თურქეთი რუსულ გაზს აღარ იყიდის

თურქეთი რუსულ გაზს აღარ იყიდის

„თუ ატომურ ელექტროსადგურ „აქუიუს“ რუსები არ ააშენებენ, მას სხვები ააშენებენ“, - აცხადებს რეჯიბ ტაიპ ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ თურქეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტოს. მეტიც, თურქეთი, რომელიც რუსული გაზის მთავარი მყიდველია, კრემლს ემუქრება, რომ მისგან რუსულ გაზს აღარ იყიდის. ერდოღანის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, თურქეთი გაზს სხვა ადგილებიდანაც მიიღებს, რაც მისივე თქმით, რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 და 4 ოქტომბერს რუსული სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ერდოღანის განცხადებით, მისთვის მოსკოვის განმარტებები მომხდართან დაკავშირებით არადამაჯერებელია, თუმცა რუს კოლეგასთან ინციდენტზე საუბარს ჯერჯერობით არ აპირებს.

თურქი პოლიტოლოგი, მელიკ ალკანი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იყენებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს.

„თურქეთის გავლით მოქმედებს რამდენიმე უმსხვილესი ენერგოპროექტი, რომელთაგანაც გამოსაყოფია სამი - ირან-თურქეთის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კირკუკ-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

ყველაზე ხშირად თავდასხმის ობიექტი ხდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც ხორციელდება ქურთთა მუშათა პარტიის დაჯგუფების მხრიდან. ამით დგინდება ის ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ენერგომატარებლებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს თურქეთზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“, - აცხადებს მელიკ ალკანი.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ გამოდინარე ერდოღანის პოლიტიკური ფიგურიდან, ის ვალდებული იყო დაეფიქსირებინა, რომ მისთვის უმთავრესი არის ეროვნული უსაფრთხოება, ვიდრე რუსული გაზი, თუ ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ცალსახაა, რომ რუსეთი იგნორირებას უკეთებს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ნებას, თუ ეროვნულ უსაფრთხოებას. თურქეთს ძალიან არ მოსწონს ის, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტის მხარეს იბრძვის და ებრძვის ასადის ოპოზიციას. თურქეთი არის სირიის მოსაზაღვრე ქვეყანა და სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიედ ჩართულია ამ კონფლიქტში.

თავისთავად, აქ გაცილებით მაღალია მათი ინტერესი და შესაბამისად, ეს განცხადება და საუბარია არა მარტო გაზზე, არამედ ზოგადად თურქულ-რუსული ურთიერთობების გადახედვის შესაძლებლობაზეც კი“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

რაც შეეხება თურქეთის მუქარას, რომ ის უარას იტყვის რუსული გაზის ყიდვაზე და ასევე შესაძლოა გაწყვიტოს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ რუსეთთან გაფორმებულ კონტრაქტი, მაჭავარიანის განცხადებით, ეს არის კონკრეტული გამაფრთხილებელი განცხადება.

„რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ ან ორ დღეში, ან თუნდაც რამოდენიმე თვეში. პირველ რიგში, რუსეთი დაინტერესებულია, რომ თურქეთის მეშვეობით, ან პირდაპირ თურქეთში გაიტანოს თავისი ბუნებრივი აირი. ამ თვალსაზრისით, ეს იძლევა გარკვეულ საფუძველს თურქეთსა და რუსეთს შორის საუბრის, დიალოგის და გარკვეული შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით.

რამდენად მოხერხდება ამას ვნახვათ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული კრიზისული სიტუაცია რეგიონში, სადაც თურქეთის და რუსეთის ინტერესები რეალურად დაეჯახება ერთმანეთს ახლო აღმოსავლეთში, რაც თავისთავად ჩვენთვის ძალიან საგულისხმო და ყურადსაღებია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა თურქეთს ჰყავს რამდენიმე მომწოდებელი - ეგვიპტე და ალჟირი. როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, აქ მთავარია არა თურქეთის მომარაგება, არამედ ენერგეტიკული ჰაბი, რადგან თურქეთს აქვს ამბიცია, რომ მისი მეშვეობით მოხდეს ევროპის ბაზრებზე გაზის მოწოდება, ამაზე უარის თქმა კი აზარალებს თავად თურქეთს.

„მთელი ის სტრატეგიული ხაზი, რაც ეჭირა აშშ-ს და მის მოკავშირეებს, რუსეთმა ერთ დღეში დაუყენა თავდაყირად და მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკური სურათი. აქედან გამომდინარე, ყველა ცდილობს რაღაცა ტიპის პრესინგი განახორციელოს რუსეთზე, მაგრამ ამ შემთხვევაში - „გაზს არ ვიყიდი“, - ჩემი აზრით, არაადეკვატური და ძალიან სუსტი არგუმენტია რუსეთის ამ ტაქტიკური გამარჯვების შესაჩერებლად.

ვფქირობ, რომ ერდოღანის განცხადება რუსეთისთვის არ არის შემაკავებელი ფაქტორი. შესაბამისად, ეს განცხადება ეფექტური ვერ იქნება. ცნობილია, რომ თურქეთის სტრატეგიული ამბიციაა, აღმოსავლეთიდან ევროპის ბაზრებზე გახდეს ენერგეტიკული ჰაბი გაზის მიწოდებაში და, საბოლოოდ, სწორედ, ეს ამბიცია დაიმარხება. ჩემი აზრით, ამით თურქეთი მეტად ზარალდება, ვიდრე რუსეთი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.