პრესტიჟულობის სიმბოლო Maserati

პრესტიჟულობის სიმბოლო Maserati

მართალია, უკვე 75 წელია Maserati დამოუკიდებელი კომპანია არ არის, მაგრამ თავის განუმეორებელ თვითმყობადობას მაინც ინარჩუნებს. კომფორტული სპორტული ავტომობილების ეს განთქმული ბრენდი უდიდესი პოპულაობით სარგებლობს და პრესტიჟულობის სიმბოლო გახლავთ.

სპორტული წარსული

კომპანიის განვითარებაში თავისი წვლილი ექვსმა ძმამ მასერატიმ - კარლომ, ბინდომ, ალფიერიმ, მარიომ, ეტორემ და ერნესტომ შეიტანა. მათგან უფროსმა კარლომ შექმნა 1910 წელს Maserati-ის მარკის პირველი ავტომობილი, რომელიც ერთცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. 29 წლის კარლო უფრო სრულყოფილ მოდელზე მუშაობაც დაიწყო, მაგრამ ნაადრევმა სიკვდილმა არ დააცადა.

უფროსი ძმის საქმე ალფიერიმ გააგრძელა, რომელმაც 1914 წლის 14 დეკემბერს დააარსა კომპანია Officine Alfiere Maserati, რომლის საქმიანობის სფერო ძრავების, აალების სანთლების და ავტომობილების წარმოება გახლდათ. კომპანიის სათავო ოფისი ბოლონიაში მდებარეობდა, რომლის ცენტრალურ მოედანზე ჯიამბოლონის ქმნილება - ნეპტუნის სკულპტურა დგას. სწორედ მან შთააგონა მარიო მასერატი კომპანიის ლოგოტიპში სამკბილა გამოეყენებინა.

შემდგომი ათი წლის განმავლობაში კომპანიამ რამდენიმე საინტერესო მოდიფიკაციის ძრავი შექმნა, თუმცა, Maserati-ის, როგორც ფირმის და სავაჭრო მარკის ჭეშმარიტი დაბადება 1926 წლის 25 აპრილს შედგა, როცა ტარგა ფლორიოს ავტორბოლაზე შედგა კომპანიის პირველი სერიული ავტომობილის Maserati Gran Prix 1500-ის დებიუტი.

ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ახალი მოდელი თიპო 26, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. Maserati-ის, როგორც სპორტულ მარკას სახელი მთელს ევროპაში გაუვარდა. ჰოდა, ძმებმა გადაწყვიტეს აქცენტი სპორტულ ავტომობილებსა და ზემძლავრ ძრავებზე გაეკეთებინათ. 1929 წელს მრბოლელმა ბაკონინ ბორზაჩინიმ Tipo V4-ით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როცა საათში 246 კმ სისწრაფე

განავითარა.

1932 წელს ალფიერის გარდაცვალების შემდეგ კომპანიას სათავეში უმცროსი ძმა ერნესტო მაზერატი ჩაუდგა. სწორედ მან ევროპაში პირველმა შემოიღო სარბოლო ავტომობილებზე მუხრუჭების ჰიდროგამაძლიერებლების გამოყენება. 1938 წელს კი Maserati კომპანია Orsi Gruppo-ს შემადგენლობაში შევიდა. ეს ფირმის დამოუკიდებლობის და მასერატების მმართველობის დასასრული იყო.

მეორე მსოფლიო ომისას Maserati-ის ავტომობილების წარმოება შეჩერებული იყო. ომისშემდგომი პირველი მოდელი კი GT A6 1500 გახლდათ. მოგვიანებით გამოუშვეს მისი სამოქალაქო ვარიანტი. 1954 წელს Maserati 250F-მა არგენტინაში გამართული ფორმულა 1-ის ეტაპის გამარჯვებული გახდა. ზუსტად 3 წლის შემდეგ კი კომპანიამ სპორტული ავტომობილების წარმოებაზე უარი თქვა.

სწრაფი და ძვირფასი

იმავე, 1957 წელს წარმოდგენილ იქნა კომპანიის ბესტსელერი, პირველი სერიული მოდელი Maserati 3500GT. ოთხი წლის შემდეგ იგი ინჟექტორით აღიჭურვა და ამ მხრივ პირველი იტალიური ავტომობილი გახდა. აღნიშნული მოდელი 1964 წლამდე იწარმოებოდა და სულ 2500 ცალამდე იქნა გამოშვებული.

1963 წელი Maserati-ის ისტორიაში ძალზე მნიშვნელოვანი და მოვლენებით დატვირთული გახლდათ. გამოშვებული იქნა სპორტული სტილის მოდელი Sebring და ძვირფასი, კომფორტული ორი სედანი - Mistral და Quattroporte. ეს უკანასკნელი კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი წარმომადგენლობითი კლასის მოდელი გახლდათ. ერთი წლის შემდეგ კი გამოუშვეს კიდევ ერთი განთქმული მოდელი

Mexico.

1966 წელს გამოშვებულ იქნა შესანიშნავი კუპე Ghibli, რომელმაც ნამდვილი სენსაცია მოახდინა და კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა. ორი წლის შემდეგ Maserati-ის აქციების საკონტროლო პაკეტი ფრანგულმა Citroen-მა შეისყიდა. ფრანგულ-იტალიური ამ პარტნიორობის შედეგი გახლდათ მოდელები Indy, Merak და Khamsin. სხვა მხრივ ორი კომპანიის ალიანსს, რომელიც 1975 წლამდე

გაგრძელდა, შედეგი არ მოჰყოლია.

ამ პერიოდში კომპანიას სათავეში ალექსანდრო დე ტომაზო ჩაუდგა, რომელმაც კომპანიის სამოდელო რიგის განახლება დაიწყო, ახალი მარკეტინგი დანერგა და ბაზარზე ნიშის ძებნას შეუდგა. თავდაპირველად მან აქცენტი წარმომადგენლობითი კლასის ავტომობილებზე გააკეთა, შემდეგ, 80-იანი წლების დასაწყისში კი კვლავ სპორტულ სტილზე გადაერთო და მოდელი Biturbo გამოუშვა, რომელიც ჰიტად იცქა. მას მოჰყვა მოდელები Shamal და Karif და

კომპანიაში დე ტომაზოს ერაც დასრულდა.

1993-95 წლებში კონცერნმა Fiat-მა Maserati-ის აქციების პატარა-პატარა პაკეტებად შეიძინა და საბოლოოდ, მთლიანად ხელში ჩაიგდო. ორი წლის შემდეგ კონცერნის ხელმძვანელობამ ორი ქვეგანყოფილების - Maserati-ის და Ferrari-ის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

მეოცე საუკუნის ბოლოს და ახალი ათასწლეულის დასაწყისში განახლდა სამოდელო რიგი და გამოიკვეთა Maserati-ის ძვირფასი, წარმომადგენლობითი კლასის, მაგრამ ამავდროულად სპორტული, სწრაფი ავტომობილებისაკენ აქცენტი. ეს სტრატეგია ამჟამადაც არის შენარჩუნებული.