რა შარში გახვია ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანაგუნდელი და რატომ არ ააფრიალა ადეიშვილის მსხვერპლმა კომპრომატები ციხიდან გამოსვლის შემდეგ
დღემდე კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს, ციხეებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული არაერთი ადამიანი იჯდა. თანაც, აუცილებელი არ იყო, გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყავი - საკმარისი გახლდათ, რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის ღიად დაგეჭირათ მხარი, რომ კუდ-ი და სოდ-ი ნადირობას თქვენზე იწყებდა. ნადირობის სეზონი კი, თითქმის ყოველთვის ციხით სრულდებოდა. ერთი ბორჯომელი ბიჭი მახსოვს, ალბინოსი იყო, 26 მაისს რომ მომიტინგეები დაარბიეს, მაშინ შემოაგდეს გლდანის ციხეში. ალბინოსებს ღამით მხედველობა თითქმის ბოლომდე უქვეითდებათ და ამიტომ, ამ ბიჭს ვკითხეთ, რა უნდოდა მიტინგზე ღამით. მან ამოიხვნეშა და ჩუმად თქვა, ჩემს ძმას წავყევი, გინდა თუ არა წამოდიო, დაიჟინა და აგერ, ახლა აქ ვარ. გაქცევითაც ვერ გავიქეცი, ღამე ვერ ვხედავ, ჩემთვის ვიდექი. თავიდან ყურადღებას არავინ მაქცევდა, მერე კი შემამჩნიეს და იმდენი მირტყეს, თავზე კოპები ახლაც მაქვს...
არ გეგონოთ, ციხისთვის მხოლოდ მოწინააღმდეგეებს იმეტებდნენ. საკმარისი იყო, რამე შეშლოდა, არც საკუთარ თანაგუნდელებს ინდობდნენ. ეს კი ორმაგი სასჯელი იყო - ციხეში მოხვედრილი ნაციონალი პატიმრების სამიზნე ხდებოდა. შეიძლება, არ ეცემათ (ყოველდღე არ ეცემათ, თორემ ერთ გალახვას ვერ გადაურჩებოდა), მაგრამ დღეში ასი კაცი რომ შენს დანახვაზე ხმამაღლა და გამოთქმით იტყვის, ნაცების დედაც, მოქმედისიც და ყოფილებისაცო, არ არის მაინცდამაინც კარგი მოსასმენი...
ილია დ. რუსთავის #17 ზონაზე, მეორე სართულზე, ე.წ. ფაშისტების კამერაში იჯდა. გარედან ისე ჩანდა, რომ ყველასთან ძმაკაცობდა. სინამდვილეში ასე არ იყო და მას საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინოდა. რაც მთავარია, მაყურებლები და ,,ბლატატა'' არცთუ იშვიათად სთხოვდნენ ხან ბრენდული ტანსაცმლის შემოგზავნას და ხანაც ფრანგულ პარფიუმერიას, რაც ილიას, თითო ჯერზე, მინიმუმ ათასი ლარი უჯდებოდა, თუმცა ,,ჯიგრობდა'' და მაყურებლებს უარს ვერ ეუბნებოდა.
ერთ დღეს ზონაზე ჩოჩქოლი ატყდა - ილიას თბილისის რეგიონის მაყურებელი წაეკიდა და წაუთაქა კიდეც. ილიამ გააპროტესტა, ზონის მაყურებლებთან გაიქცა და... საბოლოოდ, ყველა ერთ კამერაში შეიკრიბა. პატიმარი #0578-იც იქ იყო და ინტერესით ელოდა მოვლენების განვითარებას. სხვა პატიმრებისგან იცოდა, რომ ილია მართალი იყო, მაგრამ თბილისის რეგიონის მაყურებელს ზონაზე წონა ჰქონდა და სიტყვა ეთქმოდა.
,,რა მოხდა?!'' - იკითხა ზონის მაყურებელმა.
,,კი იცი შენ, ,,ბალნიჩკისთვის'' წამლებს, კარაქსა და თაფლს ვაგროვებთ. ამ დებილს კიდევ ,,ობშჩიაკში'' არაფრის ჩადება არ უნდა. ჰოდა, დღეს რომ შევახსენე, წამეტლიკინა და წავუთაქე'', - დაასრულა რეგიონის მაყურებელმა.
,,კაცს ჯერ ხმა არ ამოუღია, შეურაცხყოფას რომ აყენებ და ზონაზე მაყურებლის გარეშე, მუშტი-კრივს რომ მართავ, მოსული პონტია?!'' - სანამ ილია რამეს იტყოდა, ხმა #0578-მა ამოიღო.
,,მომისმინე, ადრეც გითხარი, ეს კაცი ,,სხადნიაკებს'' და ,,რაზბორკებს'' ნუ ესწრება-თქო. არ არის კაი ბიჭი და აგერ, ბაზარში ჩაერია, მაყურებელს ,,ზამიჩანიას'' მაძლევს და...''
,,და შენ არ აძლევ ზონის მაყურებელს ახლა ,,ზამიჩანიას''? ადრეც გითხარიო, რომ ახსენებ?!'' - არ გაჩერდა #0578 და მაყურებელმაც იფეთქა: ,,ორივე გაჩუმდით. ახლა ილიამ იბაზროს. ადვოკატის გარეშე''. ამის მერე, მაყურებელმა ,,ადვოკატს'', ანუ #0578-ს გახედა და შენ მერე დაგელაპარაკებიო, უთხრა.
,,წინაზე, სიგარეტი რომ შეგროვდა, მითხრეს, გვაკლდებაო და ორი ბლოკი ჩადე, შემდეგ ,,ობშჩიაკზე'' აღარ შეგაწუხებთო. ჩავდე და ახლა ისევ მომადგნენ. არ გამოვა ასე. პირდაპირ ეთქვათ, ჯიგრულად, ახლა ამას რაღაც სხვა ფორმა აქვს, მატყუებენ ვითომ და თავს არ მოვიტყუებ'', - ილიამაც მოკლედ დაასრულა.
,,მორჩა ბაზარი, ეს კაცი ამ ობშჩიაკში აღარ შემოვა, დაიშალეთ, შენ და შენ კი დარჩით'', - თქვა მაყურებელმა და კამერაში სხვა რეგიონების მაყურებლებთან ერთად, პატიმარი #0578 და თბილისის რეგიონის მაყურებელიც დატოვა.
,,შენ მართლა თავს გაგივიდა. გოიმი დაჭერილი გვყავს, მშვიდად ვწველით და შენ კიდევ აღვიძებ. რა კარაქი და თაფლი აგიტყდა, მით უმეტეს, წინაზე გამოგირთმევია ამ ობშჩიაკის ოდენობაც. აღარ მოსთხოვო, აგვიყვირდება და სხვა ზონაზე წავა. ეს ერთი. მეორე - ,,ზამიჩანიები'' და ამბები რომ ამიტეხე, ადრეც გითხარი, ეს ჩემი ძმაა-მეთქი და სხვანაირად უმუშავებს თავი. რომ მოგწოლოდა, ხომ გხმარობდა ბაზარში წეღან? ამიტომ, მე ვწყვეტ, ვინ და სად დაესწრება. შენ კიდევ, შუა ბაზარში რომ ჩაერთვები ხოლმე და გოიმებს იცავ, ხმა აღარ ამოიღო. მე მითხარი, თუ რამე გინდა, გასაგებია?!'' - მკაცრად თქვა მაყურებელმა და ,,სხადნიაკიც'' მორჩა.
,,შენა და, აქ როგორ მოხვდი?!'' - პატიმარი #0578 ილიას კამერაში შევიდა და ნარზე ჩამოჯდა.
,,ბავშვობიდან აქა ვზივარ'', - გაიკრიჭა ილია, მაგრამ #0578-ის სერიოზულ სახეს რომ შეხედა, ჩუმად დაიწყო.
