სქემა, რომლითაც ,,რუსთავი2''-ის სკანდალს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისთვის გამოიყენებენ!
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის გარშემო მიმდინარე პროცესი ჩიხში შედის. როგორც ჩანს, სადავო არხი მარტო ამ და შემდეგი კვირის მთავარი თემა კი არ იქნება, პოლიტიკურ დღის წესრიგს ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც შეუცვლის. ეს უკანასკნელი კი თავის სამოქმედო გეგმას მთლიანად ,,რუსთავი 2''-ზე ამყარებს. ამ თემაზე ,,ვერსია'' დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა და ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტე 13 ოქტომბერს არხის გენდირექტორის, გვარამიასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრამაც დაადასტურა. მანამდე კი ამავე პარტიებმა ,,რუსთავი 2''-ის და ზოგადად, მედიის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს. არხის გარშემო მიმდინარე პროცესი პოლიტიკური რომაა, არახალია. პროცესის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზებასა და ფაქტობრივად, მის ჩიხში შეყვანას კი ოპოზიციასთან ეს შეხვედრა და ამ თამაშში, ქიბარ ხალვაშის გარდა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენაც ადასტურებს.
12 პარტიით დაკომპლექტებულმა ე.წ. ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა არ შედის და ,,მეცამეტე გოჭად'' ეტმასნება, თავის პოლიტიკას გადახედა. ოპოზიცია მიხვდა, საარჩევნო კოდექსი ის საკითხი არ არის, რომლითაც პოლიტიკურ პროცესებში გარდატეხას შეიტანს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულ არ აღელვებს, არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდება თუ პროპორციულით. მიხვდნენ იმასაც, რომ თუ სურთ, ,,ნამდვილი'' და არა ,,სატელიტი'' ოპოზიციის იმიჯი დაიმკვიდრონ, უარი უნდა თქვან ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა შეთავაზებაზე, რესურსებზე და ეს პარტია საერთო ოპოზიციური მაგიდიდან ააგდონ. ნაციონალებთან დისტანცირების პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან ინტერპარტიული ჯგუფის უკლებლივ ყველა პარტიამ, ერთხმად გამორიცხა ნაციონალებთან ერთად აქციებზე გასვლა და ხელისუფლების ვადამდე გადადგომის მოთხოვნა. ასევე, ოპოზიციური სპექტრიდან არავის უპასუხია, გავლენ თუ არა ნაციონალებთან ერთად 17 ოქტომბერს კანცელარიის წინ, ,,გაზპრომის'' წინააღმდეგ დაანონსებულ აქციაზე. მაშინ რა არის მწვავე პოლიტიკური თემა, რომლის გარშემოც ოპოზიცია კონსოლიდირებასა და ხალხის აყოლიებას მოახერხებს - ,,რუსთავი 2''! ბოლო ინფორმაციით, ,,რუსთავი 2''-ის მეწილეებისა და ქიბარ ხალვაშის სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა 19 ოქტომბრამდე გადაიდო. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ,,რუსთავი 2''-ის შუამდგომლობა, სხდომის გადადების, მოსამართლის აცილებისა და საქმის მოსამართლეთა კოლეგიის განხილვის შესახებ არ დააკმაყოფილა. თუმცა არხის ადვოკატებმა სამხარაულის ბიუროს იმ ექსპერტის დაკითხვა მოითხოვეს, ვინც, ქიბარ ხალვაშის თქმით, ამტკიცებს, თითქოს მას ,,რუსთავი 2''-ის სანაცვლოდ იმაზე ნაკლები თანხა გადაუხადეს, ვიდრე კომპანია ღირდა. გარდა ამისა, საქმეში გაჩნდა დამატებითი დეტალები - გასაჯაროვდა მოსამართლე ურთმელიძის ოჯახის წევრთა შორის არსებული კონფლიქტის დეტალები და ისიც, რომ მოსამართლის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არხის ადვოკატები მოსამართლის აცილებას სწორედ იმ მოტივით მოითხოვენ, რომ მასზე ხელისუფლება ზეწოლას ახდენს და ,,რუსთავი 2''- თან მიმართებაში მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს. ,,ვერსიასთან'' საუბრისას, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები სასამართლო პროცესის დასრულებას ,,რუსთავი 2''-ის მენეჯმენტის დამარცხებით ვარაუდობენ. ამ სცენარზეა აწყობილი არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმაც, რომელიც 15 ოქტომბრიდან ნელ-ნელა ამოქმედდება და პიკს 19 ოქტომბრისთვის მიაღწევს. ,,ოცნების'' მიერ ,,რუსთავი 2''-ის ხელში ჩაგდება სწორედ ის საკითხი იქნება, რომელსაც ოპოზიცია ჩაეჭიდება. თუ ეს თემა მოკვდება, ოპოზიციაც ზედ დაყვებაო - ამ საკმაოდ ღია ტექსტით გვესაუბრა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სრული შეთანხმება ერთი პარტიის უპასუხობის გამო არ არსებობს. ოპოზიციური სცენარი ასეთია:
19 ოქტომბერს, თუკი სასამართლო პროცესი ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდება, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ნაციონალებისა და პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით, პარტაქტივის მობილიზებას ახდენს, ,,რუსთავი 2''-ის შენობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას იკავებს და ქიბარ ხალვაშს, მის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემს. ამ სცენარზე, ნინო ბურჯანაძიდან დაწყებული, შალვა ნათელაშვილით დასრულებული, ყველა ხელს აწერს. ამ დროისთვის, უცნობია მხოლოდ ერთი პარტიის, ,,თავისუფალი დემოკრატების'' პოზიცია. ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებს არ სწყალობს და მიაჩნია, რომ ,,რადიკალურის'' იმიჯი მისთვის წამგებიანი იქნება, - დასძენენ ოპოზიციის კულუარებში.
