“ხათუნა კალმახელიძე თავისი სისატიკით ბაჩო ახალაიაა კუბში!”

“ხათუნა კალმახელიძე თავისი სისატიკით ბაჩო ახალაიაა კუბში!”






“სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მძიმე და გაუსაძლისი მდგომარეობაა და ამას ისიც მოწმობს, რომ წელს 142 პატიმარი გარდაიცვალა. პენიტენციალური სისტემის ის პიარი, რომელსაც ხათუნა კალმახელიძე აკეთებს, აბსოლუტურად ყალბია,” - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი ზაზა დავითაია.

ზაზა, მაინც რა ხდება გისოსებს მიღმა?
- ლამაზად შეღებილი კედლების მიღმა საშინელი მდგომარეობაა: პატიმრებს მორიგეობით სძინავთ. მართალია, უამრავი ციხე შენდება, მაგრამ იმდენ ხალხს იჭერენ, რომ საპატიმროების განტვირთვა არ ხდება. საერთოდ, მამაკაც პატიმარს ორნახევარი, ქალ პატიმარს კი 3 კვადრატული მეტრი ფართობი ეკუთნის... უძილობის გამო პატიმრებს ნევროზი უვითარდებათ, რომელიც ნერვულ და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. ციხეში, ძირითადად, ჯანმრთელი ადამიანი შედის, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ საკანში სიცოცხლე დაასრულოს, მით უმეტეს, თუ ხანგრძლივი სასჯელი აქვს მისჯილი.

ანუ, ბოლო დროს გაზარდილი პატიმრების სიკვდილიანობა ავადმყოფობითაა გამოწვეული?
- დიახ. ყოველ მეხუთე პატიმარი ტუბერკულოზითაა ავად. მართალა, ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, მაგრამ სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ტუბერკულოზით კვდებოდნენ. თუ პატიმარს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუუარესდა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ უწერია. საქმეს ისიც ართულებს, რომ საჭმელს ხშირად ერთი თეფშიდან ჭამენ. ერთი ჭიქიდან ჩაის დალევა კი პატიმრებისთვის ერთგვარი გართობაა - საკნებში ერთმანეთს სტუმრობენ, ჩაის ადუღებენ და 7-8 ადამიანი ერთი ჭიქიდან მიირთმევს. ე სკი დაავადების გავრცელების ნოყიერ წინაპირობაა. ერთ პიკანტურ თემას შევეხები და უფრო კონკრეტულად აგიხსნით, თუ როგორ ხდება ტუბერკულოზის გავრცელება: ტუბერკოლოზიანი ახველებს, ამოაქვს ნახველი... ნახველი შრება, მერე ქარი დაუბერავს და ტუბერკულოზის ჩხირები იფანტება და იქ მყოფი ყველა ადამიანი დიდი რისკის წინაშე დგას, რომ ტუბერკულოზით დაავადდეს.

თუ პატიმრებს არ მკურნალობენ, აბა, რა ფუნქცია აქვს ციხის საავადმყოფოს?
- ყველა ციხეს თავისი მინი-სტაციონარი აქვს, რომელსაც “ბალნიჩკას” ეძახიან, მაგრამ იქაურობა ისეა გადაჭედილი, რომ ახალი ავადმყოფის მიღება, პრაქტიკულად. ისე, “ბალნიჩკაზე” ყოფნაც უაზრობაა, რადგან სამედიცინო პერსონალს არ აქვს საშუალება, რომ ავადმყოფს კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოს. პატიმრების უმრავლოესობას დიაგნოზიც კი არ აქვს დასმული და ისე მკურნალობენ. არც ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა ხდება. ამიტომაა სიკვდილიანობის ფაქტები გახშირებული. მას მერე, რაც სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე გახდა, სიკვდილიანობის ფაქტები ორჯერ გაიზარდა და მხოლოდ წელს 142 პატიმარი დაიღუპა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა და რაც ამის მიღმა დგას, ეს კიდევ სხვა საკითხია. ხათუნა კალმახელიძე თავისი სისატიკით ბაჩო ახალაიაა კუბში!