,,ზურა ადეიშვილთან ვმუშაობდი. ბევრი არაფერი, რიგითი თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ ზურასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და თუ სადმე რამე საინტერესო იჩითებოდა, საქმეში ვიყავი. მაგალითად, სადმე მიწის ნაკვეთი, ან რომელიმე შენობა. აუქციონში ვიღებდი მონაწილეობას, სხვა არავინ შემოდიოდა და მარტივად ვიგებდი. ერთხელაც ზურამ მითხრა, ზაჰესის ტერიტორიაზე 12 ჰექტარი მიწა იყიდება და უნდა იყიდოო. ჩვეულებრივი, ელექტრონული აუქციონი იყო. შევედი და ვიღაც ტიპმა ვაჭრობა გამართა. დავურეკე ზურას, ბოლომდე გაყევი, რაც უნდა დაგიჯდეს, იყიდეო. საბოლოოდ, რვაასი ათასად ვიყიდე. ზურასაც ვუთხარი და კარგი, გავარკვევო. საღამოს, სახლში ვიყავი, როცა პოლიცია მოვიდა და გამოგვყევიო, მითხრეს. მოდულის შენობაში მიმიყვანეს, წამითაქეს და აბა, ახლა თქვი, ვინ გითხრა მაგ ნაკვეთის ყიდვაო. რაღა თქმა უნდა, ხელი ადეიშვილისკენ გავიშვირე, მაგას დაურეკეთ და ყველაფერს გეტყვით-მეთქი. ოთახიდან გავიდნენ და რომ დაბრუნდნენ, კინაღამ ცემაში მომკლეს, რა ადეიშვილი, ვინ დაგავალაო. ადეიშვილთან შეხვედრა მოვითხოვე და მაგაზე ცალკე მცემეს. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ბოლოს ნაცნობი დავინახე. ამას მოვუყვები-მეთქი და ოთახში მარტო დაგვტოვეს. იმან ამიხსნა, რომ იმ მიწაზე თვალი ვანო მერაბიშვილს ჰქონდა დადგმული და ადეიშვილმა ეს იცოდა. ამის მიუხედავად, მე მავაჭრა და გამიმეტა, რა. თავად კი უარზე დადგა, რა მიწა, რის მიწა, ვუთხარი, ეგ მიწა ვანოსია და არ დამიჯერაო.
რა უნდა მექნა, ის ღამე ფიქრში გავატარე და დღისით გამომძიებელს ვუთხარი, ხომ ყველას უსმენთ, ჩემი და ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ამოიღეთ და ნახავთ, როგორ მეუბნება, ბოლომდე გაყევი-მეთქი. მაგაზე კიდევ მცემეს და ნაშუადღევს რაღაც საბუთი მომიტანეს, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის სქემაში მიმიღია თურმე მონაწილეობა და შვიდი წელი მომცეს. ის მიწა კი დავკარგე - მოგებული აუქციონის პირობებს აბა როგორ შევასრულებდი, ფული ადეიშვილს უნდა მოეცა. ვზივარ ახლა და ვიხდი სასჯელს, მაგრამ როცა იქნება, ხომ გავალ და ისეთ დოკუმენტებს დავდებ, ავაყირავებ ამ მთავრობას'', - იმუქრებოდა ილია.
* * *
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ილია ციხიდან მალე გავიდა და ევროპას მიაშურა, თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნდა. მუქარას რაც შეეხება... ილია დღეს ნაციონალების რიგებში ერთ-ერთი გავლენიანი წევრია და სავარაუდოდ, საპარლამენტო სიაშიც მოწინავე პოზიციებზე იქნება.
,,აბა რა მექნა, ,,ოცნებამ'' არ გამიკარა, იმათი ხარო და ისევ იმათთან მივედი'', - ასე იმართლა თავი ილიამ, როცა პატიმარმა #0578-მა გადაწყვეტილების მიზეზი ჰკითხა.
პატიმარი #0578