საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების გეგმა თავდაყირა დააყენა

საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლების გეგმა თავდაყირა დააყენა

საკონსტიტუციო სასამართლომ მოკლე ხანში ხელისუფლებას მეორე მწარე გაკვეთილი ჩაუტარა. სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახლადშექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. რა კონტრნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“, რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართვას, კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.

საკონსტუტიციო სასამართლოს პლენუმის 9-დან 5-მა წევრმა მიიჩნია, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საერთო საქმეს არ წაადგება, რადგან ზედამხედველობის სააგენტომ ფაქტობრივად მუშაობის დაწყება ვერ მოახერხა.

„არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, ეს უფრო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯის შთაბეჭდილებას ტოვებს. სააგენტომ, ფაქტობრივად, ვერ დაიწყო მუშაობა, მას ამის საშუალება არ მიეცა. ჯერჯერობით მხოლოდ ტექნიკური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას დათესავს საზოგადოებაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მთავრობა ამაზე ინფორმირებული არ ვარ“, - განაცხადა მეჭიაურმა.

მას მხარს უჭერს პარლამენტის დეპუტატი და კანონპროექტის თანაავტორი ნოდარ ებანოიძე.

„ეჭვი მეპარება, სერიოზული არგუმენტები არსებობდეს, რომ ჩვენ მიერ მიღებული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სასამართლომ მიიჩნია, რომ არის გარკვეული საფუძვლები იმისა, რომ პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელოს. ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს პოტენციური უფლებამოსილებების შესრულება ჯერ არ დაუწყია. ეს უფლებამოსილება ჯერ კვლავ ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდებოდა. მიმდინარე ეტაპზე ისინი საორგანიზაციო საკითხებს წყვეტდნენ და ამით არსობრივად არაფერი იცვლება.

იმედი მაქვს, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მოკლე ვადაში იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეჭვი მეპარება, სერიოზული არგუმენტები არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ მიღებული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით კარგ ხასიათზე არიან საკონსტიტუციო სასამართლოში მომჩივანები. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორს და სამართლიანს უწოდებს.

როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი სარჩელის წარმოებაში მიღებით დაადასტურა, რომ საქართველოში არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების რევიზიას ახდენენ.

„ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება ის, რომ კვლავ ეროვნული ბანკი გააგრძელებს თავის საქმიანობის შესრულებას, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა განსაზღვრული. ესაა სწორი, სამართლიანი და ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით ჩვენ და ელოდა საზოგადოება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე შექმნით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ჩვენს ქვეყანაში ისე მარტივად არ არის ყველაფერი, როგორც წარმოუდგენია ხელისუფლებას, რომელიც თავის თავზე ირგებს უამრავ გადაწყვეტილებას. არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ამას ძალიან სერიოზულ რევიზიას უკეთებენ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო მიერ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას გამართლებულად მიიჩნევს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი.

„აღნიშნულ პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული. ამ პროცესების მოწმე გახლავართ და სასამართლომ დამკითხა კიდეც. ჩემი არგუმენტები იყო ის, რომ თავად სააგენტოს მუშაობა მიმაჩნია არაკონსტიტუციურად. შეჩერება აუცილებელი იყო, რადგანაც რომ დაეწყო ამ სააგენტოს მუშაობა და მერე მომხდარიყო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, ეს ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევადა, წარმოშობდა უამრავ მოთხოვნას ზარალის ანაზღაურებაზე, რაც საბოლოო ჯამში, საბანკო სექტორს დაარტყამდა“, - აღნიშნა ბედინეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებამ მინიმუმ 4 თვეში და მაქსიმუმ 11 თვეში უნდა მიიღოს.