საპოლიციო გამოსახლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა გრძელდება

საპოლიციო გამოსახლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა გრძელდება

საპოლიციო გამოსახლების გაუქმების კანონის ირგვლივ განსხვავებულ აზრთა ფრქვევა გრძელდება. მოსახლეობისა და საფინანსო სექტორისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საუბარია პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს და მომხრეც.

საბანკო სექტორის წარმომადგენლები და იურისტების ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობის აზრს არ იზიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რეალურად არაფერი იცვლება - პირის გამოსახლება მაინც დადგება დღის წესრიგში, უბრალოდ, ეს პროცესი დროში გაიწელება.

„აქ საუბარია არა გამოსახლების გადაწყვეტილების შეცვლაზე, არამედ აღსრულების გასაჩივრებაზე. არ არსებობს სტატისტიკა, რომ სასამართლოს გაეუქმებინა გამოსახლების ფაქტი. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება.

ეს დაარტყამს მთლიან საკრედიტო ბაზარს და ამას მე და თქვენ მყისიერად, კანონის ძალაში შესვლისთანავე ვიგრძნობთ, როდესაც, მაგალითად, იპოთეკური სესხის გამოტანისას მოგვთხოვენ ბინის ღირებულების არა 30%-იან, არამედ 50%-იან თანამონაწილეობას. გარდა ამისა, გაგვიზრდიან სესხის განაკვეთს, რადგან უძრავი ნივთი აღარ იქნება ისეთი ლიკვიდური, როგორც ადრე იყო.

შესაბამისად, ბანკები უფრო მეტ უზრუნველყოფას მოითხოვენ კლიენტებისგან სესხის გაცემისას. ეს დაარტყამს დეველოპერულ ბიზნესსაც, რადგან ბინების გაყიდვის პრობლემა შეიქმნება. დაარტყამს გამქირავებლებსაც“, - აცხადებს იურისტი დავით კლდიაშვილი.

საპოლიციო გამოსახლების შესაძლო გაუქმებას არც „ქართუ ბანკში“ უჭერენ მხარს. ბანკის გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა აცხადებს, რომ იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას გულისხმობს, საბანკო სისტემაზე ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, გამოსახლების დროს სასამართლო დადგენილება უკვე არსებობს და ამის შემდეგ ისევ სასამართლოს ჩართვა, ძალიან უცნაურია.

„ძალიან ცუდი პროცედურაა, სასამართლოში ვართ მისული, შემდეგ მივდივართ სააღსრულებლოში, ამაში გვეხმარება პოლიციის რესურსი და რა გამოდის, ისევ სასამართლოში უნდა დავბრუნდეთ? გამოსახლების პროცედურა, უბრალოდ, ერთი საფეხურით იზრდება, ქვეყანაში ეს ცოტა მოქნილად უნდა იყოს. მოქალაქემ ბანკს სესხი უნდა დაუბრუნოს, მისი აქტივი არავის არაფერში სჭირდება.

ზოგადად, ბანკები მსესხებელთან სანამ მთლიანად არ ამოვწურავთ რესურსს, გამოსახლებამდე არ მივდივართ. მე არ ვიცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და დანარჩენი ორგანიზაციები ვინც დაფარვის წყაროებს საერთოდ არ თხოულობენ და ისე აკეთებენ ამ ყველაფერს, მათზე ვერ ვაგებ პასუხს, მაგრამ ბანკები ზოგადად, მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას სწავლობენ და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თანხა მიიღონ და არა აქტივი“, - აცხადებს ნატო ხაინდრავა „კომერსანტთან“ საუბრისას.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას შეფასებით, საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ბიზნეს სექტორზე, ასევე სამოქალაქო სექტორზე. პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით საბანკო ასოციაციას უამრავი შენიშვნა ჰქონდა და დღესაც აქვს.

„ეს არის ფუნდამენტური ცვლილება იმ პრინციპისა, რომელიც კანონმდებლობით დღეს მოქმედებს. არის უამრავი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უარყოფითი პოზიცია. წარმოდგენილი ცვლილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას როგორც ბიზნესსექტორზე, ისე სამოქალაქო სექტორზე. ამიტომ გამოითქვა მოსაზრება, რომ უნდა გადაიდოს კანონპროექტის მიღება გარკვეული ვადით და მოხდეს იმ პრინციპის დახვეწა, რისი მიღებაც პარლამენტს სურს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ გვასალიამ.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილებები დროში გაწელილია და სასამართლო კორპუსი წარმოდგენილი არ არის იმ ოდენობით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საქმის განხილვა სტანდარტულ ვადაში შეძლოს.

სამაგიეროდ, ახალ კანონპროექტს სრულ ნდობას უცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“. მათი იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული პრინციპი - ე.წ. საპოლიციო გამოსახლებები შეცვალოს და გამოსახლებები დაექვემდებაროს სასამართლო გადაწყვეტილებებს, გამართლებულია. ერთი მხრივ, ახალი რეგულაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარიხსს აამაღლებს, მეორე მხრივ კი, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, სადავო საკითხთან დაკავშირებით არა ქუჩაში, არამედ სასამართლო დარბაზში წარადგინონ არგუმენტაცია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც სასამართლომ განჩინებით შეაჩერა, სადავო ქონებიდან გამოსახლების პროცესი, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს განჩინებისა, ვანო მერაბიშვილის N747 ბრძანების საფუძველზე გამოსახლება მაინც განხორციელდა. შედეგად კი, ქონების მფლობელსა და მის ოჯახს დიდი ზიანი მიადგა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ქონებას თაღლითური გზით კარგავენ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რათა იდავონ საკუთარი ქონების დასაბრუნებლად“, - აცხადებს სალომე გოგლიძე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების პროცესი დასაშვებია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლთან, რომელიც ადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას.