სტრატეგიულად სწორი ეკონომიკური ნაბიჯი თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო საჩუქარი ბიზნესისთვის

სტრატეგიულად სწორი ეკონომიკური ნაბიჯი თუ ხელისუფლების წინასაარჩევნო საჩუქარი ბიზნესისთვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ის დავალიანებები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა გასულია, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჩამოაწერეს. წლების განმავლობაში, 10 000 მეწარმეს, დაახლოებით, 1 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება დაუგროვდა, რაც ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ აპატია. ,,ვერსია'' შეეცადა გაერკვია, საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე ჩამოაწერეს კომპანიებს დავალიანება და კონკრეტულად ვის შეეხო ამ ტიპის ამნისტია - მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესს.    
,,ვერსია'' ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, თამარ ანდრიაძეს დაუკავშირდა: 
საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიიღო ფინანსთა სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება? 
- თქვენი კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, 2014 წლის 12 დეკემბერს, ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება; ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება. ზემოაღნიშნული არ შეეხება პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენას; გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის, ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/ დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა. 
- კონკრეტულად, რომელ კომპანიებს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება? 
- რაც შეეხება გადასახადის გადამხდელთა ჩამონათვალს, რომლებსაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ჩამოეწერათ საგადასახადო დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ეს ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება ,,ფაქტ-მეტრმაც'' გადაამოწმა და სამინისტროს რამდენიმე კითხვით მიმართა: 2013 წლიდან დღემდე, რამდენ საქმეს გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და რამდენ გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო ვალდებულება? 2010-2012 წლებში, რამდენ საქმეს გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და რამდენ გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო ვალდებულება? ჯამში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე, 9 392 გადამხდელს, 938 817 000 ლარის დავალიანება, ხოლო ,,ბ'' ქვეპუნქტით, 581 გადამხდელს, 4 388 000 ლარის დავალიანება ჩამოაწერეს. 2014 წლის 12 დეკემბერს, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტები ამოქმედდა. ამ საკანონმდებლო რეგულაციით, ორივე ქვეპუნქტის საშუალებით, 10 000-ზე მეტ პირს, ფინანსთა სამინისტრომ 1 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება ჩამოაწერა. რამდენად ლოგიკურია ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს პენსიონერებისთვის პენსიის მომატებაც კი უჭირს? რა ეკონომიკური ეფექტი აქვს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერას, თუ ამ ტიპის ამნისტიით მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენები ისარგებლებენ? გამოდის, მსხვილი ბიზნესის ფინანსური შემოწირულობა ,,ქართულ ოცნებას'' ისე სჭირდება, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საგადასახადო ამნისტია ლანგრით მიართვა? ეკონომიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ თუ კანონის წინაშე ყველა მეწარმე- სუბიექტის თანაბრობის პრინციპი დაირღვევა და მხოლოდ პროტექციონიზმით გადაწყდება, ვინ ისარგებლებს ამ შეღავათით, ცხადია, ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არაეფექტური იქნება. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა - მსხვილ, საშუალო თუ მცირე ბიზნესს, თუ მეწარმე ამ კანონის არეალში მოხვდება, სახელმწიფომ დავალიანება უნდა ჩამოაწეროს. 
ბატონო გია, სახელმწიფო პენსიასაც კი ვერ უზრდის პენსიონერებს და ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია? 
- ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში, ასეთ გადაწყვეტილებებს ობიექტური მიზეზები განაპირობებს და არა ის, რამდენად კარგია ან ცუდია მისი მიღება. ხშირად, როდესაც ამ ტიპის დავალიანება უპერსპექტივო და უიმედოა, ხელისუფლებას კი ამ თანხის ამოღების შანსი არ აქვს. შესაძლოა, სახელმწიფომ იძულების წესით მაინც ამოიღოს დავალიანება კომპანიებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ბიზნესის დახურვა მოჰყვება, რაც ეკონომიკას დაასუსტებს. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიზნესის განვითარების მიზნით, ასეთ სტიმულირებას სწორ ნაბიჯად ვთვლი. მთავარია, რომ ამ შემთხვევაში, სამართლიანობის პრინციპი დავიცვათ და კომპანიები სუბიექტური ფაქტორებით არ შევარჩიოთ, ანუ ამ შეღავათით, ბაზარზე მოქმედმა ყველა სუბიექტმა თანაბრად უნდა ისარგებლოს და აგიხსნით, რატომ. ერთს რომ აპატიებ და მეორეს არა, გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა უსამართლოა, კომპანიებს შორის, კონკურენტუნარიანობასაც დაასუსტებს. ერთ ფაქტს გაგახსენებთ, რომელიც სატელევიზიო ბაზარს ეხება, ხელისუფლება რამდენიმე ტელევიზიას მუდმივად ჩამოაწერდა ხოლმე დავალიანებას, მაგრამ ისეთი ტელევიზიებიც არსებობდნენ, რომლებზეც ამ შეღავათს არ ავრცელებდნენ, რაც სატელევიზიო ბაზარზე, არაჯანსაღ სიტუაციას ქმნიდა და ასეა ამ შემთხვევაშიც. დაკონკრეტება გამიჭირდება, რასთან გვაქვს საქმე, რადგან კომპანიების ჩამონათვალს არ ვიცნობ, თუმცა პრინციპი, რომ როდესაც სახელმწიფოს აქვს ალტერნატივა - ბიზნესი გააკოტროს თუ პირიქით, დავალიანება ჩამოაწეროს და მის განვითარებას ხელი შეუწყოს, სწორი და მისასალმებელია. მეტსაც გეტყვით, კომპანიიდან დავალიანება ძალით რომ ამოიღოთ, სოციალური თვალსაზრისით, ისეთ დიდ ზიანს არ მოგიტანთ, რამდენსაც ის ეკონომიკური ვარდნა, რაც კომპანიების გაკოტრებას მოჰყვება. 
- დაგიკონკრეტებთ, რომ კომპანიებს დავალიანებები საგადასახადო კოდექსის 309- მუხლის 37- ნაწილის ,,'', ,,'' და ,,'' ქვეპუნქტებით ჩამოაწერეს. ერთი შეხედვით, სამართლიანობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს, ,,'' და ,,'' ქვეპუნქტები - მსხვილ ბიზნესს, ,,'' ქვეპუნქტი კი - მცირე და საშუალოს ეხება, რადგან საკონტროლო- სალარო აპარატის გამოყენების წესი მსხვილმა ბიზნესმა კარგად იცის. თუმცა თუ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს თანაბრად აპატიებს, სახელმწიფო ამით რა ხეირს მიიღებს? 
- როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ კომპანიას ვალს პატიობს, ამით მას განვითარების საშუალებას უტოვებს ნაცვლად იმისა, ფუნქციონირება შეუწყვიტოს, რადგან ვალის გადახდის შემთხვევაში, ბევრი კომპანია კოტრდებოდა. ამ შემთხვევაში, სოციალური პრობლემაც ჩნდება და ეკონომიკურიც, სოციალური პრობლემა ის არის, რომ ბიზნესის დახურვის შემთხვევაში, გარკვეული ადამიანები უმუშევრად რჩებიან. რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემას, თუ კომპანიას ვალს აპატიებ და განვითარების საშუალებას მისცემ, გარკვეული დროის შემდეგ, მისი საქმიანობიდან მიღებული გადასახადებით, შესაძლოა, ეს ფული მაინც მიიღო. ერთ შემთხვევაში, კომპანია იხურება და მისგან ვერაფერს იღებ, მაგრამ თუ კომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას, ბუნებრივია, მიმდინარე გადასახადებს იხდის და თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა, გარკვეულ პერიოდში, იმ ვალსაც გადაფარავს, რაც ამ კომპანიას ჰქონდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ამნისტიაში ეკონომიკური ლოგიკა არის, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი სწორ მომენტში და სწორად გაკეთდეს. სახელმწიფომ მეწარმეებს მუდმივად არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ამნისტია კვლავ გამოცხადდება და ამიტომ დღეს გადასახადებს არ გადაიხდის. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ერთი მხრივ, ამ ინსტრუმენტის ხშირად გამოყენება არ შეიძლება, მეორე მხრივ კი გამორიცხული არ არის, გამოუყენებლობამ სახელმწიფოს ისეთი ზიანი მიაყენოს, რომლის კომპენსირებაც დავალიანების იძულების წესით ამოღებით ვერ შეძლოს. ხშირ შემთხვევაში, დავალიანების მქონე ბევრი კომპანიის აქტივები, მათი დავალიანებების ადეკვატური არ არის. იძულების წესით დავალიანების ამოღება ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, მეწარმეს ქონება ჩამოართვას და გაუყიდოს, მაგრამ შესაძლოა, ამ ქონების ღირებულება ბევრად ნაკლები იყოს, ვიდრე დავალიანება. ამდენად, ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება დროულია, მთავარია, სწორად შესრულდეს, რათა თანმდევი რისკები თავიდან ავიცილოთ. 
