ცემა-ტყეპა „ნაციონალების“ ახალ ოფისში

ცემა-ტყეპა „ნაციონალების“ ახალ ოფისში

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისედაც გამომპალი ძირი კიდევ უფრო მეტად ულპება. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დავით ბაქრაძემ დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ პარტია დატოვოს ვანის მჟორიტარმა პაატა ლჟავამ, აბაშის მაჟორიტრმა დავით დარცმელიძემ და თერჯოლის მაჟორიტარმა კახა ბუცხრიკიძემ. როგორც ავი ენები ამბობენ, ესენი ცოტა ხნის წინ გაქცეულებს შეუერთდებიან და საქართველოს პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს მოხდება „ისტორიული“ მოვლენა - შეიქმნება ახალი ფრაქცია. მართალია, დავით ბაქრაძე ამბობს, პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ, დღეს ძირითადად მაჟორიტარებს აშანტაჟებენ, უმცირესობის დატოვებას სთხოვენ, მე რიგგარეშე არჩევნებისთვის ვემზადები, დარწმუნებული ვარ, ხელისუფელბაში მალე დავბრუნდებითო, მაგრამ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ლირიკაა (აღარაფერს ვამბობ „ნაციონალურ“ ზღაპრებზე). ჯერ ერთი, ბაქრაძე არ გახლავთ ის „ჩიტი“, ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებოდეს (ხელისუფლება ამაზე რომც დასთანხმდეს, პროცედურულად მაინც 1 წელია საჭირო) და მეორეც - სწორედ ასე იგიჟებდნენ თავებს უკვე წასული ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ვემზადებით, რომელი პარტიის დატოვება, რა ატამი, რის ტყემალიო? მოკლედ, მაშინ როცა „ნაცმოძრაობაში“ ე.წ. ნაღები იხდება და იქ შედარებით დაბალი რანგის „სასტავი“ რჩება, ბუნებრივია, ქვედა რგოლებში იწყება რღვევა, ნერვიულობა, საქმეების გარჩევა და ხშირად გადადიან ცემა-ტყეპაზეც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალები“ შეკრებილთან „ახალ“ ოფისში (მოგეხსენებათ, რაც კახეთის ტრასასთან მდებარე ცენტრალური ოფისი გაყიდეს, ლაურა ღაჭავას „პარიზში“ იქირავეს ფართი), დაუბარებიათ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დაუწყიათ გარკვევა, რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ, რა „ბაგაჟი“ აქვთ, ვინ არის სანდო, ვინ არ არის სანდო, რა კუთხით არის სამუშაო ჩასატარებელი. როგორც „ალიას“ ინკოგნიტო წყარო უყვება, ამ შეკრებაზე „პარადი“ მიჰყავდა ნიკა მელიას, რომელსაც შეეპასუხა და თავისი შეხედულების გამართლება სცადა კრწანისის გამგებლის მოსდგილემ, ამჟამად ვაზისუბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომეო ფარულავამ: „ნიკა მელიამ ცოტა ხანს ითმინა და ბოლოს მაინც გაშალა მკლავი, ფარულავას გაჩერება მხოლოდ მუშტით და წიხლით შეძლო. ფარულავამ კი სცადა თავის დაცვა მაგრამ ბოლოს მაინც დაიბეგვა. ეს ის ტიპია, რომელიც 2013 წლამდე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე იყო და 2014 წლის თებერვალში ორი დღე ჰყავდათ მოდულის შენობაში დაკითხვაზე. ფარულავას დაბარება და მოწმის სტატუსით დაკითხვა კრწანისის გამგეობაში მის საქმიანობას უკავშირდებოდა. კერძოდ ის იმ შუალედური დასკვნის საფუძველზე დაიბარეს, რომელიც საკრებულოს კომისიამ მოამზადა და მაშინ „ნაციონალებმა“ ეს საქმეც, როგორც ყველა, პოლიტიკურ დევნად მონათლეს, გამგებლის ყოფილი მოადგილე ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან აქტიურობს და მისი გაჩუმება უნდათ, მან მთავრობა კორუფციასა და სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევაში არაერთხელ ამხილაო“