თუმცა ირაკლი ალასანიამ საჯარო განცხადება გააკეთა და დასძინა, რომ მისი პარტია ,,რუსთავი 2''-ს დაიცავს. შესათანხმებელი, ალბათ, მხოლოდ დაცვის ფორმებია. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციურ სპექტრში ჯენტლმენური შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის დეტალებზე პარტიებმა გასულ შაბათ- კვირას მოილაპარაკეს. ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო ნინო ბურჯანაძეც. ლოგიკურია იმის გახსენება, რომ ბურჯანაძეს, განსაკუთრებით, ავადსახსენებელი 26 მაისის შემდეგ, ტელეკომპანიის მიმართ დიდი სიმპათიები არ ჰქონია. მეტიც, იგი რამდენიმე მედიასაშუალებისთვის, მათ შორის ,,რუსთავი 2''-სთვის ჩივილსაც კი აპირებდა, თუმცა ეს ყველაფერი ახლა მეორე პლანზე ინაცვლებს, რადგან ბურჯანაძეს მასების ,,ამგდები'' თემა სჭირდება, ოპოზიციას კი ერთიანობა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რადიკალური ქალბატონი 26 მაისს რუსთაველზე მარტო დარჩა, რასაც ოპოზიციას დღემდე აყვედრიდა, თუმცა დღეს არჩევანი არცერთ მხარეს არ აქვს - გამოსავალი ერთად ყოფნასა და ერთი, პოპულარული თემის გარშემო აგორებული ტალღის ჩაბმაშია, ასეთი კი, ამ ეტაპზე, არც საარჩევნო კოდექსია და არც ,,გაზპრომი''. ოპოზიციას ,,რუსთავი 2''-ის იქეთ გზა არ აქვს! პირად საუბარში ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ ,,რუსთავი 2''-ის თემის ,,გახურება'' ოპოზიციისთვის წაუგებელი თამაშია. თუ სასამართლო განაჩენს არხის მენეჯმენტის წინააღმდეგ გამოიტანს, ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების დაცვას უვადო აქციებით გეგმავს.
გათვლილია ისიც, რა მოხდება, თუკი ხელისუფლებას მათი აქციის დარბევა მოუწევს. ოპოზიციას ამის არათუ ეშინია, პირიქით, დიდი სურვილიც ჰქონია, რადგან ეს ერთადერთი გზაა პოლიტიკური პროცესის ჩიხში შესაყვანად და ვადამდელი არჩევნების მოსათხოვნად. ამ გეგმაში პირველი ვიოლინოს როლი ნაციონალებს არ უნდა შეხვდეთ, რადგან ოპოზიციურ სპექტრს სურს, ,,მესამე ძალა'' დაირქვას ოცნება-ნაციონალების ორპოლუსიან პოლიტიკურ სეგმენტში.
ამ მოლაპარაკებებში ნაციონალები არ მონაწილეობენ. გათვლა კი იმაზეა, ოპოზიციამ ,,რუსთავი 2-ს'' მხარდამჭერი მაყურებელი, რომელსაც, როგორც ამომრჩეველს, გაცილებით მეტი სიმპათია ნაციონალების მიმართ აქვს, თავისკენ გადმოიბიროს. ოპოზიციის ფიქრების შესახებ ნაციონალებმაც რომ იციან, ამაში ორი აზრი არაა. გასაგებია ისიც, რომ დანარჩენი ოპოზიციის შემადგენლობა არცთუ შთამბეჭდავია, განსაკუთრებით, თუკი მათ რამდენიმე ნაწილად დავშლით. თუმცა წუთით დავუშვათ, რომ ოპოზიციამ გამონაკლისის სახით, გაერთიანება მოახერხა. მაშინ ასეთ სურათს ვიღებთ: ეროვნული დემოკრატები, ევროპელი დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ზურაბ ხარატიშვილის პარტია, კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, ქრისტიან- დემოკრატები, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღლონტის პარტია და მარადუკვდავი შალვა ნათელაშვილი. მხოლოდ ამ ხალხმა თავისი პარტიიდან 20-20 აქტივისტიც რომ წამოიყვანოს და უვადო აქციაზე დასხას, არც ისე უსუსურ შემადგენლობას მივიღებთ. თან, კუკავა- ბურჯანაძის გამოცდილებას თუ გავიხსენებთ ქუჩის აქციების ,,მართვაში'', შესაძლოა, ოპოზიციამ ,,ერთ პატარა დაშლასაც'' გამოკრას ხელი და მისიაც შესრულებული იქნება - დარბეული ოპოზიციის მთავარი სლოგანი გახდება ის, რომ ნაციონალების დარად, ,,ქართული ოცნებაც'' რეჟიმია! ახლა რაც შეეხება ორ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია იმოქმედებს: ამ სცენარის ნებისმიერი განვითარება ბოლოს მაინც არჩევნებია, ვადამდელი ან ვადიანი.
თუ ისე მოხდა, რომ ვითარება აირია და ,,რუსთავი 2''-მა ხელისუფლება გადაიყოლა, მაშინ ვადამდელ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია ერთიანი, დაახლოებით 10-პარტიული ბლოკით იქნება წარმოდგენილი. თუმცა ეს მხოლოდ ფორსაჟორის შემთხვევაში. ხოლო თუ პოლიტიკური ვითარება ჩაცხრა, მაშინ ოპოზიცია შეინარჩუნებს იდეურ ერთიანობას, უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდამდე და შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიშლება. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბლოკის შექმნაზე ერთმანეთში მხოლოდ პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, გოჩა ჯოჯუა, კახა კუკავა და ზურაბ ხარატიშვილი საუბრობენ.