- როგორ უნდა დააზღვიოს ეს რისკი სახელმწიფომ, რომ ხვალ ან ზეგ ისევ არ დააგროვონ დავალიანება კომპანიებმა და იმედი არ ჰქონდეთ, რომ პირობითად, ერთ კვირაში, ისევ აპატიებენ? 
- ასეთი რისკის დაზღვევის ერთადერთი გზა ისაა, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. შესაბამისად, სახელმწიფომ ეს ნაბიჯი კარგად უნდა გაითვალოს და მხოლოდ ერთჯერადად გამოიყენოს. თეორიულად, ვერასდროს გამოვრიცხავთ, ასეთი ამნისტიის საჭიროება ოდესმე კიდევ გაჩნდეს, მაგრამ უმჯობესია, მას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. 
- როდესაც პრემიერ- მინისტრის მრჩეველი იყავით, ბევრ ბიზნესმენს ხვდებოდით. მართალია, ამ შეხვედრის მიზანი იმ კორუფციული სქემების გაშიფვრა იყო, რაც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა, მაგრამ საგადასახადო დავალიანებაზე თუ საუბრობდით მათთან? 
- საგადასახადო დავალიანებაზე განსაკუთრებით არ გვისაუბრია, მაგრამ ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ უმჯობესი იქნება, სახელმწიფომ თანხა ბიზნესიდან კი არ ამოიღოს, ეკონომიკაში ჩატოვოს და კომპანიებს ამ თანხის რეინვესტირების საშუალება დაუტოვოს. სხვათა შორის, ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრთანაც ხშირად მისაუბრია. სახელმწიფოს იმ პერიოდში, დიდი ოდენობით უნდა დაებრუნებინა კომპანიებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) ექსპორტიორი კომპანიებისთვის. ხშირად ვმსჯელობდით, სწრაფად დაებრუნებინა ეს ფული სახელმწიფოს ბიზნესისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამას საბიუჯეტო დაძაბულობის გამოწვევა შეეძლო, მიზანშეწონილად მიმაჩნდა, სახელმწიფოს მეტი თანხა დაეტოვებინა ბიზნესში, რათა ფული ბრუნვაში ყოფილიყო, სამუშაო ადგილები და ეკონომიკური კეთილდღეობა შექმნილიყო. ყოველთვის არ არის კარგი, როდესაც ქვეყანას დიდი ბიუჯეტი აქვს, რადგან დიდი ბიუჯეტი ჯანსაღ ეკონომიკას არ ნიშნავს. თუ ბიუჯეტში იმაზე მეტი ფული გაქვს, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური რესურსია, ამით ქვეყანას კი არ ავითარებ, პირიქით - აკნინებ. შესაბამისად, დიდი ბიუჯეტით სიამაყე, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, სწორი არ იყო, რადგან ეკონომიკაში საბრუნავ კაპიტალს არ ტოვებდა, რის გამოც ქვეყანა დაღმასვლით მიდიოდა. თვითონ კონცეფცია, რომ სადაც საშუალება გაქვს, იქ მეტი საბრუნავი თანხა დატოვო, სტრატეგიულად სწორი პოლიტიკაა. 
ნაციონალებისგან განსხვავებით, ოცნება დიდი ბიუჯეტით არ ტრაბახობს, მაგრამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ძირითადად, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში სრულდება და არა ხარჯვით ნაწილში. 
- მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბევრად ჰუმანურია და პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ინსტრუმენტებს არ იყენებს, ბიუჯეტთან დაკავშირებით, ეს ნაკლი ნამდვილად აქვს. ზოგიერთ ფინანსთა მინისტრს მოსწონს, როდესად სამინისტროს ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხაა და თავს მშვიდად გრძნობს. სინამდვილეში, ეს ძალიან ცუდია, რადგან ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ანგარიშზე უძრავად აქვს ფული, კარგი მინისტრი არ არის. ფული მუდმივად ბრუნვაში უნდა იყოს, ამიტომ მიდგომა, რომ თუ ფული გაჩნდა, ის მაშინვე ეკონომიკაში უნდა ჩააბრუნო, სწორია. დავალიანების შემთხვევაში, ბიზნესმენი არ დაახრჩო, რადგან ამით ვერაფერს მოიგებ - უმუშევართა რიცხვი გაიზრდება და ბიზნესი მოკვდება.