პატიმრები ისევბალანდასჭამენ?
- დღევანდელ ციხეში პატიმარი შიმშილით ნამდვილად არ მოკვდება - იქ ისეთი კერძებია, როგორიც შეიძლება, თავისუფლებზე მყოფ ბევრ ადამიანს  არც ჰქონდეს, თუმცა ბოლო დროს პროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა. ამიტომ, მაგალითად, წიწიბურა საერთოდ ამოვარდა კვების რაციონიდან, სუპები უფრო წყალწყალა და უგემური გახდა, შაქარს შეზღუდულად გიყრიან ჩაიში. რძის პროდუქტების მიღება თითქმის არ ხდება, რაც კარიესს იწვევს. ამასთან, საკითხავია, რამდენად ხარისხიანია ის პროდუქტი, რასაც საპატიმროებში აჭმევენ?! საერთოდ, პატიმრების კვება ტაბუდადებული თემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცები პატიმრების უხარისხო პროდუქტით ჯიბეს ისქელებენ. ციხეში არის სუპერ-მარკეტები, სადაც პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ სიძვირეა და თუ ჭირისუფალმა პლასტიკურ ბარათზე თანხა არ ჩაურიცხა, პატიმარი სუპერ-მარკეტში ვერ შევა.

ზაზა, ციხის ადმინისტრაცია როგორ ეპყრობა პატიმრებს?
- პატიმრებზე ყოველდღე ხდება ფსიქიკური და ფიზიკური ზემოქმედებები. პირადად მე, საჭმელის მიღების შემდეგ, არაერთხელ მიგრძვნია მოთენთილობა, მაგრამ იმის მტკიცება არ შემიძლია, რომ პატიმრებს თითქოს პოტენციის დასაქვეითებელ აბებს აძლევენა, თუმცა გამორიცხული არაფერია. ისე, არსებობს ინფორმაცია, რომ პატიმრები საჭმელში რაღაც აბებს პოულობენ. ზოგადად, ადამიანზე ზემოქმედება ორგვარად - ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ხდება. მართალია, ღირსების შემლახავი და არასათანადო მოპყრობა წამების რანგშია აყვანილი, მაგრამ ასეთ ფაქტებს ქართულ ციხეებში ყოველდღე აქვს ადგილი. იქ პატიმარი  მდაბალ არსებადაა აღქმული, რომელსაც შეიძლება, ყველაფერი გაუბედო. ადამიანს ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა რომ აქვს და იხვეწება, საავადმყოფოში გადამიყვანეთ, წამალი მომეცითო და ამ თხოვნას ყურად არ იღებენ, ანუ როცა პატიმარი ტკივილით იტანჯება, ეს წამებაა, აბა, რა არის?! იმ პატიმრებს კი, ვინც ადმინისტრაციულ შინაგანაწესს არღვევს, სცემენ.Uუამრავი შემთხვევაა, როცა პატიმარი ცემის შედეგად გარდაიცვალა. როცა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაჰყავთ, ეტაპირებისას პატიმრებს 20-30-მეტრიან კორიდორში ატარებენ, აქეთ-იქიდან სპეცრაზმის ნიღბიანი წარმომადგენლები დგანან და პატიმრებს სრულიად უმიზეზოდ დაუნდობლად სცემენ. ესაა დაშინებაა და თუ ვინმემ გაბედა და იკითხა, რატომ მცემთო, ან პროტესტი გამოთქვა, მას უარესად მოხვდება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ასეთი ცემის შედეგად, პატიმარი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.

სპეცრაზმელები პატიმრებსდუბინკებითსცემენ?
- დიახ. ესაა პროფილაქტიკური ცემა, რომ პატიმარს მომავალში თავის დაცვის სურვილი არ გაუჩნდეს, ან ახლობლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან კრინტი არ დაძრას. საერთოდ, თუ ციხიდან ინფორმაცია გამოჟონავს, მაშინ ასეთ ფაქტებზე იურიდიული ზემოქმედება უნდა მოხდეს, ეს კი ციხის ადმინისტრაციას არ აწყობს.