ინკოგნიტო წყაროს თქმით, „ნაციონალები“ უკვე ნერვებზე სხედან, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა ე.წ. ლიდერმა და რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებმა დასავლეთიდან, ისინი მაინც ხედავენ, როგორ იპარებიან პარტიიდან „მოაზროვნეები“ და როგორ ეშლებათ პარტია ცხვირწინ:

„მელია-ფარულავს დაპირისპირება არც პირველია და არც უკანასკნელი, „ნაციონალებში“ თითქმის ყველა შეკრებაზე ხდება მსგავსი ინციდენტი. ის კი არა, ამას წინათ თქვენ დაწერეთ, მათი დაცვის უფროსმა ოფისიდან ავეჯიც კი მოიპარა. ეტყობა, ეგონა, გადაბარგების დრო მოვიდა და ვერაფერს გაიგებენო, მაგრამ უკან მიატანინეს. გაიხსენეთ, როცა „ოთხეული“ წავიდა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ეს ჯერ კიდევ არაფერია, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ სამ ჯგუფად დაიშლება, გასაკვირიც იყო, აქამდე რომ არ დაიშალენო. რამდენიც არ უნდა იტრაბახონ, პარტიში დიდი პრობლემებია, იქიდან ფაქტობრივად გაძევებულია ბაჩანა ახალაიას „სასტავი“ მისი მეუღლის ანი ნადარეიშვილის მეთაურობით. ალბათ ამჩნევთ ეს ქალბატონი საერთოდ აღარ აქტიურობს. მათდა სამწუხაროდ, საქმეს მიშა მაჭავარიანის განცხადებები არ შველის. როდესაც გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ყვირის, საზოგადოებასთან შევთანხმდით, მილიარდელი საქართველოდან უნდა წავიდესო, მისივე  აქტივისტები კულუარებში ბუზღუნებენ, გზის ფული მაინც მოგვეცით, თორემ სახლებიდან ფეხს არ გამოვდგამთო. ძალიან ბევრი მათი აქტივისტი აღარ დადის აქციებზე... მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს „თავისუფალმა ზონამ“, ანუ კობა ხაბაზმა, ყველას, ვინც ცოტა მაინც აზროვნებს საკუთარი გვერდი გაუხსნეს და ასე ვთქვათ იქ უნდა იაქტიურონ დაუსწრებლად. თან თემებს აძლევენ, კონკრეტულად რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. „ნაციონალების“ ჭკუით, ასე აპირებენ საინფორმაციო ომის მოგებას. სვათა შორის, ეს რომეო ფარულავა ხშირად ჩაჰყავთ ხოლმე უკრაინაში, ის პარალელურად „თავისუფალი ზონის“ წევრიც გახლავთ და ბოლო დროს პარტიაში საკმაოდ „გაბლატავდა“. ნიკა მელიას ცემა გამოაჯანმრთელებს თუ არა ვერ გეტყვით.

„ალია“ კომეტარისთვის ნიკა მელიას დაუკავშირდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მან რომეო ფარულავას ცემის ფაქტი არ დაადასტურა:

„გილოცავთ სვეტიცხოვლობას... რა კომეტარი უნდა გავაკეთო ამ საკითხზე, მართლა არ ვიცი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ვის მოაქვს ასეთი ამბები, ადამიანურად მაინტერესებს. თუ მაინცდამაინც ამბის შეთხზვაა, რატომ უნდა მეცემა რომეო და არა ირაკლი, ან სხვა ვინმე? მართლა საინტერესოა, ვინ აბაზრებს ასეთ ამბებს“?

ნიკა მელია არ აკონკრეტებს, „ირაკლი“-ში ვის გულისხმობს, ღარიბაშვილს, სესიაშვილს თუ ფირცხალავას. ამ ქვეყანაში ბევრი ირაკლია... კახელების თქმისა არ იყოს, თუ ბატონი აუცილებელია, მაშინ ამ „თანამდებობაზე“ ჩვენი შაქრო დავნიშნოთო, თუ ცემა აუცილებელია, მაშინ ისევ „ჩვენს“ რომეოს ვცემოთ - ჯერ ერთი, ამის გაკეთება იოლია და მეორეც - ერთი ადგილით, რომ ჩამოვეკიდოთ მაინც არ იჩივლებს და შარში არ გავხვევს.