვის შეიძლება ზრდა, მაგრამ მუშაობა შესაძლებელია თქვენს კომიტეტთან ერთად. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობის ყველა წევრი უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. პრიორიტეტები ასარჩევია და რესურსი გადასანაწილებელია. კონკრეტულ ციფრებს ვერ ვიტყვით, მაგრამ სამუშაოდ მზად ვართ და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ თუ რომელი ჯგუფია პრიორიტეტული და რა პერიოდიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ცოტათი უფრო ადრე კი გიორგი კაკაურიძე აცხადებდა, რომ დღევანდელი ეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა პენსიის გაზრდის საშუალებას, ხოლო სამომავლოდ თუ ეკონომიკური პარამეტრები სწრაფად გაიზრდება, მაშინ პენსიის მომატებაც შესაძლებელი იქნება.
„დღევანდელი პარამეტრები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პენსია გაიზარდოს. თუ ჩვენ განვსაზღვრავთ, რომ ეკონომიკური პარამეტრები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წარმოდგენილ ბიუჯეტშია ნავარაუდევი, მაშინ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა იქნება“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიჩნევს, რომ პენსიები ჯანდაცვის დაფინანსების შემცირების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს, ეს სწორი არ იქნება. დეპუტატის განმარტებით, სწორედ ჯანდაცვაში ჩადებულმა თანხებმა მისცა ქვეყანას ის შედეგი, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იკლო და პენსიონერების რიცხვმა 40 000 ადამიანით მოიმატა.
„თუკი იქნება საშუალება, კარგია, რომ პენსიები გაიზარდოს, თუმცა არც ის იქნება სწორი, რომ ყველაფერი მხოლოდ სოციალური კუთხით გადავქაჩოთ და ამით მეორე მხარეს კრიზისი გამოვიწვიოთ. ბიუჯეტი ამჟამად კომიტეტებში განიხილება. თავმოყრილი შენიშვნები ჩვენს კომიტეტში იქნება წარმოდგენილი. დასკვნითი განხილვა 20 რიცხვში გაიმართება და შემეძლება უფრო დეტალურად ვისაუბრო იმ წინადადებებზე, რასაც კომიტეტი მთავრობას წარუდგენს.
პენსიონერების რიცხვის ზრდა და მათში სიკვდილიანობის დონის დაწევა, ალბათ, ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა. ამ მიმართულებით ჩადებულმა სახსრებმა ეს შედეგი მოგცვა. ჩვენ 40 000 კაცით მეტს უნდა გადავუხადოთ პენსია. ჩვენთვის მთავარი ადამიანია, ამიტომ თუ საშუალება არ იქნება, რაღაც ეტაპზე შეიძლება ზრდისგან თავი შევიკავოთ, რომ ჯანდაცვას სახსრები არ მოაკლდეს. ამ სახსრების შემცირება და ამის ხარჯზე პენსიის გაზრდა ისეთ ეფექტს ვერ მოგვცემს, რაც ჯანდაცვაში ჩადებულმა თანხებმა მოიტანა. სადმე არის თუ არა რესურსი, ამას შესწავლა უნდა“, - განაცხადა მეჭიაურმა.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც მიესალმება თუკი ბიუჯეტში უფრო მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება პენსიების გასაზრდელად.
„ჩვენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება მზად ვართ განვახორციელოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული გუნდში. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები იმას თუკი მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება პენსიების გასაზრდელად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.