ზაზა, ხომ არ გაქვს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით გარდაიცვალა ზემოხსენებული 142 პატიმარი?
- ნაწილი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ნაწილი - ფიზიკური ზეწოლის, ანუ ცემის შედეგად, ზოგს კი გულმა უმტყუნა. თითოეული ფაქტი გამოსაძიებელია, თუმცა გამოძიება სათანადო დონეზე არ ხდება. პატიმრების გარდაცვალების ფაქტებზე ისეთ დასკვნები “იდება”, რომელიც ციხის ადმინისტრაციასა და ზემდგომ ორგანოებს, როგორც იტყვიან, პირს წმენდს. ექსპერტიზის ბიუროები ხელისუფლების შანტაჟის ქვეშ არიან და ისეთ დასკვნას წერენ, როგორსაც უკარნახებენ. მეტსაც გეტყვით, პატიმრობის შესახებ კანონში წერია, რომ მძიმე ავადმყოფები სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას ექვემდებარებიან, მაგრამ ლამის აგონიაში მყოფ ავადმყოფებს ექსპერტიზა უწერს, რომ მათი მდგომარეობა საგანგაშო არაა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია! სწორედ ამიტომაა სიკვდილიანობაა მომატებული!  ავადმყოფ პატიმრებს არ აძლევენ საშულებას, რომ სული შინ დალიოს.

ციხეში სანიტარული ნორმებიც დარღვეულია, არა?
- საპყრობილეებში მკბენარების შემოსევაა - ტარაკანები და ბაღლინჯოები პატიმრების მეგობრები გახდნენ! მწერები ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადების გავრცელებას... საჭმლის დარიგებისას თავღია ქვაბით მოაქვთ თევზი და სხვა პროდუქტი...

ზაზა, პაემანებზე რას იტყვი?
- პაემანი ერთ დიდ ოთახში იმართება, სადაც შუშის კუპეებია, ანუ პატიმარი მნახველს ტელეფონით ელაპარაკება და საშუალება არ აქვს, რომ ხელით შეეხოს. ძალიან დამთრგუნველია, როცა ნახევარ მეტრში გიზის ახლობელი და მასთან შეხების უფლება არ გაქვს.

სამაგიეროდ, უკვე მზადაა .. სამვარსკვლავიანი ციხე, სადაც პატიმრებს ოჯახის წევრებთან განმარტოების საშუალება ექნებათ...
- კარგია, რომ გრძელვადიანი პაემნები იქნება, მაგრამ გრძელვადიანი, ანუ 24-საათიანი პაემანი წელიწადში მხოლოდ ორჯერაა დაშვებული. კაცს ცოლთან წელიწადში ორჯერ რომ ექნება სექსუალური ურთიერთობა, ამით ოჯახი შეინარჩუნდება? გრძელვადიანი პაემანი 60 ლარი ღირს, ძალიან ბევრი პატიმრის ოჯახს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, რადგან სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და ბევრი პატიმარი ვერ შეძლებს მეუღლესთან შეხვედრას. ადამიანს, რომელსაც 15 წელი აქვს მისჯილი, ციხიდან ისეთი დაუძლურებული გამოვა, რომ რესოციალიზაციის მაგივრად, ორმაგად დათრგუნული, გაბოროტებული და ღირსებაშელახული იქნება. სამწუხაროდ, ზოგს ციხიდან გამოსვლა არც უწერია. პატიმრების მიმართ ასეთი არაადამიანურად მოპყრობა მხოლოდ დანაშაულის მომატებას შეუწყობს ხელს და არა - შემცირებას.

ზაზა, სასჯელს რუსთავის ¹2 საპყრობილეში იხდიდი. ამბობენ, სხვა საპატიმროებთან შედარებით, იქ უკეთესი სიტუაციააო. ასეა?
- დიახ, ასეა, მაგრამ რუსთავის ¹2 საპყრობილეშიც კანონის ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი... პატიმარი ცხოველად კი არა, ადამიანად უნდა აღიქმებოდეს, რომელსაც შველა და დახმარება სჭირდება. გასაგებია, რომ ადამიანმა დააშავა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებობის საშუალება წაართვა?!