აზერბაიჯანულ გაზს კონკურენტები გამოუჩნდნენ

აზერბაიჯანულ გაზს კონკურენტები გამოუჩნდნენ

საქართველოს მთავრობა ბუნებრივი აირის იმპორტის დივერსიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს. ირანული გაზის საკითხის წინ წამოწევის შემდეგ, დიდი სისწრაფით გააქტიურდა რუსული აირის შემოტანის თემა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ბრიუსელში „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დეტალები გაახმაურა. როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, მან „გაზპრომის“ მენეჯმენტთან საქართველოს გავლით ბუნებრივი არის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობებზე და ასევე კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი არის შემოტანაზე იმსჯელა.

„ბრიუსელში „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ასეთი შეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით. ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა. საუბარი იყო მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე, რაც ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული, ხოლო ტრანზიტი - გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ“, - განაცხადა კალაძემ.

მანვე დაადასტურა, რომ საქართველოს ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა „რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები“.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ და რუსეთიდან შევძლებთ დამატებითი მოცულობის წამოღება, რასაკვირველია, კონკურენტულ ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანისდან მოწოდებულ ბუნებრივ აირს, მაშინ ნებისმიერ კომერციულ ობიექტს ექნება შესაძლებლობა რუსეთიდან გაზი წამოიღოს“, - განაცხადა მინისტრმა.

„ჯიბისის“ ინფორმაიით, ენერგეტიკის მინისტრი არ მალავს, რომ ხელისუფლება ირანიდან ბუნებრივი აირს შემოტანის გეგმაზეც აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ იაფიანი გაზი შემოვიტანოთ ირანიდანაც. ეს შეიძლება მოხდეს სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით. ვნახოთ, რაც უფრო მეტი დივერსიფიცირებული წყარო გვექნება, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის კუთხით, ეს მისასალმებელია და ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე.

ნებისმერი განვითარებული ქვეყანა ცდილობს მოახერხოს ენერგომატარებლების დივერსიფიცირება და მთელი ევროპა ამაზე მუშაობს“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

25 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული ენერგოგიგანტის ხელმძღვანელს ალექსეი მილერს შეხვდა. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია „გაზპრომის“ ოფიციალური ვებ-გვერდმა გაავრცელა.

საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა გაზის სფეროში.

„საუბარი იყო საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, ასევე მის ტრანზიტზე მესამე ქვეყნებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ინფორმაცია მაშინვე დაადასტურა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე საუბარი შეეხო სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხსაც.

„გაზპრომის“ მიერ საქართველოსთვის გაზის შესაძლო მიწოდების თემა დღის წესრიგში 2013 წლის მაისში დაისვა. მაშინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის მომწოდებლის დივერსიფიცირების აუცილებლობაზე ისაუბრა და მათ შორის რუსული გაზიც ახსენა.

„აზერბაიჯანი იყო და რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ კმაყოფილნი ვართ, რომ აზერბაიჯანიდან გაზს ვიღებთ ძალიან კარგი პირობებით. რაც შეეხება სხვა მომწოდებლებს, ეს შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ რუსები, არამედ ყაზახებიც. ალტერნატივა - ეს ნორმალურია, სწორედ ესაა მოწოდების დივერსიფიცირება“, - აღნიშნავდა კალაძე.

აზერბაიჯანის გარდა, საქართველო ამ ეტაპზე გაზს იღებს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგანაც. შესაძლოა ამ წყაროებს მალე რუსეთიც დაემატოს.