საქართველოს პოლიტიზირებული მოსახლეობა ამჯერად ახალი თარიღის მოლოდინშია - წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ დაანონსებულ 2 მაისამდე სულ რაღაც 3 დღე რჩება. საზოგადოებაში კი, ამ დღისადმი, საკმაოდ არაერთგვაროვანი მოლოდინია. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დღეს იწყება “ქრონიკული” საპროტესტო აქციები და “ბრძოლა გამარჯვებამდე”. რეალურად, როგორი იქნება 2 მაისი და რა გეგმები აქვს სახალხო კრებას? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე, “ვერსია” დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრს, ზაზა სოფრომაძეს ესაუბრება.
- ჯერ კიდევ სახალხო კრების თბილისის ორგანიზაციის შეკრებაზე განვაცხადეთ, რომ 2 მაისს სამომავლო სამოქმედო გეგმებს გამოვაცხადებთ. ასე რომ, ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, როგორი იქნება ეს დღე.
სახალხო კრების სახელით ვაცხადებ, 2 მაისს, არანაირი აქცია არ იგეგმება. ამ დღეს გავაცნობთ საზოგადოებას უახლოეს გეგმებს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება აქციების, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის თარიღის დასახელება. ეს იქნება სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს ბრიფინგი. ზოგადად, ამ დღის მიმართ ყალბ მოლოდინს ხელისუფლება აჩენს. ეს სახალხო კრების წინააღმდეგ კარგადდაგეგმილი ანტიპიარია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული მუხტი დღითიდღე მატულობს. სწორედ მის განსამუხტად ქმნიან ყალბ მოლოდინს. საწყენი კი ისაა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამას ხელს უწყობს ზოგი ვითომ ოპოზიციონერი.
რას გულისხმობთ?
- ბევრმა ნახა პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2 მაისს მოხდება იგივე, რაც 25 ნოემბერს მოხდა. ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, ადამიანებს ახლაც ისევე გაუწბილდებათ იმედი და გაუშვებენ სახლებში, როგორც 25 ნოემბერს მოხდაო. სამწუხაროა, რომ ადამიანები ასეთ ელემენტარულ რამეს ვერ იგებენ - 25 ნოემბერს, სახალხო კრება შედგა! მანამდე მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი არსებობდა. 25 ნოემბერს კრებამ მიიღო რიგი გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებას, დრო სჭირდებოდა. გავიდა ეს დრო. შემდეგი ეტაპი, კონკრეტულად, როგორ უნდა წარიმართოს და როგორ უნდა აღსრულდეს კრების გადაწყვეტილებები, სწორედ ეს გაცხადდება 2 მაისს.
მოსალოდნელია 2 მაისს საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა აიღოთ?
- ეს, პირველ რიგში, სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს პრეროგატივაა. ამ გადაწყვეტილებას საბჭოს წევრები მიიღებენ. პირადად მე, მგონია, რომ 2 მაისის შემდეგ დიდი პაუზა არ იქნება და პროცესი მალე გაგრძელდება.
ფიქრობთ, საზოგადოებაში არის საპროტესტო მუხტი? ან, არის ქვეყანაში სოციალური ფონი ისეთი მძიმე, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს?
- პირდაპირ ვაცხადებ, დღეს ქვეყანაში სოციალური ფონი არის ყველაზე მძიმე, რაც ამ წლების განმავლობაში ყოფილა. ეს მხოლოდ ექსპერტების შეფასება არაა. საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამას აცხადებენ. მაგალითად გამოდგება გაერო-ს დასკვნები, სადაც წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-მდე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. სამწუხაროდ, ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. პუნქტობრივად რომ განვიხილოთ, ყველგან საგანგაშო მდგომარეობაა. საშუალო პენსია, ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. სოციალური დახმარებების სისტემაშიც, 20-40%-მდე ცდომილება გვაქვს. მილიონამდე ადამიანია ამ ბაზაში, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ ღარიბები, შესაბამისად, დახმარების მიმღებთა რიცხვი ნელ-ნელა შემცირდებოდა. გაიხსენეთ არაერთი ჩავარდნილი პროექტი - 100 ახალი საავადმყოფო, იაფი დაზღვევის პროგრამა... მათ გამოსწორებას დღემდე წარუმატებლად ცდილობს ხელისუფლება, ათასგვარი ფსევდოპროექტით, რომლებსაც ასრულება არ უწერია. ანუ, საარსებო მინიმუმზე რამდენჯერმე ნაკლები პენსია, სოცდახმარებების გაუმართავი სისტემა, მიუწვდომელი სამედიცინო მომსახურება... ამას სხვა პრობლემებიც დაუმატეთ. მაგალითად ის, რომ ბევრი ადამიანი, ვინც დღეს არაა ღარიბთა სიაში, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფინანსური რეპრესიების მსხვერპლი შეიძლება გახდეს და აღმოჩნდეს მათ რიცხვში. ამ ფონზე, ვფიქრობ, ხალხი მზადაა საპროტესტო აქციებისთვის. რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ამაზე დღეს საუბარი ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ხალხი ხელისუფლების მხრიდან, უმძიმეს წნეხშია მოქცეული. ამ წნეხიდან გამოსვლას გარკვეული გამბედაობა მართლაც სჭირდება, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქით ხალხს ვერაფერი შეაჩერებს. ეს ზღვარი ახლოვდება!
და გგონიათ, ეს ზღვარი მაინცდამაინც ის თარიღი იქნება, რომელსაც სახალხო კრება ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების დღედ გამოაცხადებს?
- არა. ეს ზღვარი ის მდგომარეობაა, რომელიც ხელისუფლებამ მოსახლეობას შეუქმნა. თორემ, თარიღი რას წყვეტს? თარიღი გამოცხადდება, მაგრამ თუ ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში, არაფერი გამოვა. ხალხის გადასაწყვეტია: დაიცავს თავის უფლებებს? - ხელისუფლება იძულებული იქნება დაემორჩილოს მის ნებას. არ დაიცავს? - კი ბატონო, მაშინ ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვართ. ვიყოთ საყოველთაო განუკითხაობისა და ყოველდღიური დაცინვის პირობებში. რეალობა რომ ასეთია, ამას ამტკიცებს გირგვლიანის სასამართლო პროცესის შემდგომ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ცინიკური კომენტარები. სტრასბურგში ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გამოძიება იყო არადემოკრატიული, არაობიექტური, პრეზიდენტმა დამნაშავეები დაუსაბუთებლად შეიწყალა და სახელმწიფო ტოლერანტულია სიცოცხლისთვის საშიში მოქმედებების მიმართ. ამის შემდეგ თინა ბურჯალიანმა, აკო მინაშვილმა და სხვებმა, განაცხადეს - დარღვევებით რომ ჩატარებულიყო გამოძიება, 50 ათასს კი არ დაგვაკისრებდნენ, გამოძიების თავიდან ჩატარებას მოგვთხოვდნენო. გულწრფელად მინდა ვიკითხო, ეს ადამიანები ნორმალურები არიან? ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ? ან არ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება?
უნდათ და ცხოვრობენ კიდეც, მიუხედავად იმ “ზღვარის” მიახლოებისა, რომელიც ახსენეთ. ისე, საინტერესოა, თუ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და დღეს ძნელია იმის თქმა, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, სახალხო კრების წევრები რატომ აცხადებთ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთო?
- იმიტომ, რომ გვაქვს მოლოდინი - ხალხი დაიცავს თავის უფლებებს. ხალხის ენით და ხალხთან საუბრის მორალური უფლება კი, პირველ რიგში, აქვს სახალხო კრებას, რომელიც შემდგარია მოქალაქეების მიერ არჩეული დელეგატებით. სწორედ ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ხალხი წაჰყვება სახალხო კრებას. თავის მხრივ, “კრება” აღასრულებს ხალხის ნებას.
ხალხის ნება თქვენს მიერ ხსენებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა? ფიქრობთ, ადამიანები მზად არიან, მაგალითად, სიმწრითნაშოვნ სამსახურში მისვლაზე უარი თქვან?
- დაუმორჩილებლობაში ვგულისხმობთ ყველა იმ მეთოდს, რასაც ეს სიტყვა მოიცავს და რაც კონსტიტუციით ნებადართულია. მაპატიეთ, მაგრამ ნუ დავწვრილმანდებით ასე და ნუ დავიყვანთ დაუმორჩილებლობას მხოლოდ სამსახურის დაკარგვა-არდაკარგვის შიშამდე. დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ, ის ადამიანებიც, ვისაც დღეს სამსახურის დაკარგვის შიში აქვს, დადგებიან მათ გვერდით, ვისაც არ ეშინია.
მათ რიგებში, ვისაც არ ეშინია, ალბათ, “შეფიცულებსაც” გულისხმობთ. საინტერესოა, მომავალ პროცესში მათ რა როლი აკისრიათ.
- მათ რაიმე განსაკუთრებული როლი არ აქვთ. ბევრი ძალა ტყავიდან ძვრება და ცდილობს, გაავლოს პარალელები შეფიცულებსა და “მხედრიონს” შორის. არადა, კავშირი არ არსებობს. შეფიცულები არ არიან იარაღის მატარებელი ადამიანები და არც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან. შეფიცულები არიან, ასე დავარქვათ, სახალხო კრების ელიტური ნაწილი, რომლებიც ისეთივე მონაწილეები არიან ამ პროცესის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
აქციების დაწყებას სხვა პოლიტიკური ძალებიც აპირებენ. პარალელურ რეჟიმში მიმდინარე მსგავსი პროცესები, მიზნის მიღწევაში ხელს არ შეგიშლით?
- ამ ხელისუფლების ხელში არაფერია გამორიცხული. მათ შორის, არც ის, რომ ფსევდოოპოზიციის გარკვეული ნაწილი გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ. (დასამალი არ არის, რომ ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლება მართავს). სულ გვესმის, რომ ისინი რაღაც გამოსვლებს იწყებენ, მაგრამ ვერავინ, ვერაფერი დაიწყო. თუ ვინმეს, რამის დაწყება უნდა, წავიდნენ, ნაღდი გულით აკეთონ ეს საქმე, გახდნენ ფლაგმანები და ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. მაგრამ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, არ შეუძლიათ ამის გაკეთება, ასეთ გაშიფრულ ფსევდოოპოზიციონერებს ხალხი არ გაჰყვება. ჩვენ კი, უკვე დაწყებული გვაქვს პროცესი, ბევრი შემოგვიერთდა. ვინც არ შემოგვიერთდა, შეუძლია ეს ახლა, ან უახლოეს მომავალში გააკეთოს. ჩვენი კარი დაკეტილი არავისთვის იქნება, მით უმეტეს, კიდევ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
თქვენი კარი ღია ქართული პარტიის წარმომადგენლებისთვისაც იქნება, რომლებთანაც თქვენი პარტიის თავმჯდომარეს, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა აქვს?
- ბევრი ამბობს, მოდით შევარიგოთ ეს ძალები. იცით რა, ბურჯანაძის შერიგება-არშერიგებაზე არაა საქმე. ჩვენ არავისთან ჩხუბს არ ვაპირებთ. პასუხსაც, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვცემთ მათ. სახალხო კრება ხალხის ნების გამომხატველია. არავის აქვს უფლება, ვინმეს დაუშალოს შეუერთდეს ამ მოძრაობას. თუ ვინმეს უნდა ამ პროცესში მონაწილეობა, მივიდეს სახალხო კრებაში და დადგეს ამ ადამიანების გვერდით.
ბრძანეთ, ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელიო. ცხადია, ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ დაელოდება, ბრძოლას როგორ დაასრულებთ. უკვე არაერთ მოსალოდნელ პროვოკაციაზე გაკეთდა განცხადებები. საუბარი იყო ლიდერების დაპატიმრებაზეც. მოახერხებს კრება, პროცესი უმართავი არ გახდეს და პროვოკაციებს არ წამოეგოს?
- რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტები, არ წამოვეგოთ ხელისუფლების პროვოკაციებს. არის კონტრზომების მიღების საშუალებაც. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის, საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. პროვოკაციებს კი, დღესაც ხშირად ვაწყდებით. ათასგვარი პიარტექნოლოგიაა მიმართული სახალხო კრების წინააღმდეგ, მაგრამ ამას ვუმკლავდებით - ჩვენს მხარეს არის სიმართლე, რომელიც ყველაზე კარგი დამცველია.